Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 21 დეკემბერი. See content from before

ორშაბათი, 20 დეკემბერი 2010

მეგობარმა იმდენი იწუწუნა, დაბადების დღის გადახდას მინდა თავი ავარიდოო, რომ გადავწყვიტეთ, იმ დღეს იუბილართან ერთად გარეჯისთვის შეგვეფარებინა თავი. 6 უფროსი და 4 ბავშვი ორ მანქანაში გავნაწილდით.

დილას ექსპედიციის „ხელმძღვანელმა“ გამომიარა და მომახსენა, დიდძალი პროდუქტი შევიძინეო. პიკნიკისთვის მართლაც შთამბეჭდავად ჟღერდა: სამწვადე ხორცი, კალმახი, შებოლილი ქათმები, სხვადასხვანაირი ხაჭაპური, ლობიანი, პომიდორი და კარტოფილი. ამ დილაუთენია ამდენმა ხორაგმა ჩემზე დამთრგუნველად იმოქმედა. თანაც „ხელმძღვანელს“ საჭმელზე ლაპარაკისას სუნთქვა გაუხშირდა, თვალები ჩაუსისხლიანდა, პირზე დუჟი მოადგა და ორი ღოჯი გამოეზარდა.

ამასობაში მეორე მანქანიდან დაგვირეკეს, ქალაქის გასასვლელთან, ტრასაზე დაგელოდებითო. ვიფიქრე, იმიტომ დარეკეს, რომ იქიდან გარეჯამდე ერთად ვივლით-მეთქი, მაგრამ შევცდი: ქალაქიდან გასვლის წინ პროდუქტის მარაგი უნდა შეგვევსო!

ამ ფაქტთან დაკავშირებით ინტელიგენტურად გამოთქმული პროტესტი უკბილო ხუმრობად ჩამითვალეს, ამიტომ სხვებთან ერთად მეც შთავბერე სიცოცხლე საგარეუბნო „მარკეტს“. თანაც, მაინტერესებდა, კიდევ რა უნდა შეგვეძინა დღენახევრიანი პიკნიკისთვის.

სალაშქროდ გამოწყობილი, დანებით და მაჩეტეებით შეიარაღებული ფსევდო-აგრესიული მაჩოების დანახვაზე „მარკეტის“ თანამშრომლები მსუბუქად დაფრთხნენ, თუმცა მალევე დამშვიდდნენ. ეს სიმშვიდე უსაფუძვლო არ ყოფილა: ძალიან სწრაფად თაროების თითქმის მთელი შემადგენლობა სალაროსთან დახვავდა. ამჯერად ნადავლი ასეთი იყო: 20 კვერცხი, კარაქი, ზეთი, მარგარინი, მაიონეზი, ორნაირი ყველი, რამდენიმე ორლიტრიანი ბოთლი „კოკა“, „პეპსი“, „სპრაიტი“, ასევე სხვადასხვა ზომის „ბორჯომები“ და „ნაბეღლავები“, 40 ლიტრი წყალი და კიდევ რამდენიმე ბოთლი „ბახმარო“, ჩაი, ყავა, ორცხობილა, ნამცხვარი, ზეთისხილი, შაქრის ფხვნილი და ნატეხი შაქარიც (ბავშვებს გაუსწორდებათო), ტყემალი, კეტჩუპი, ერთჯერადი თეფშები და ჩანგლები, ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, ე.წ. ვერცხლის ქაღალდი და 12 პური. სასმელი არ შეგვიძენია, რადგან ღვინო, ჭაჭა და კონიაკი მეორე მანქანაში იდო.

როცა გაიაზრეს, რომ მთელი ეს დოვლათი მაღაზიას დატოვებდა, „მარკეტის“ ძლივს დამშვიდებულ თანამშრომლებს ისევ ნერვიულობა დაეტყოთ. ერთმა გვკითხა კიდეც, ხომ მშვიდობაა ქალქშიო. ჩვენი შემხედვარე, ომიანობა არა, მაგრამ ჯერომ ჯერომის „სამნი ერთ ნავში“ ნამდვილად გამახსენდა. აი, ის ადგილი, როცა სამი ჯენტლმენი პიკნიკზე წასასვლელად თავიანთ ნივთებთან ერთად სახლის წინ კებს ელოდება. მათ დანახვაზე უბნელი ბიჭი თავის მეგობარს გასძახებს, ჩვენი მეზობლები სხვა ბინაში გადადიანო.

მგზავრობამ მშვიდად ჩაიარა. ერთადერთხელ მოგვიხდა გაჩერება, როცა მეორე მანქანიდან დაგვირეკეს - პური შეიძლება არ გვეყოს და მაღაზიას თუ დაინახავთ, იყიდეთო.

დისლოკაციის ადგილზე თითქმის მისულები ვიყავით, რომ გზიდან გადავუხვიეთ და „სათევზაოდ“ გავეშურეთ. თევზაობის იდეა შემდეგში მდგომარეობდა: ექსპედიციის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილისთვის, სამი წლის ბიჭისთვის, რომელსაც ანკესი ჰქონდა წამოღებული, უნდა შეგვექმნა ილუზია, რომ დილას ნაყიდი კალმახი მისი დაჭერილი იყო. ამის გამო მოვძებნეთ ტალახიანი გუბე, რომელშიც თავმოყვარე ბაყაყი არ შევიდოდა და ბავშვს ვუთხარით, რომ ეს იყო ტბა. შემდეგ, მისგან მალულად, თევზი ანკესს წამოვაცვით, ტყლაპოში ჩავუშვით და ანკესი ბიჭს დავაჭერინეთ.

უცებ უფროსებმა ისეთი ბღავილი ატეხეს, თევზი, თევზიო, მამას რომ არ ემარჯვა, დამფრთხალ ბავშვს ანკესი გუბეში ჩაუვარდებოდა. ჰაერში მოქანავე ტალახში ამოსვრილი თევზის დანახვაზე, დიდი ჟრიამული, მილოცვები და ხვევნა-კოცნა ატყდა. მე კი სევდა შემომაწვა. რატომღაც მეგონა, რომ, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, გუბეში მოხვედრილი თევზი გაცოცხლდებოდა და მადლიერების ნიშნად რაიმე სურვილს ამისრულებდა - მაგალითად, სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას აღმიდგენდა. სინამდვილეში კი თევზი მეორედ დაიჭირეს, ისე, თითქოს ჩამოხრჩობილ ადამიანს თავი მოაჭრესო.

მძიმე ფიქრებიდან იუბილარმა დამიხსნა, რომელიც იმდენად მოენუსხა „სპექტაკლს“, ბავშვისა არ იყოს, მასაც ეგონა, რომ თევზი გუბეში დავიჭირეთ. ამ ამბავმა უფრო გამიფუჭა განწყობა: იმ დღეს იუბილარი 38 წლის გახდა.

აღტაცებული არც სუფრით დავრჩი. იმდღევანდელი განცდების შემდეგ თევზს პირს როგორ დავაკარებდი?! მწვადი ალაგ-ალაგ იყო შემწვარი, ვერცხლის ქაღალდში გახვეული კარტოფილი კი საერთოდ უმი გამოდგა, ამიტომ ღვინოს მივეძალე.

იმედებს მეორე დილაზე ვამყარებდი, რადგან დავით გარეჯის კლდეში გამოკვეთილი კელიების მონახულებას ადრიანადვე ვაპირებდით, რათა დროზე ჩამოვსულიყავით მთიდან და თბილისში დაბრუნებამდე დარჩენილი საჭმლის მარაგი აგვეთვისებინა.

აღმოჩნდა, რომ მე და იუბილარს ერთ ოთახში უნდა დაგვეძინა. ამ ცნობას სიხარულით შევეგებე, რადგან სიჩლუნგემდე უწყინარი და ჩუმი იუბილარი, მშვიდი ძილის გარანტად მივიჩნიე. მართლაც, მთელი ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გამაღვიძა.

უცნაურ ხმებს გამოსცემდა, მაგრამ ხვრინვა არ იყო. არ ეღვიძა, მაგრამ არც ეძინა, რადგან აშკარად კონფლიქტში იყო საკუთარ თავთან. ამ მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით, მუცელში ნაზად ჩავაზილე წიხლი, თუმცა საკმაოდ ძლიერად იმისთვის, რომ გამოფხიზლებულიყო. თურმე ვამპირები დასიზმრებია, რუსთაველზე დამდევდნენო. მე დავამშვიდე, რომ ტარანტინომაც ასე დაიწყო, ოღონდ დილაობით სიზმარში ნანახი ფურცელზე გადაჰქონდა და მერე ფილმებად აქცევდა-მეთქი.

მეორე დილას ვამპირების ამბავი „ხელმძღვანელს“ მოვუყევი. იმასაც ჩემნაირი რეაქცია ჰქონდა, ოღონდ იუბილარი როდრიგესად მონათლა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იუბილარის სიზმრის შთაგონების წყარო სულ სხვა ფილმი ყოფილა: წინა დღეს ნანახი, ნილ ჯორდანის „ინტერვიუ ვამპირთან“.

ეს აღიარება საკმარისად ჩავთვალეთ იმისთვის, რომ მისი ვამპირები დღის ჰიტად გვექცია. პირველ რიგში ავუხსენით, რომ მისი ასაკის, სოციალური სტატუსის და სექსუალური ორიენტაციის ადამიანს უნდა დაესიზმროს საწინააღმდეგო სქესის არსებები და არა ყოვლად უსქესო, ვულგარული ზომბები და ვამპირები. თანაც, მისი სიზმარი ისეთივე უგემოვნოა, როგორც პრეზიდენტის ქურთუკები (ჩვენ რუსეთის ვიგულისხმეთ, ოღონდ იუბილარისთვის არ დაგვიკონკრეტებია). როგორ შეიძლება, ადამიანს დაესიზმროს ჯორდანის ვამპირები, როცა ნანახი აქვს როდრიგეს\ტარანტინოს მშვენიერი ფილმი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ გასულ დღეს და ჩვენს ყოფნას გარეჯში.

ისევე, როგორც ჩვენს მოთხრობაში, ფილმშიც - „მზის ჩასვლიდან გარიჟრაჟამდე“ - მოქმედება გზისპირა „მარკეტში“ იწყება და პატარ-პატარა აბსურდული ისტორიებით მიემართება იქ, სადაც ვითარდება ჰოლივუდური საგზაო-საშინელებათა ფილმების 90 პროცენტი: აშშ-მექსიკის საზღვარზე. თვით ბოლო კადრიც კი, ზღაპრული მექსიკური საკულტო ნაგებობის ხედი, აშკარად იწვევდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, უდაბნოში მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ასოციაციას.

ამ განწყობით ავედით ფერდობზე კელიებთან და, ფაქტობრივად, აზერბაიჯანში აღმოვჩნდით, რადგან ეს ოხერი საზღვარი სწორედ მთის წვერზე გადის და არა ფუძეზე. „ხელმძღვანელს“ პრეტენზია აქვს, რომ გარეჯის სპეციალისტია, ამიტომ ჩვენი გიდობა იტვირთა, მაგრამ ბავშვების გარდა, არავინ უსმენდა. თუმცა, როცა პირველივე ქვაბულში საწნახელი და ბაგა ერთმანეთში აურია, ბავშვების ყურადღების გადატანით ხვლიკებისა და სხვა რეპტილიებისაკენ, ეს აუდიტორიაც წავართვი.

მოშორებით ჩვენი მესაზღვრეები დავინახე და გამოველაპარაკე. ნავთობის ერთი ჭაბურღილი რომ მქონდეს, მთელი ცხოვრება მეყოფა-მეთქი, ვეუბნებოდი, და ისეთ რაღაცებს ვეკითხებოდი, დაეჭვდნენ, ამას გაქცევა ხო არ უნდაო. მათი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აზერბაიჯანელი მესაზღვრეებისკენ - რომლებიც დურბინდით გვაკვირდებოდნენ - უცენზურო პოზაში დავდექი და ხელებითაც შესაბამისი ჟესტი გავაკეთე, მაგრამ ფეხი დამიცდა, დავგორდი და გრძნობა დავკარგე...

ეტყობა დიდხანს მივგორავდი, რადგან, როცა გრძნობა დამიბრუნდა, უდაბნოში ვეგდე, მაგრამ აღარც მეგობრები იყვნენ და არც მესაზღვრეები. სამაგიეროდ, უდაბნოზე გამავალი გზის ერთ მხარეს იდგა ჭაბურღილის კოშკი, რომელსაც ჩემი სახელი ეწერა, ხოლო მეორე მხარეს - კაფე წარწერით: „ნავთობმოდიფიცირებული პროდუქტები“.

ვერ მივხვდი, სად ვიყავი: ნავთობის მიხედვით - აზერბაიჯანში, ინგლისური წარწერებით - საქართველოში. კაფეშიც ინგლისურად ლაპარაკობდნენ და მენიუც ქართულ-აზერბაიჯანული იყო: სილურჯემდე შავი საფერავი და შავი ხიზილალა ზეთისხილისხელა მარცვლებით. მალე ჩემ დაბნეულობას ბოლო მოეღო. ბარმენმა მექსიკის პრეზიდენტის წერილი გადმომცა - შობას მილოცავდა და უდაბნოს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეპატიჟებოდა. იქ ჩასაღწევად კი თანამედროვე ტექნოლოგიურ შედევრს - ბენზინზე მომუშავე ავტომობილს მიგზავნიდა.

მანქანის მოსვლამდე ტელვიზორი ჩამირთეს. ქართულ-ამერიკული ფილმის - „საწოლში ვამპირთან“ - ტელეპრემიერა იყო. მესიამოვნა, მთავარ როლს ჩემი იუბილარი ასრულებდა. მთელი ფილმი ვამპირებს დასდევდა და როცა დაიჭერდა, გააუპატიურებდა და კლავდა. ბოლოს მთელ დედამიწაზე ერთიღა დარჩება, რომელსაც მადონა თამაშობდა. იმასაც გააუპატიურებს, მაგრამ მიხვდება, რომ სინამდვილეში მადონამ გააუპატიურა, მიხვდება, რომ ვამპირებთან ბრძოლა წაგებულია და თავს მოიკლავს. ძალიან დამაჯერებელი იყო.

ფილმის ბოლოს, რეკლამიდან გავიგე, რომ უკვე გადაუღიათ „საწოლში ვამპირთან 2“ და „საწოლში ვამპირთან 3“. მეორეში მადონას პარტნიორი შონ პენია, მესამეში - გაი რიჩი. საინტერესოა. ოლიმპიადიდან რომ ჩამოვალ, აუცილებლად ვნახავ.

მაგრამ, სად უნდა ჩამოვიდე?
მოსკოვში ჩასვლას ჩემთვის არა მხოლოდ სივრცეში გადაადგილების, არამედ წარსულში მოგზაურობის მნიშვნელობაც აქვს: ის არა მხოლოდ რუსეთის დედაქალაქია, არამედ იმ სახელმწიფოსიც, რომელშიც მე დავიბადე და რომლის მოქალაქეც 21 წლის მანძილზე ვიყავი. მოსკოვი არასდროს აღმიქვამს ჩემი სამშობლოს დედაქალაქად, მაგრამ საბჭოთა კავშირი ჩემთვის მშობლიური, ჩემი ბავშვობის ქვეყანა იყო, თავისი „Ну, погоди“-თ თუ „В гостях у сказки“-თ, „მაროჟნით“ და „დათუნია“ შოკოლადით, რომელიც ყველაზე გემრიელი მხოლოდ მოსკოვში მოიპოვებოდა. მე მთელი ბავშვობისა თუ მოზარდობის ასაკში ძალიან მრცხვენოდა, რომ, განსხვავებით ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობრისაგან, მოსკოვში არ ვიყავი ნამყოფი. „დედაქალაქში“ ჩასვლაც პირველად მხოლოდ მაშინღა მოვახერხე, როდესაც ის ჩემი ქვეყნის დედაქალაქი აღარ იყო. მაგრამ მოსკოვი, კერძოდ კი პუშკინის ძეგლი, სრულიად შემთხვევით ჩემი პირველი დიდი სასიყვარულო ისტორიის ხსოვნის ადგილად იქცა და ამიტომ რიტუალივითა მაქვს მოსკოვში ყოფნისას ამ მიდამოების მოხილვა. ახლა კი მოსკოვი იმ სახელმწიფოს ცენტრია, რომელიც საქართველოსთან „ცივი ომის“ მდგომარეობაში იმყოფება, ამიტომაც ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელთან ერთადაც მოსკოვში ოთხი დღით ვიყავი, ჩვენს მოგზაურობას ინგლისური კინოკომედიის სახელი, „მისტერ პიტკინი მტრის ზურგში“ უწოდა.

მოსკოვში ჩვენი მასპინძელი იყო რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტი, რომელმაც მერაბ მამარდაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მიგვიწვია. ფილოსოფიის ინსტიტუტის გასწვრივ მდებარეობს ახალი მოსკოვის ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა – Храм Христа Спасителя (ქრისტე-მაცხოვრის ტაძარი), რომელსაც პოპულარულმა რუსმა მწერალმა ვიქტორ პელევინმა Храм Христа Спасателя (ქრისტე-მაშველის ტაძარი) უწოდა. ეს ტაძარი ნაპოლეონზე გამარჯვების აღსანიშნავად აიგო, შემდეგ კი 1931 წელს დაანგრიეს „საბჭოების სასახლის“ ასაშენებლად, რომლის მშენებლობაც ვერ მოხერხდა და უკვე ელცინის რუსეთში ტაძრის რეკონსტრუქციას შეუდგნენ. ჩემი განცვიფრება კი თეთრი მარმარილოს ფასადებზე სპილენძის ბარელიეფებმა გამოიწვია, რომელზედაც, მართლმადიდებლური არქიტექტურისათვის სრულიად უჩვეულოდ, რუსი ხალხის დამპყრობლის წინააღმდეგ ბრძოლის პანორამაა გამოსახული. ამ ტაძრის დანგრევასთან ერთად კი სტალინური არქიტექტურა დაიბადა, რომელმაც თითქოს მისი ფასადებიდან გადაიღო პანორამული ბარელიეფების სტილი. ასე რომ, განახლებული ტაძარი იდეალურად შეერწყა მოსკოვის კოლოსალურ სტალინურ არქიტექტურას და სტალინიზმი და მართლმადიდებლობა ერთი მედლის ორ მხარედ გამოსახა. გარდა ამისა, ამ ტაძრის რეკონსტრუქციამ მთელ პოსტსაბჭოთა სამართლმადიდებლოში ახალი ეკლესიების მშენებლობის ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. მის პარალელურად თბილისში წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა დაიწყო და მალე თბილისმა მოსკოვს ეკლესიათა მშენებლობის ტემპებსა და რაოდენობაშიც აჯობა და ზომა-წონაშიც. საერთოდაც, ჩემთვისვე სრულიად მოულოდნელად, ახალმა, 20 მილიონ მობინადრემდე გაზრდილმა მოსკოვმა თბილისი მომაგონა. ასეთ შეგრძნებას მოსკოვის მეტროში ქართულად მეტყველთა, ხოლო ქუჩებში ქართულ რესტორანთა სიხშირეც აძლიერებდა. თბილისი დაპატარავებულ, მაგრამ, ამავე დროს, კონცენტრირებულ მოსკოვად წარმომიდგა, იმის გათვალისწინებითაც, რომ რაოდენობრივი ცვლილება თვისებრივშიც გადადის. თბილისში უგემოვნებობაც კი არანამდვილია, რაღაცის იმიტაციაა, რომლის „ორიგინალიც“ სადღაც სხვაგან მდებარეობს: დაცვიანი სახლები და ჯიპები, შარდენი და პეროვსკაია, გადაშენების გზაზე მდგარი ინტელიგენცია და წარმატებულთა ახალი ელიტა, „ლიბერალი“ ენჯეოშნიკები და გაბრწყინების მომლოდინე მოძღვრიანები – ყველაფერი მოსკოვური საზოგადოების მინიატურულ, მცირემასშტაბებიან ნაირსახეობად წარმომიდგა. თუმცა თუკი რუსეთი დიდია, საქართველოს ყველაფერი, რაც მისთვის ფასეულია, მოსკოვზე დიდი ზომისა აქვს: დიდი გული, დიდი საკათედრო ტაძარი, დიდი პრეზიდენტი.

ზურაბ წერეთლისეულმა პეტრე პირველის მონუმენტმა კი თბილისში ამავე ხელოვანის „წმინდა გიორგი“ და რუს და ქართველ ხალხთა ძმობის საბჭოურ-ერთმორწმუნეობრივი იდეა გამახსენა. მოსკოვში ისიც გვითხრეს, რომ ამ მონუმენტის მოცილება უნდათო, მაგრამ მისი დემონტაჟი დადგმაზე უფრო ძვირი ჯდება და საამისო თანხებს მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უძვირესი და უმდიდრესი ქალაქიც კი ვერ იმეტებსო. აი ამაშიც უფრო წარმატებულია საქართველო, სადაც ერთი მოცილებული საბჭოთა ძეგლის სანაცვლოდ, გველეშაპის თავებივით, რამდენიმე ახალი ქართულ-პატრიოტული მონუმენტი ამოიზრდება ხოლმე. დამხობილ ძეგლებზე ფიქრმა სტალინის საფლავის მონახულება მომანდომა. მე და ზაალი წითელი მოედნისაკენ ფეხით გავემართეთ, მაგრამ მისი მისადგომები მილიციისა და ომონის რაზმებით გადაკეტილი დაგვიხვდა. ამ დროს მოსკოველმა მეგობრებმა მობილურზე დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, მანეჟის მოედანზე არ გახვიდეთ, ნეოფაშისტების თავყრილობააო. ჩვენ ტვერის ქუჩაზე წიგნების მაღაზიაში გვინდოდა გასვლა, მაგრამ გზა აგვერია და მხოლოდ რუსეთის დუმის შენობის დანახვაზეღა მივხვდით, რომ ზედ მანეჟის მოედანზე ვიდექით. უცებ მეტროს შესასვლელთან ჩემგან სულ რამოდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ვიღაცის მუშტმა ჩაიქროლა და ძალიან გამიხარდა, რომ ის მე არ მომხვდა. თუმცა კი ალბათ კაი სანახავი იქნებოდა ორი ქართველი ინტელექტუალის მოსკოვის ცენტრში გატყეპის სცენა და, ვინ იცის, იქნებ ჩვენს დასისხლიანებულ სახეებს დაემშვენებინათ რუსული თუ დასავლური პრესის სატიტულო გვერდები და ჩვენი დახეთქილი ტუჩებიდან წამოსულ სისხლს კიდევ ერთხელ შეეხსენებინა მსოფლიოსათვის რუსების მიერ ქართველების ჩაგვრის ფაქტი... მოკლედ, გერმანიაში ცხოვრებამ ჩვენს სახეებსაც დაუკარგა კავკასიურ-აზიური იერი და ამიტომაც ვერ აღმოვჩნდით ცუდ უცხოელებზე გაბრაზებული რუსი ფეხბურთის გულშემატკივრების აგრესიის სამიზნედ, რომლებიც, როგორც გვითხრეს, აზიელების მიერ მათი მოძმის მოკვლის გამო იყვნენ აბობოქრებულები.

იმ საღამოს მოსკოვის კინოს სახლშიც და ერთ დროს მის თბილისურ ფილიალშიც მოსკოვში მცხოვრები ქართველი კინორეჟისორის, დიმიტრი მამულიას ფილმის, „სხვა ზეცის“ ჩვენება იყო. ფილმი, რომელშიც არც ერთი რუსი მსახიობი არ თამაშობს, ძირითადად სპარსულ ენაზეა. მასში ნაჩვენებია ერთი ტაჯიკი მწყემსი, რომელიც თავის 12 წლის ბიჭთან ერთად მოსკოვში სამუშაოდ წასული და დაკარგული ცოლის მოსაძებნად ჩამოდის და უცებ რაღაც მისთვის სრულიად უცნობ სამყაროში აღმოჩნდება. „Москва – это ад“ („მოსკოვი ჯოჯოხეთია“), - ასე ჰქვია ჟურნალ „ოგონიოკში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს დიმიტრი მამულიასთან. ფილმის მოქმედება კი გიგანტური ქალაქის კულისებში ხდება, ერთგვარ პარალელურ სამყაროში, თავისი მორგებითა და ბორდელებით, გამოსაფხიზლებლებითა და საავადმყოფოებით, ბომჟებითა და გასტარბაიტერებით, რაც ფასადური რეალობის შიგნეულობას წარმოადგენს. კამერა ექოსკოპიასავით შედის ამ შინაგან ორგანოებში და მათი გაშუქებით თითქოს გარე სამყაროში გაუხილვადებულ საგნებს, მათ პირველად სახეს აჩვენებს. მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, რომ საგანთა უხილავი ბუნების დასანახად საჭიროა ხედვისა და შეგრძნების იმ განსაკუთრებული ორგანოს გამომუშავება, რომელიც დაბადებით არ გვეძლევა: საგანი შეიძლება ყოფით სფეროში იმყოფებოდეს, მაგრამ მისი გამომჟღავნება პოეტური ფიგურებითაა შესაძლებელი. პოეტურობის ენა კი გაუგებარია კლასობრივი, სქესობრივი თუ ეროვნული ნიშან-სტერეოტიპებით მეტყველებისას. თბილისის კინოფესტივალზე ნაჩვენებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ დიმიტრი მამულიას ფილმში კინოში გათვითცნობიერებული ქართველი მაყურებლის ნაწილმა „მოსაწყენი ფილოსოფიური იგავი“ და რუსული კინოს ტრადიციები დაინახა; „ტარკოვსკის სუნი გვცემსო“, - ფეისბუკზეც ითქვა. რუსმა კინოკრიტიკოსებმა კი მას რუსული კინოს ისეთი სიახლე უწოდეს, რომელიც „მხოლოდ ას წელიწადში ერთხელ თუ ხდება“. არც ეროვნული სიამაყე შელახვია ვინმეს იმის გამო, რომ ქართველმა რეჟისორმა მოსკოვს ჯოჯოხეთი უწოდა და ამ ქალაქის ყველაზე ბნელი და შეუხედავი ადგილები გამოამზეურა. თავის დროზე არც მერაბ მამარდაშვილის მიერ რუსული ყოფითი კულტურისა თუ პოლიტიკური და სააზროვნო ტრადიციების ზოგჯერ საკმაოდ უხეში ფორმებით კრიტიკას აღუშფოთებია მისი რუსი მსმენელი. ქართული საზოგადოებისათვის კი მამარდაშვილი დღემდე მხოლოდ ერთი ფრაზით რჩება ცნობილი: „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!“ და ვინაიდან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის სამშობლოს გარდა სხვა ჭეშმარიტება უცნობია, ყველაფერი, რაც ჭეშმარიტების ამ ერთადერთი ცნობილი ფორმის საზღვრებს გარეთაა, მისთვის მტრული, საეჭვო ან, უბრალოდ, არასაინტერესო უნდა იყოს.

ბერლინში გამომგზავრების წინ ტვერსკაიაზე, პუშკინის ძეგლთან გავჩერდი, მაგრამ მივხვდი, რომ ყოფილი შეყვარებულის მიმართ პუშკინივით გულკეთილი ვერ ვიქნებოდი და ამიტომაც მისი ყველაზე ცნობილი ლექსის ბროდსკისეული ვერსია ლოცვასავით წარმოვთქვი: „Я вас любил, так сильно, безнадежно, как дай Вам бог другими... но не даст!“

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG