Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 20 აპრილი. See content from before

კვირა, 19 აპრილი 2009

ეს სტატია ჟურნალ „ანაბეჭდისთვის“ დაიწერა ასე, ორი თვის წინ. ჟურნალის ახალი ნომერი გამოსვლას აგვიანებს და, როდესაც გამოვა, მაგ დროისთვის ეს სტატია უკვე დაძველებული იქნება და ახლის დაწერა მომიწევს. ჰოდა, აქ იყოს. ცოტა შევამოკლე და უცენზურო სიტყვები ამოვიღე. ასეთი რამე გამოვიდა:

გასული წელი ქართული თანამედროვე მუსიკისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. გაიხსნა ოთხი ახალი კლუბი, სადაც ყოველ პარასკევს და შაბათს მოისმენთ ხარისხიან მუსიკას. ამას დავამატოთ უკვე არსებული 7-8 ბარი თუ საკონცერტო დარბაზი, რომელიც უკვე რამდენი ხანია, კარგად აითვისეს თბილისელმა მუსიკის მოყვარულებმა. გამოდის, რომ ყოველ პარასკევს და შაბათს შეუძლია კაცს კარგი ადგილობრივი თუ უცხოური ჯგუფის მოსმენა – როკი იქნება ეს, რეპი თუ ჯაზი.

2008-ში გამოსულ ყველაზე კარგ ალბომებზე უკვე ვწერდით. ამ დისკებიდან ზოგს ახლაც არ დაუკარგავს ადგილი ჩვენს CD ფლეერებში (მარტო “შავი ხვრელის” დებიუტი რად ღირს, ან სანდრო კოშაძის “ჩვენი შემოდგომის გაზაფხული”!). ახლა კი გვინდა გავიხსენოთ წინა წლის ყველაზე პროვოკაციული ალბომები. დისკები, რომლებზეც ყველაზე მეტს ლაპარაკობდნენ, რომლებსაც განიხილავდნენ, აქებდნენ, წყევლიდნენ და წვავდნენ.

3. შუშის პეპელა – “წყეულიმც იყავ, აბელ არავიძე!”

ვინ არიან: ქართული ინდი-პოპის ახალი ტალღის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლების სადებიუტო ალბომი, რომელიც სამი თვის განმავლობაში ლიდერობდა ქართულ ჩარტებში. “შუშის პეპელამ” სახელი გაითქვა მელოდიური, ჭკვიანური სიმღერებით, რომელიც ხშირად ეხება ხოლმე ქვეყანაში არსებულ სოციალურ თუ საზოგადოებრივ პრობლემებს. ჯგუფის წევრებმა – ირმა პაპაშვილმა, ლევან დოლიძემ და კახა ზამბახიძემ ერთმანეთი ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლისას გაიცნეს. თავდაპირველად ლექსებს წერდნენ, ჯგუფის ჩამოყალიბება კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც კახამ მეგობრებს Belle and Sebastian – ის 2006 წლის ალბომი მოასმენინა.

რა რეაქცია გამოიწვია: თბილისის ფორუმზე “შუშის პეპელას” ამ დისკს ერთბაშად სამ – მუსიკის, პოლიტიკის და მას-მედიის განყოფილებაში არჩევენ სხვადასხვა კუთხით. საერთო ჯამში განხილვის 102 გვერდი დაგროვდა. “ცხელ შოკოლადში” “აბელ არავიძესთან” დაკავშირებით ორი დისკუსია მოეწყო და სამი სტატია გამოქვეყნდა. კიდევ ორი სტატია დაბეჭდა “ანაბეჭდმა”. “24 საათში” თავიანთი მოსაზრებები გამოაქვეყნეს ეკა კვესიტაძემ და დავით აფრასიძემ, ეს მოსაზრებები კი სამ სხვადასხვა სვეტში განიხილა ნოდარ ლადარიამ. “ფეისბუკზე” დადებულ ამ სამ სვეტს ერთად 298 გამოხმაურება აქვს. “შუშის პეპელას” წევრების ფოტო გასული კვირის “სარკის” გარეკანსაც კი ამშვენებს. სტატიის სათაურია “რით ვერ აკმაყოფილებს ირმა პაპაშვილს კახა ზამბახიძე”.

მთავარი პროვოკაცია: რაზე მღერის “შუშის პეპელა” ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის გაუგებარია _ ტექსტი, როგორც ამბობენ, დახუნძლულია ლიტერატურული ალუზიებით, მახვილგონივრული იუმორით და პოსტმოდერნით. ასევე, ალბომის კომენტატორები მსჯელობდნენ იმაზეც, სამართლიანად აკრიტიკებს თუ არა ჯგუფი საბჭოთა ინტელიგენციას სიმღერებში “ლორთქიფანიძე/სიმულაკრა” და “ჩაკა ჩაკა ჩარეცხილები”.

ყველაზე ნათლად, როგორც ფორუმელი “ლიოტარი” წერს, წინა თაობის კრიტიკა ჩანს სიმღერაში “როცა მე მშიოდა”. თუმცა, ამ სტატიის ავტორს ცოტა უჭირს იმის ახსნა, თუ საერთოდ რაზე მღერის “შუშის პეპელა”, ამიტომ მოგიწევთ “ლიოტარს” ენდოთ სიტყვაზე.

ტექსტის მაგალითი:
იგი ებრაულ ოჯახში დაიბადა, ალჟირში
რომ გაიზარდა საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად
მან იცოდა რომ სტალინი ცოცხალია
მან ახლაც იცის რომ სტალინი ცოცხალია
სტალინი ზომბია
ბებერი გომბიო
მოსკოვში დაფრინავს
37 მანეთად


ფორმა არ მოყვება ფუნქციას
ფორმა არ არის წმინდა
სტრუქტურას არა აქვს ექსპრესია
მე პოსტ - ექსპრესია მინდა

(“შუშის პეპელა” – ჯორჯ რომერო.სტალინის ექსპრესი)

საინტერესო ფაქტი: ბევრს ჰგონია, რომ ირმას და კახას ერთმანეთი უყვართ. სინამდვილეში ირმა გათხოვილია, მისი ქმარი კი გარემოს დაცვის სამინისტროში მუშაობს.


2. ვიკა ქრისტინე ხაშური – “ყველა დაჩაგრული ქალის სახელით...”

ვინ არიან: უფრო სწორად, ვინ არის. ვიკა ქრისტესაშვილი, დაბადებული თბილისში, 1982 წელს. ვიკა ბავშვობიდან მოდელის კარიერაზე ოცნებობდა, არის არაერთი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული. მოდელობას შეეშვა მას შემდეგ, რაც წაიკითხა პაოლო კოელიოს “ვერონიკამ გადაწყვიტა მოკვდეს”, სიმღერა კი ლიზ ფეარის Exile in Guyville-ის მოსმენის შემდეგ დაიწყო. როგორც წესი მღერის მარტო, თავისივე დაკრული გიტარის თანხლებით. თავდაპირველად ქრისტინე ვიკიპედიას სახელით გამოდიოდა, მაგრამ 2008 წლის დეკემბერში გამოსული ალბომისთვის ახალი ფსევდონიმი აირჩია.

რა რეაქცია გამოიწვია: ვიკას ალბომი თავდაპირველად შეუმჩნეველი დარჩა – მხოლოდ ჟურნალმა “ფოკუსმა” დაწერა რეცენზია. სიმღერებსაც თავიდან მხოლოდ “პირველი რადიო” უშვებდა, შესაბამისად ბევრს მოსმენილი არ ჰქონია. ვიკა ცნობილი საკონცერტო ტურნედან გახდა, როდესაც მან დაიწყო შესრულება სიმღერისა “სექსი პატარა ქალაქში”. სიმღერა მაშინვე გახდა პოპულარული და რადიოებმაც აიტაცეს.

რეაქცია მკაცრი იყო. “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ სტატიაში დავით მხეიძემ ვიკა “იმ უნამუსო ბოზად” მოიხსენია. გაზეთ “ალიაში” დიტო ჩუბინიძემ მომღერალს ასე მიმართა: “შე პირქვეგამოფართოებულო, ქვეყანა იღუპება, შენ კი იმაზე წიწინებ, ვის სად გადაუშალე ფეხებიო”. ყველაზე უფრო სასტიკი კი ზუგდიდური “ღია ბოქლომი” გახლდათ, სადაც ჟურნალის რედაქტორმა ილია ჩაჩიბაიამ ერთგვერდინ სტატიაში შვიდჯერ მოიხსენია ვიკა ქრისტესაშვილი ქალის სასქესო ორგანოს სახელით.

მთავარი პროვოკაცია: დისკზე შესული სიმღერების უმეტესობის საწინააღმდეგო არავის არაფერი ჰქონდა. პირიქით – ქალთა ფონდმა “ტასომ”, მაგალითად, ვიკას პრიზიც გადასცა თანამედროვე კულტურაში ქალის უფლებების პოპულარიზაციისთვის. (ნომინაციაში სხვა კონკურენტი არ ჰყოლია, მაგრამ მაინც...). ქალთა უფლებების დამცავი ორგანიზაციებიც აქებდნენ “...დაჩაგრულ ქალში...” შესულ ისეთ სიმღერებს, როგორებიცაა “6,2” (“მე არ გიკეთებ, მე თვითონ ვიკეთებ / მე ქალი არა ვარ, მე ვარ ქალი / საჭმელს არ გაჭმევ, თმას არ გავიკეთებ / მაინც შემიყვარე, თუ არა ხარ მხდალი”) და “გასაშლელი მაგიდა” (“არ მინდა ფქვილი, თეთრი ხელები / ნელი გიტარა და ჩქარი ტაში / მოდი დღეს ღამე ლექსები ვწეროთ / თუნდაც აყროლდეს კატლეტის ფარში).

ხმაური კი, როგორც უკვე ვახსენეთ, გამოიწვია სიმღერამ “სექსი პატარა ქალაქში”. ეს “პატარა ქალაქი”, ვიკას ფსევდონიმის მიუხედავად, ქუთაისია, სადაც მომღერლის ქმარი მუშაობდა. (ქმარი ცნობილი კალათბურთელი, ირაკლი პაიჭაძე გახლდათ, რომელიც ქუთაისის “ტორპედომ” შეიძინა მას შემდეგ, რაც გუნდი არაბმა მილიონერმა იყიდა). ქმარს ვიკა მალევე, კოელიოს წაკითხვის შემდეგ გაშორდა, მაგრამ ქუთაისში კიდევ ერთ წელს ცხოვრობდა. თან, როგორც სიმღერის ტექსტიდან ჩანს, საკმაოდ აქტიურადაც. ათწუთიანი “სექსი პატარა ქალაქში” აღწერს ვიკას მრავალრიცხოვან სექსუალურ პარტნიორებს და აქტის დეტალებს. სახელების და გვარების დასახელებით.

ტექსტის მაგალითი:
გამოვიქეცი
დათო კოვზაძე ბაგრატის ტაძართან
შარვალჩახდილი მომდევდა უკან
მე კი მივრბოდი და თან ვყვიროდი
მოდი, მიშველე, სადა ხარ ზუკა
ზუკას ესმოდა მაგრამ რად გინდა
არ შეიმჩნია ჩემი ყვირილი
ალბათ იჯდა და ჩუმად უსმენდა
როგორ ხვნეშოდა დათო კოვზაძე
ალბათ იჯდა და ჩუმად უსმენდა
ჩემი ცრემლის ხმას და პირის წკლაპუნს


საინტერესო ფაქტი: ვიკას ვუდი ალენის ფილმი ნანახი არა აქვს, უბრალოდ სახელი მოეწონა.


1. პლანის კლანი - “მამის შიმშილი”

ვინ არიან: ჯგუფი, რომელიც თავს “ინტელექტუალურ-ნახალოვკური ჰიპ-ჰოპის ლიდერებს” უწოდებს ოთხი წევრისგან შედგება. წევრები არიან რეპერები - ჯაყო (სოსლან გაგლოევი), ბერდო (ბერდია თამარაშვილი), ჯიბგირი (დათო ჯაში) და დიჯეი და პროდიუსერი არზა (რამაზ ყიფშიძე). ჩამოყალიბდა 2002 წელს და თავიდან “ჯაყო და ხიზნები” ერქვა. გამოშვებული აქვთ ოთხი ალბომი – “დონ ბიტა” (2002), “მეტრო” (2004), “ხიდს იქით და ხიდს აქეთ” (2005) და “მამის შიმშილი” (2008).

რა რეაქცია გამოიწვია: “პლანის კლანი” ერთადერთი ჯგუფია ამ ჩამონათვალში, რომელიც თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშილმაც კი ახსენა, როგორც სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენების მაგალითი. კიდევ უფრო მკაცრი იყო გივი თარგამაძე, რომელმაც, ინგა გრიგოლიას გადაცემა “პოლიტიკურ კვირაში” სტუმრობისას “პლანის კლანს” „ძალად კაი ბიჭები“ და „უბანში ცნობილი ჩმორები“ უწოდა და დაემუქრა, რომ თუ ოდესმე სადმე რომელიმე მათგანს შეხვდებოდა, საკადრისად გაუსწორდებოდა.

მთავარი პროვოკაცია: ძნელი ამოსარჩევია, რადგან “პლანის კლანისთვის” აკრძალული თემები არ არსებობს და ჯგუფი დისკზე შესულ თორმეტ სიმღერაში ახერხებს და შეურაცხყოფას აყენებს ქალებს (“დაეტიე”), სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს (“მკვლელები გადასასვლელი ხიდიდან”, “კაი ყმა”), ეთნიკური უმცირესობებების წარმომადგენლებს (“მე ვარ ვარსქენი”), ვერელებს (“მკვლელები გადასასვლელი ხიდიდან”), რეგიონებიდან თბილისში ჩამოსულებს (“ტაქსისტი”, “მკვლელები გადასასვლელი ხიდიდან”), ტაქსისტებს (“ტაქსისტი”, “მკვლელები გადასასვლელი ხიდიდან”) და ჟურნალისტებს (“კაი ყმა”, “შელოცვა რადიოთი”).

პოლიტიკოსების აღშფოთება კი განსაკუთრებით ორმა ტრეკმა გამოიწვია. თავდაპირველად გამოხმაურება მოჰყვა ალბომის პირველ სინგლს, “კაი ყმას”, სადაც ჯაყო ასეთ ფრაზას რეპავს – “ბავშვობიდან მაგალითი ჩვენთვის ქურდი დურუა / დღეს კი ვინ? / მარეკ დუდაევი და ნიკა რურუა”. ნამდვილი ხმაური კი მას შემდეგ ატყდა, რაც “მამის შიმშილიდან” მესამე სინგლი _ “ტრაგედია უგმიროთ” გამოვიდა _ აქ “პლანის კლანი” მსმენელს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დახოცვისკენ მოუწოდებს.

ტექსტის მაგალითი:
(პოლიციელის ხმა: ვმოძრაობდი ჩემს კვადრატში, გადასასვლელ ხიდთან...)
ჯაყო: ჩემი თავი გენაცვალოს, ტკბილად დამიბერდი
თუ ჩემ იქს შესტს დაინახავ ამიარე გვერდი
მთვრალი ვარ და დაბოლილი, გვერდზე მიდის ბერდია
ბერდომ უკვე შვიდ ძაღლს გაუხვრიტა მკერდი
(პოლიციელის ხმა: ბეემვე, იქს შესტი, გადააყენე, გადააყენე...)
ბერდია: არ გაბედო გაჩერება, ვერ იქნები გმირი
უზი მიდევს კალთაში და თავში (სკრეჩი) ტვინი
(გასროლის ხმა)
(კომენტატორის ხმა: დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს...)
მისამღერი: ძაღლებს რა?
(სკრეჩვის ხმა)
ჰოდა რა?
მამის შიმშილი
(პლანის კლანი – “ტრაგედია უგმიროთ”)

საინტერესო ფაქტი: ბერდია თამარაშვილის მამა პოლიციელი იყო. ის ოთხი წლის წინ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს.

P.S.: 25 ივნისს დამიკავშირდა "ღია ბოქლომის" რედაქტორი ილია ჩაჩიბაია და მთხოვა აღმენიშნა, რომ მას ვიკა ქრისტესაშვილი არასოდეს მოუხსენიებია ცუდად. მეტიც, ცუდად კი არა, საერთოდ არ მოუხსენებია. კიდევ უფრო მეტი, არც სმენია მისი არსებობის შესახებ. სიამოვნებით ვუსრულებ თხოვნას და, აი, აღვნიშნავ...
ძალადობას მაინც ვერ ავცდით. მართალია, ხელისუფლება ამბობს, რომ 7 ნოემბრის შეცდომას არ გაიმეორებს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მხოლოდ მიტინგის დარბევას ეხება. ახლა უფრო დაკვირვებით ვიხსენებ სოზარ სუბარის საპარლამენტო გამოსვლას, როცა თქვა, შარშან, 4 ნოემბერს, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გადაწყდა, მომიტინგეები როგორ უნდა ეცემათო. როგორც მე აღვიქვი, მაშინ ზუსტად იმაზე ყოფილა საუბარი, რომ მიტინგიდან წამოსულ ადამიანებს სათითაოდ უნდა გასწორებოდნენ. 2007 წლის 5 და 6 ნოემბერს ვის როგორ სცემეს, ნამდვილად აღარ მახსოვს, მაგრამ ბოლო დღეებში სულ ის შეხვედრა მახსენდება, შარშან ვანო მერაბიშვილის კაბინეტში რომ შედგა. ალბათ, გავა დრო და იმის მთქმელიც გამოჩნდება, ახლა ვინ და როგორ გადაწყვიტა - მიტინგის დარბევა არ გვინდა, მაგრამ აქტიურ ბიჭებს ჭკუის სწავლება არ აწყენთო.

„საქართველოში ნაცემი კაცი ჩმორია და ვეღარ იბლატავებს“, – ეს არის ფილოსოფია იმ ძალადობისა, რაც 9 აპრილის შემდეგ ხორციელდება. ნაცემებს შორის ჩემი ნაცნობებიც არიან – სიმპათიური ადამიანები. ნამდვილად ვერ ვხვდები, რა აკავშირებს მათ ან „ჩმორობის“ და ან „ბლატაობის“ ინსტიტუტთან. რომ ვერ მიხვდები, ესეც ფილოსოფიის ნაწილია: შენს თავს ვერანაირი ნიშნით ვეღარ ამორიცხავ საცემების სიიდან და რამდენჯერაც მიტინგზე წახვალ, იმდენჯერ გული უნდა გეუბნებოდეს, მორიგი მსხვერპლი შენ ხომ არ ხარო.

რაკი ძალადობაზე ვსაუბრობ, რამდენიმე სიტყვას იმ „პროექტზეც“ ვიტყვი, დასუფთავების სამსახურმა რომ განახორციელა. ერთ ვარაუდს გამოვთქვამ: რაკი ხელისუფლების უმაღლეს დონეზეა გადაწყვეტილი, რომ მიტინგები არ უნდა დაირბეს და რაკი ამ გადაწყვეტილების შესრულება ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობაა, გამოდის, გიგი უგულავას ბიჭები შეცვივდნენ ვანო მერაბიშვილის მიერ დაცული ტერიტორიის ეპიცენტრში, მიანგრ-მოანგრიეს იქაურობა და გაცვივდნენ. ამოცანა გვეკითხება: რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს და ვისთან ათანხმებს დედაქალაქის მერი უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების იგნორირებას?

ახლა იმ ძალადობაზე ვიტყვი, რამაც პირადად მე გული ყველაზე მეტად მატკინა. ეს ამბავი სხვებზე უკეთ ახალგაზრდებმა იციან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ახალგაზრდა ვაჟი, რამდენიმე დღის წინ მიტინგის ორგანიზატორებთან მივიდა და სიტყვა ითხოვა. ის დრო იყო, მიტინგზე რომ გამომსვლელიც და მომსმენიც ცოტავდება ხოლმე. სიტყვა სიხარულით მისცეს, აი, ახალგაზრდებიც ჩვენთან არიანო. შოთა ადამაშვილმა – ასე ჰქვია იმ ბიჭს – თავისი სათქმელი პირდაპირ დაიწყო: „ადამიანები მიტინგზე დგომით კი არ იზრდებიან, არამედ წიგნის კითხვით. მე განათლების მნიშვნელობაზე ვსაუბრობ. ჩვენი ენა ხომ გვიყვარს და რატომ ვიგინებით?..“ მომიტინგეებმა რომ პროტესტი სტვენით და შეძახილებით გამოხატეს, არ გამკვირვებია. მიტინგის წამყვანმა გიორგი კობახიძემ რომ თავისი აზრი გამოთქვა – თუ რამე გვეშლება, მეგობრებმა გაგვისწორონ და არა ახალგაზრდებმაო, არც ეს მომხვედრია გულზე. მაგრამ გაოგნებული მაშინ დავრჩი, როცა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე დალაგებულად საუბრობს დემოკრატიასა და დასავლურ ღირებულებებზე, უცებ გამოაცხადა, ეს პატარა პროვოკაცია იყო და ყურადღება არ მივაქციოთო.

ამასობაში, შოთამ, რომელიც ჩემი ყოფილი სტუდენტია და რომელსაც დიდ პატივს ვცემ სწორედ თავისი ინიციატივიანი და საინტერესო ხასიათის გამო, თავისი ჩანთა და გიტარა აიღო და სცენა უშფოთველად დატოვა. ამ ინციდენტს, სულ მცირე, ის შედეგი მოჰყვა, რომ მთელი საღამოს და ღამის განმავლობაში შოთა ადამაშვილის ამბავი საინტერნეტო ბლოგებისა და ფორუმების მთავარი თემა გახდა. ახალგაზრდების ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი, რომელიც ბლოგოსფეროშია ჩაფლული, ცუდ სიტყვებს არ იშურებდა ოპოზიციასა და მის მიტინგებზე.

მე შემაწუხა მომიტინგეების მხრიდან ახალგაზრდა კაცის მიმართ გამოვლენილმა პროტესტმა და გულგრილობამ, რადგან მისი სიტყვები ყველაზე ნაკლებად სწორედ პროტესტს და გულგრილობას იმსახურებდა; და არანაკლებ შემაწუხა ახალგაზრდების აგრესიამ მომიტინგეების მიმართ, რადგან ამ აგრესიაშიც, თავისი მუხტით და ხარისხით, ძალადობის დიდი პოტენცია დავინახე.

მოგვიანებით, როცა შოთა ადამაშვილის ამბავმა "საკან N5"-შიც შეაღწია, იქ მარტივად ითქვა: ამ ბიჭმა რაღაც იბოდიალა და არავის უცემია, ჩვენ კი სასიკვდილოდ გვიმეტებენო. ასე მარტივად რომ იყოს საქმე... რევოლუციამდე მიშა სააკაშვილმა ისეთი კარგი ლაპარაკი იცოდა დემოკრატიაზე, ხალხის მმართველობაზე, სამართლებრივ სახელმწიფოზე... მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ერთი მყარი ვერტიკალი ააშენა და თქვა, ეს არის ძლიერი სახელმწიფო, რომელზეც ჩვენ ვოცნებობდითო. ოპოზიციაც ბევრს საუბრობს თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, ღირებულებებზე. როდესაც საქმე საქმეზე მივა და სცენაზე თავისუფალი ადამიანი გამოჩნდება, მაშინ იწყება ტესტი: არათუ არ უნდა ვცემოთ, არათუ საქმე არ უნდა გავურჩიოთ, არც პროვოკატორად უნდა მოვნათლოთ და, სულაც პირიქით, შესაბამისად უნდა დავაფასოთ მისი ღირსება და ინიციატივა.

აი, ეს რომ არ ხდება, უფრო იმიტომ ვართ დიდ შარში და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება თავის ძალადობრივ ბუნებას დღითი დღე სულ უფრო მეტად ავლენს. როგორი უნდა იყოს უკეთესი საქართველო, რომელზეც ამ დღეებში ყველა ჩვენებურად ვფიქრობთ? მინდა, შოთამ თქვას თავისი აზრი და, ჩვენი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, თქვენს მოსაზრებებსაც მოუთმენლად ველოდები.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG