Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

მესამე თვალი მიპყრობილი მაქვს კოსმოსში. მეოთხე თვალით ქვესკნელს ვაკონტროლებ. მეხუთე დახუჭული მაქვს - ვასვენებ. მე ვხედავ. მართალია, გამოსახულება ბოლომდე მკაფიო არ არის, მაგრამ მაინც ვხედავ. ვხედავ 9 აპრილის ღამეს და 10 აპრილის დილას. მომავალი ცვალებადია. უმცირეს დეტალს - პეპლის ფრთის აქნევასაც კი შეუძლია მისი შეცვლა. ჩემს თვალწინ იშლება ყველა შესაძლო სცენარი. მინდა ყველა მათგანი გაგიზიაროთ, მაგრამ აბა, როგორ... ბევრია და მეზარება. თანაც, მათი ახდენის პროცენტული ალბათობა განსხვავებულია. იმ სცენარებს გაგაცნობთ, რომელთაც ახდენის ყველაზე დიდი შანსი აქვთ. მაშ ასე, 2009 წლის 10 აპრილი. დილა.

(ახდენის შანსი 4.33%) - ქვეყანა ”ჩამოიშალა”. ხელისუფლება საქართველოში დაბრუნებულმა კიტოვანმა ჩაიგდო ხელში და პრეზიდენტად თენგიზ სიგუა დანიშნა. სიგუა ქვეყნის გაძღოლაზე უარს აცხადებს, მაგრამ დიდი ზეწოლის ქვეშაა და ადრე თუ გვიან დათანხმდება. მთელ ქვეყანაში დაძრწიან შეიაღებული ბანდები და სააკაშვილის მიერ დაგებულ გზებს თხრიან. ამიერიდან აწ უკვე ყოფილი ხელისუფლებაც ოპოზიციაა და ოპოზიციაც. ახალმა, სუპერგაერთიანებულმა ოპოზიციამ სცადა პროტესტი გამოეთქვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ - აქცია კულტურის ყოფილმა მინისტრმა დაარბია. აქციის დარბევისას გუბაზ სანიკიძე გულისამაჩუყებლად გადაეფარა გიგა ბოკერიას. ამ კადრების ჩვენებისას ქვითინებდა მთელი ქვეყანა, გარდა ერთი კაცისა. ის ერთი კაცი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, ორ საათს იცინოდა.

(ახდენის შანსი 5.24%) - თბილისის თავზე ახალი, სამფეროვანი დროშა ფრიალებს - თეთრი, ლურჯი და წითელი. სახინკლეების ადგილას ყველგან საპელმენეა გახსნილი. ხაშის ნაცვლად მენიუში ბორშჩი წერია, ჩიხირთმა კი მჟაუნის სუპმა ჩაანაცვლა. სკოლებში ქართულად ლაპარაკი აიკრძალა - დამრღვევებს ხელზე სახაზავს ურტყამენ. აეროპორტში გაუქმებულია ყველა ფრენა, ერთი მიმართულების გარდა. სამაგიეროდ იაფია იმ ერთი მიმართულების ბილეთი - 37 პირობითი ერთეული ღირს. შეიცვალა საქართველოს გერბიც. ახლა მასზე რუსის ჩექმაა გამოსახული. ახალი ეროვნული ჰიმნია "ეი, უხნემ!". ახალი ჰიმნის შესრულებისას (”ოერტეზე”) მთელი ქვეყანა უმძიმეს დეპრესიაში ჩავარდა. იცინოდა მხოლოდ ერთი კაცი. აბა გამოიცანით, ვინ?

(ახდენის შანსი 5.29) - ქალაქში სიწყნარეა. გივი თარგამაძის მიერ მოფიქრებული ეშმაკური ფანდის წყალობით სიტუაცია განიმუხტა. ხრიკი კი ასეთი იყო: ხელისუფლებამ მიტინგი მანამ დაარბია, ვიდრე დაიწყებოდა. 8 აპრილს, ღამით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა უსასტიკესად დაარბიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლები - წყლის ჭავლით, გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტებით... ნიღბიანები შეიჭრნენ ”რუსთავი ორის” შენობაში და უმოწყალოდ ურტყეს დიმა ობოლაძეს. თვითმხილველების თქმით, დიმა ვაჟკაცურად, უხმოდ იბრძოდა. ერთადერთხელ აღმოჰხდა - ”რატომ?” ამ კადრებს პირდაპირ ეთერში მთელი ქვეყანა გაოგნებული ადევნებდა თვალს. იცინოდა მხოლოდ ერთი კაცი - უცნობი. იცინოდა ერთ საათს, ორს, სამს, ოთხს... იცინოდა, მანამ, ვიდრე მამუკა ღლონტმა თავისი ხელით არ გაუკეთა დამაწყნარებელი. შემდეგ ორივემ ერთად ამოიოხრა. ”ვერაფერი გავიგე” - თქვა ღლონტმა და საკანი დატოვა.

(ახდენის შანსი 8.04%) - ხელისუფლება და ოპოზიცია გვერდი-გვერდ დგანან ახალი, ჯერ არნახული საფრთხის წინაშე. ქვეყანას გიგანტური მოაზროვნე კალიები დაემუქრნენ. მათ უკვე გაანადგურეს ქვეყნის 20 პროცენტი და 10 აპრილს ყველა სულგანაბული ელოდება, როდის შემოვლენ თბილისში. უკვე დაირხა ხმა, დიღომში არიანო, მაგრამ ჭორი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, კალიებმა სამიზნედ ორჭოსანი აირჩიეს. ამის შემყურე მთელმა ქვეყანამ შვებით გაიცინა: აბა ორჭოსანი ვის რაში ადარდებდა?! ტიროდა მხოლოდ მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ემზადებოდა კალიების შემოსევისთვის. იარაღს ყიდულობდა, ხალხს აგროვებდა და ყველაფერი წყალში ჩაუყარეს.

(ახდენის შანსი 65.99%) - საქართველო დაეცა. რუსთაველის გამზირზე ორკები დათარეშობენ. სამეგრელო ტროლებმა აიღეს. კახეთი ურუკ-ხაის ერგო. ყველაზე მეტ ხანს სვანეთმა გაძლო - აქ ადამიანები და დევები გვერდიგვერდ იბრძოდნენ და ცდილობდნენ მომხვდურს გამკლავებოდნენ, მაგრამ მოკვდავები გველეშაპებს რას დააკლებდნენ. საქართველოში ბნელა. ქვეყანას შავი, არაბუნებრივი ღრუბლები გადაჰფარვია. ექსპერტები ამბობენ, ცა არასოდეს გაიხსნებაო. მთის წვერნი შტერად დგანან. დუმილი გამეფებულა. მხოლოდ შორით თუ გაიგონებთ ქალის მწარე ქვითინს.

საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ საჯაროდ უთქვამს, რომ მან კარგად დაისწავლა 7 ნოემბრის გაკვეთილი. 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო ტალღა მკაფიოდ გამოაჩენს, რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა.

სახალხო პროტესტისა და ხავერდოვანი რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება, რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში ხალხის ძალაუფლება დამყარდა, ძალიან მალე ამავე ხალხს დაუპირისპირდა. რამდენ ხანს მოიცავს შესიტყვება "ძალიან მალე", ძნელი სათქმელია, რადგან ზოგისთვის ეს იყო რამდენიმე კვირა, ზოგისთვის რამდენიმე თვე და ზოგისთვის – რამდენიმე წელიწადი. შესაბამისად, პროტესტის გრძნობა ზოგს მაშინ გაუჩნდა, როდესაც ტელევიზიებში ხელისუფლებისთვის არასასურველი ახალი ამბები დაიბლოკა; ზოგს რეფორმები არ მოეწონა; ზოგს მაშინ შეეშინდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება რომ გამოაცხადეს; ზოგს მაშინ გაუტყდა გული ხელისუფლებაზე, სხვისი ქონების დაწიოკებას რომ უყურა; ზოგმა სიტყვა "ჩარეცხილები" არ აპატია პრეზიდენტს; ზოგმაც – გირგვლიანების ოჯახის უბედურება. ასე მივედით 2007 წლის ნოემბრის დღეებამდე, როდესაც მათი ნაწილი, ვინც მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა რევოლუციის დროს, ახლა მის პირისპირ აღმოჩნდა.

მოგვიანებით, ზოგიერთი უცხოელი მეგობარი მიხეილ სააკაშვილს ორ ქმედებას უწუნებდა: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ტელეკომპანია "იმედის" დარბევას. რაც შეეხება მიტინგის დაშლას, ამის გამო პრეზიდენტს საყვედური არ მიუღია, რადგან დასავლეთის სახელმწიფოებისთვის უცხო არ არის მიტინგის დაშლა კანონიერი პროცედურებით.

თუმცა, საქართველოს მოსახლეობისთვის სწორედ მიტინგის დაშლა აღმოჩნდა ყველაზე საწყენი და მწარედ გადასატანი, რადგან ხალხს გაზით, წყლის ჭავლით, ხელკეტით და რეზინის ტყვიებით გაუმასპინძლდა მათივე საყვარელი პრეზიდენტი, რომელსაც 2004 წლის არჩევნებში ლამის მთელმა საქართველომ ხმა ალალად და უსაყვედუროდ მისცა. ეს იყო სააკაშვილის პირველი რეალური გაბრძოლება საკუთარ ხალხთან, რაც ყაიმით დასრულდა: მომიტინგეები მოწამლეს და გალახეს, მაგრამ პრეზიდენტიც გადადგა.

2008 წელს ჩატარებულმა ორმა არჩევნებმა მიხეილ სააკაშვილი ისევ დაუპირისპირა საკუთარი მოსახლეობის ნაწილს და ეს ბრძოლა პრეზიდენტმა პირწმინდად მოიგო. მან არა მხოლოდ პოსტი შეინარჩუნა და უმრავლესობა გაიყვანა პარლამენტში, არამედ, კიდევ ერთხელ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რამაც მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მართვის ყველა ბერკეტი დაუბრუნა.

შესაძლოა, ამ დამარცხების შემდეგ ქართველი ხალხის პროტესტულად განწყობილ ნაწილს ძალა დიდხანს ვეღარ მოეკრიბა, რომ არა აგვისტოს ომი, რომელმაც ხელისუფლების ყველა წარმატება ერთბაშად გაანულა.

9 აპრილს ხალხსა და ხელისუფლებას შორის მორიგი ბრძოლა დაიწყება. ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მარტოა და მომხრეები არ ჰყავს. მაგრამ სააკაშვილთან დაპირისპირებულებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მას მოსვენებას არ აძლევენ. თუ აღმოჩნდა, რომ საპროტესტო მუხტი ძლიერია და სერიოზულ პრობლემას უქმნის ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკვე დაისწავლა 7 ნოემბრის გაკვეთილი, სავარაუდოდ, ყაიმს აღარ დასჯერდება. მშვიდი ცხოვრებისთვის მას სჭირდება, რომ წესრიგი ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს. თავის მხრივ, მომიტინგეებიც ფსიქოლოგიურად გაცილებით გაკაჟებულები არიან, ვიდრე შარშან იყვნენ და 7 ნოემბრის გაკვეთილი მათაც კარგად ახსოვთ.

სწორედ ამ ფონის გათვალისწინებით გახშირდა საუბარი მიტინგის თანმდევ სავარაუდო საფრთხეებზე.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG