Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ რა ისწავლა 2007 წლის 7 ნოემბერს?


საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ საჯაროდ უთქვამს, რომ მან კარგად დაისწავლა 7 ნოემბრის გაკვეთილი. 9 აპრილს დაწყებული საპროტესტო ტალღა მკაფიოდ გამოაჩენს, რას გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა.

სახალხო პროტესტისა და ხავერდოვანი რევოლუციის გზით მოსული ხელისუფლება, რომლის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში ხალხის ძალაუფლება დამყარდა, ძალიან მალე ამავე ხალხს დაუპირისპირდა. რამდენ ხანს მოიცავს შესიტყვება "ძალიან მალე", ძნელი სათქმელია, რადგან ზოგისთვის ეს იყო რამდენიმე კვირა, ზოგისთვის რამდენიმე თვე და ზოგისთვის – რამდენიმე წელიწადი. შესაბამისად, პროტესტის გრძნობა ზოგს მაშინ გაუჩნდა, როდესაც ტელევიზიებში ხელისუფლებისთვის არასასურველი ახალი ამბები დაიბლოკა; ზოგს რეფორმები არ მოეწონა; ზოგს მაშინ შეეშინდა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება რომ გამოაცხადეს; ზოგს მაშინ გაუტყდა გული ხელისუფლებაზე, სხვისი ქონების დაწიოკებას რომ უყურა; ზოგმა სიტყვა "ჩარეცხილები" არ აპატია პრეზიდენტს; ზოგმაც – გირგვლიანების ოჯახის უბედურება. ასე მივედით 2007 წლის ნოემბრის დღეებამდე, როდესაც მათი ნაწილი, ვინც მიხეილ სააკაშვილის გვერდით იდგა რევოლუციის დროს, ახლა მის პირისპირ აღმოჩნდა.

მოგვიანებით, ზოგიერთი უცხოელი მეგობარი მიხეილ სააკაშვილს ორ ქმედებას უწუნებდა: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ტელეკომპანია "იმედის" დარბევას. რაც შეეხება მიტინგის დაშლას, ამის გამო პრეზიდენტს საყვედური არ მიუღია, რადგან დასავლეთის სახელმწიფოებისთვის უცხო არ არის მიტინგის დაშლა კანონიერი პროცედურებით.

თუმცა, საქართველოს მოსახლეობისთვის სწორედ მიტინგის დაშლა აღმოჩნდა ყველაზე საწყენი და მწარედ გადასატანი, რადგან ხალხს გაზით, წყლის ჭავლით, ხელკეტით და რეზინის ტყვიებით გაუმასპინძლდა მათივე საყვარელი პრეზიდენტი, რომელსაც 2004 წლის არჩევნებში ლამის მთელმა საქართველომ ხმა ალალად და უსაყვედუროდ მისცა. ეს იყო სააკაშვილის პირველი რეალური გაბრძოლება საკუთარ ხალხთან, რაც ყაიმით დასრულდა: მომიტინგეები მოწამლეს და გალახეს, მაგრამ პრეზიდენტიც გადადგა.

2008 წელს ჩატარებულმა ორმა არჩევნებმა მიხეილ სააკაშვილი ისევ დაუპირისპირა საკუთარი მოსახლეობის ნაწილს და ეს ბრძოლა პრეზიდენტმა პირწმინდად მოიგო. მან არა მხოლოდ პოსტი შეინარჩუნა და უმრავლესობა გაიყვანა პარლამენტში, არამედ, კიდევ ერთხელ მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რამაც მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მართვის ყველა ბერკეტი დაუბრუნა.

შესაძლოა, ამ დამარცხების შემდეგ ქართველი ხალხის პროტესტულად განწყობილ ნაწილს ძალა დიდხანს ვეღარ მოეკრიბა, რომ არა აგვისტოს ომი, რომელმაც ხელისუფლების ყველა წარმატება ერთბაშად გაანულა.

9 აპრილს ხალხსა და ხელისუფლებას შორის მორიგი ბრძოლა დაიწყება. ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება მარტოა და მომხრეები არ ჰყავს. მაგრამ სააკაშვილთან დაპირისპირებულებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მას მოსვენებას არ აძლევენ. თუ აღმოჩნდა, რომ საპროტესტო მუხტი ძლიერია და სერიოზულ პრობლემას უქმნის ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკვე დაისწავლა 7 ნოემბრის გაკვეთილი, სავარაუდოდ, ყაიმს აღარ დასჯერდება. მშვიდი ცხოვრებისთვის მას სჭირდება, რომ წესრიგი ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროს. თავის მხრივ, მომიტინგეებიც ფსიქოლოგიურად გაცილებით გაკაჟებულები არიან, ვიდრე შარშან იყვნენ და 7 ნოემბრის გაკვეთილი მათაც კარგად ახსოვთ.

სწორედ ამ ფონის გათვალისწინებით გახშირდა საუბარი მიტინგის თანმდევ სავარაუდო საფრთხეებზე.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG