Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 27 დეკემბერი. See content from before

პარასკევი, 25 დეკემბერი 2009

რაღაც საშობაო მინდოდა დამეწერა და რადგან განწყობა ვერა მაქვს მაინცდამაინც საშობაო, ამიტომ გადავწყვიტე ჩემი ერთი ძველი სტატია გამეცოცხლებინა საშობაო თემაზე დაწერილი. თან რადგან ქუთაისში ხდება რეზო გაბრიაძის ამ მოთხრობაში მოქმედება, მინდოდა ამ წერილითაც კიდევ ერთხელ გამეტარებინა ჩემს გულში ქუთაისური ტრაგედია, თუმცა ამჯერად ლამაზ, ყოფით ზღაპრად. ეს რამდენიმე დღეა ძალიან მთრგუნავს დედა-შვილის უბედურება, ამიტომ ამ წერილს მათ და დედაჩემის მშობლიურ ქალაქს მივუძღვნი.

ამ მოთხრობის წერა თვრამეტი წლის წინ დაუწყია ავტორს და ხუთ ქალაქს შორის "გამოკიდულს" დაუსრულებია მასზე მუშაობა. თან წერდა, თან კი რენს, ნამურს, ლონდონს, პარიზსა და ლოზანას შორის მიმოდიოდა თავისი პროფესიიდან გამომდინარე. ამის მიუხედავად, მწერალს არაფერი მიუთვისებია ამ ხუთი ქალაქისა და მოთხრობასაც მხოლოდ ერთი ქალაქის, ქუთაისის, ხვავრიელი და სველი თოვლი ავსებს. ეს თოვლია ყველა ამ ევროპულ ქალაქს რომ ფარავს, ათანაბრებს და აქრობს. რჩება ერთი, ამ თოვლის ფიფქივით ნაზი მოგონება, - ბავშვობიდან გამოყოლილი - ზღაპრული მოგონება შორეული, ტკბილი ქრისტეშობისა.

წიგნს სამი მთავარი გმირი ჰყავს, შესანიშნავი სამეული.

პირველი ჩიტოა - ადამიანი-მანქანა, ოდესღაც ჩრდილოეთის ფლოტში რომ მსახურობდა სუბმარინაზე და კვირაში ერთხელ "გულით დაწერილ წერილს" რომ უგზავნიდა საყვარელ ცისანას. ქუთაისში დაბრუნებულმა ჩიტომ თავის საუკეთესო მეგობართან, როლანდისთან ერთად ნახა ცისანა - "ზიმ-მასკვიჩით" გამოსრიალდნენ პედინსტიტუტიდან. ჩიტოს ფეხები მოეკვეთა, ჩაჯდა, რამდენიმე საათის შემდეგ კი ამოქოქა თავისი წარმოსახვითი მანქანა და ბალახვნისკენ ჩაუხვია.

ამ ამბის მერე ჩიტო სულ აღმა-დაღმა დაადრიგინებდა თავის ჩიტო-პაბედას, "მძღოლები პატივს ცემდნენ, გზას უთმობდნენ, 1 მაისს აბგონზედაც უშვებდნენ... თბილისის მატარებლის მოსვლისას ჩადგებოდა ზადნით ტაქსებში ვაგზლის მოედანზე და ისე იმნაირად გააღებდა კარს და ისე იმნაირად გადმოვიდოდა მანქანიდან, რომ იფიქრებდი, ეგების მართლა დგას აქ მანქანა და მე ვერ ვხედავო". ჩიტოს ვერც დედისა და მეზობლების ცრემლისღვრამ უშველა, ვერც მკითხავებმა და ვერც ჩვენი სამეულის მეორე წევრმა, ექიმმა იაკობმა, ანუ ბატონმა იაშამ, ვისაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ცხოვრება გამოძახებად ექცა - ხან არაუშავს ადგილებში და ხანაც გადასაკარგავში; და ვინაც ამ თავის პაციენტებზე გადამკვდარი "ხახვის სუნსაც ვერ აყენებს ოჯახში შობაზე". მესამე გმირი კი ერმონიაა, ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი ქუთეისელი ანგელოზი რეზო გაბრიაძის წინა წიგნიდან.

ამბავს კი ავტორი ასე იწყებს: ბატონ იაშასთან ჩიტო-პაბედა მიდის და თორმეტი გამოძახებით გათანგულ ექიმს კიდევ ერთგან ექაჩება. ჩასვამს თავის პაბედაში - სჩასტლივი ნომრით гк 49-54 - დაქოქავს და "წეიყვანს" ექიმს "საცხა", გადაკარგულში. აქედან მოყოლებული ყველაზე ფხიზელს და რაციონალურს რომ ეძახიან, ისეთი მკითხველიც კი ამ ფანტასტიკურ მცირე თავგადასავალში ერთვება, ყველაფერს ვიჯერებთ, ყველაფერს ვენდობით და ავტორიც ისე იმნაირად გვაჩვენებს და გვასმენინებს ჩიტო-პაბედას წარმოსახვით "დრმ-დრმ"-ს, რომ თავად რეზო გაბრიაძეც ამ სიზმარეული სამების მეოთხე წევრად შეგვიძლია აღვიქვათ.

ნაწარმოებს მთლიანად ჩიტოს წარმოსახვა განსაზღვრავს - მის სტრუქტურასაც და ესთეტიკასაც - იმდენად, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ავტორის ხმაც ამ "გლახაობას" უერთდება. ყოველ შემთხვევაში, წერის რეზო გაბრიაძესეული, განუმეორებელი მანერა არც დროს გვიტოვებს და არც სივრცეს, იმისთვის, რათა სერიოზულად ჩავუფიქრდეთ ამ კაცის ბედს, რეალობად აღვიქვათ მისი ავადმყოფობა, რადგანაც სწორედ ამაში, სევდის ასეთ გაელვებებშია (რომელიც მთლიანად გამსჭვალავს წიგნს) ავტორისა და, ზოგადად, პოეტური პროზის ეშხი და ლაზათი.

ჩიტო ხან დვორნიკებს ამუშავებს, ხანაც რადიოს უწევს და გული უკვდება მშრომელთა თხოვნით გადმოცემულ სიმღერებზე. ხან ბრჭყვიალა შარიკით რთავს სიჩქარეში და იქვე შოსტაკოვიჩის მეშვიდე სიმფონიასაც (!!!) აყოლებს ხმას (შოსტაკოვიჩის "გულობიზა" ერთხელ კინაღამ მოუკლავთ კუპრავას ქელეხში) და ეს ყველაფერი თავისი გაუთავებელი დრმ-დრმ-ის ფონზე. ჩიტოს ამგვარი საქციელი ექიმს იმასაც ათქმევინებს, გიჟს როგორ ჩავუჯექი მანქანაშიო და იქვე დასძენს: "ხომ მათქმევია მაინც, რომ მანქანაში ვზივარ!"- ო. ერთი სიტყვით, ყველა ჩიტოიანურ, წარმოსახვით ფერხულში ებმება და ამ ყველას არც ავტორი ჩამორჩება. მართალია, ექიმი, ბატონი იაშა, ერთხელ აღიმაღლებს ხმას ("მანქანა თუ ხარ, სადაა შენი ბორბალი! ეს დამკრატი არაა! ეს თავია! უტვინო თავი! არ ხარ შენ პაბედა! არც ერთი მანქანა არ ხარ შენ! გიჟი ხარ! გიჟი!") და წამოარტყამს კიდეც ჩიტოს, მაგრამ სამაგიეროდ, ცოტა ხანში თავად დაემართება ისეთი რამ, რაც მეორე პლანზე გადაიტანს ჩიტოს "სუნელურ" საქციელს. ეს მერე მოხდება, როცა დასველებული, დაგლახავებული და დამონავებული ჩიტო ბებერს დაემსგავსება, "ფართოდ დამდგარი თვალებიდან" ორ ნაკადად წამოუვა ცრემლი და სადარბაზოდან გავარდნილს ქარი წაიღებს წუილით.

აქ უკვე მეორე თავი იწყება, წიგნის ყველაზე ლირიკული და სევდიანი ნაწილი სახელად "დაუვიწყარი ტანგო".

წარმოიდგინეთ, ჩიტოს "დატუქსვის" შემდეგ ექიმი დაეცემა და სადღაც ჩასრიალდება. როცა დარწმუნდება რომ ცოცხალია, წამოდგება ("ხელებით აჰყვება იქვე მდგარ ტანად ხეს"), თეთრად განათებულ "მოღუნულ ბილიკს" გაუყვება და სასაფლაოზე აღმოჩნდება. მის თვალწინ "პატარა, გულისმომკვლელად ნაცნობი, ღარიბი საფლავი დაიდგა ჩუმად და ნაზად". ეს მისი ცოლის საფლავია, საბრალო ნუნუსი, ვინაც ყველაფერი კარგი, რაც იყო, თან წაიღო რკინიგზის საავადმყოფოს მეშვიდე პალატიდან. სწორედ აქ იწყება ყველაზე დიდი გაელვება, უფრო სწორად კი ქროლვა სევდისა, რომელშიც ექიმის გარდა მისი გარდაცვლილი მეუღლეც მონაწილეობს. ნუნუს იაშას "ყიყლიყო" შეძახილები გამოიხმობს, მის მოწოდებას გამოჰყვება ("სადა ხარ, სად?! მომენატრე!", "ძვლებში შედის სევდა, ნუნუ! ჩემო ნუნუ!")... და "ნელ-ნელა, ძალიან ნელა, ძელქვის უკნიდან დამცინავი ღიმილით გამოვიდა ნუნუ. პატარა, ნაზი ქალი თლილი ფეხებით. მკრთალი ცისფერი კრებდეშინის კაბა ეცვა ვიტოჩკებით, ოდნავ ყვითელი ქამრით, ასეთივე ვიწრო ზოლით ქვეიდან. პატარა ატმისფერი რომბიკებით". ნახეთ, როგორი კონკრეტიკაა! (თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ლიტერატურაში, იდუმალისა და შორეულის სწორედ ამგვარი დაკონკრეტება მიზიდავს ხოლმე ყველაზე მეტად) და ამ გამოსვლას კიდევ უფრო დეტალიზებული ტანგო მოჰყვება, ცეცხლოვანი, "ელვასავით ტეხილი, სიკვდილივით ულმობელი ტანგო!", სადაც ისე ერთვება კარგი მკითხველი, რომ ვერც კი ამჩნევს ავტორის "ულმობელ" შენიშვნას: "ასეთი ტანგო იცეკვა ექიმმა იმ მცირე დროში, რომელსაც ვერც ძილს და ვერც ჩათვლემას ვერ დაარქმევდი."

კარგი ლიტერატურა ყოველთვის ძილ-ღვიძილის ზღვარზე გამყოფებს, ნისლოვანს ხდის სიტყვიერ გამოსახულებას და მას მხოლოდ ავტორის ფიქრთა ქროლვა თუ გააანკარებს ხოლმე. ასეთი ანკარა და საჩინოა რეზო გაბრიაძის მიძღვნა, წიგნს რომ ასრულებს. მასში უკვე მკაფიოდ ისმის ავტორის ხმა, თავის მეზობლებს, ექიმებს, გიორგი ლორთქიფანიძესა და გიორგი გელოვანს რომ იხსენებს, იხსენებს თავის დას, "თითქმის ნახევარი საუკუნე რომ უძღვნა ამ საქმეს", მშობლიურ ქალაქს, რომლის სიყვარულიც მუდამ თან დაჰყვებოდა. ავტორი ჩვენს ულმობელ დროსაც შეეხება. უპატივცემულობით, უთანხმოებითა და "გაყრა-განშორებით" აღვსილ ურწმუნო დროს და ჩვენი წინაპრების წესსაც გვახსენებს, შობას და აღდგომას პატიებას რომ თხოვდნენ ერთმანეთს.

ზემოთ სევდის გაელვებები ვახსენე. როგორც გითხარით, ეს მოთხრობა სავსეა ასეთი გაელვებებით და ამგვარი ქროლვა მანამ გრძელდება, სანამ წიგნის ბოლოს მოკრძალებული საშობაო სუფრა არ გაიშლება და სანამ გამთენიისას, ზარების ხმით განწმენდილი და განათლული ჰაერი არ წამოუბერავს მკითხველისკენ. განთიადი და მკითხველი, აქ, შემთხვევით როდი მეზობლობენ. ამ წიგნზე თავჩახრილ კარგ მკითხველს მართლა დაათენდება თავზე და თოვლიან ქარში "გადაგდებული" გმირებივით, იქნებ ჩვენც მივაგნოთ ჩვენს პატარ-პატარა ჭეშმარიტებებს. ასეთ ჭეშმარიტებაში კი იმ ციცქნა, ლამის უხილავ სიბრძნეს ვგულისხმობ, რომელიც რეზო გაბრიაძის ნაწერში ყოველთვის მოჩანს ხოლმე.
ეხლა, რა ხდება. ბლოგის განახლება ძალიან დამიგვიანდა (ჯერ ასეთი რამ არ მომსვლია!). ვიჯექი და მაინცდამაინც საინტერესო ვერაფერი დავწერე. სათაური მოვიფიქრე მარტო. აი, ახედეთ მაღლა. ეგაა. ცუდი მე მგონი არ არის. არა, არც განსაკუთრებულად კარგია, მაგრამ გამოდგება. ისე, როგორც წესი სათაურს ბოლოს ვარქმევ ხოლმე. ეხლა პირიქით გამოვიდა. თან, ისე მოხდა, რომ სათაურს დანარჩენ სტატიასთან მინიმალური კავშირი აქვს. (ისე, სტატია მუსიკაზეა... რა ვიცი, ქვევით კიდევ კარგა სამ აბზაცში არ ვახსენებ და იქნება არ გინდა მუსიკაზე კითხვა და მერე რომ არ თქვა, მე პინგვინებზე მეგონა და ეს კიდევ მუსიკაზე ყოფილაო).

მოკლედ, ვიფიქრე, ვიდრე ფორმას დავუბრუნდები რამე ძველ სტატიას გადმოვაბლოგებ მეთქი. ეგრეც გავაკეთე. ცოტა შევკვეცე, მოძველებული რაც იყო გადავაკეთე (აგვისტოში ომი გვქონდა რუსეთთან და კიდევ ”ოაზისი” დაიშალა) და კონტექსტი შევუცვალე. ადრე ერქვა "ბალღამობანა: რაც შენ გიყვარს არ ვარგა". "ანაბეჭდში" გამოქვეყნდა. ეხლა ჰქვია "ფიქრები წარსულსა და მომავალზე (დგც დგც რემიქსი)". პირველი სათაური ჯობდა.

დაურემიქსებელი სტატიის აზრი იყო, რომ მკითხველისთვის ნერვები უნდა მომეშალა. ისე, გასართობად. პრინციპში, ნერვები წესით ახლაც უნდა მოუშალოს ზოგს, მაგრამ ამჯერად სხვა სოუსი გვაქვს. რომ, აი, ახალი ათწლეული იწყება და მოდი ის მუსიკოსები ვახსენოთ, ვინც გასულ დეკადაში იყო პოპულარული საქართველოში და ამ პოპულარობას მაინცდამაინც არ იმსახურებდნენ. ასე დაგვებადა ახალი სათაური.

გასულ დეკადაში პოპულარული სამი ჯგუფი, რომლებიც, ჩვენი ექსპერტული მოსაზრებით, ამ პოპულარობას არ იმსახურებდნენ არ ერითმება, მაგრამ, ფაქტობრივად, ზუსტია.

ეს მუსიკოსები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შევარჩიე. ჯერ ერთი, ცნობილები უნდა ყოფილიყვნენ. აბა, ისე რა აზრი აქვს. შეიძლება მივდგე Joan of Arc-ს ან Godspeed You! Black Emperor-ს, მაგრამ რეაქცია სულ ორ კაცს ექნება და ეგ კიდევ ვის ეყოფა. ასევე, ჯგუფები ბევრისთვის საყვარელი უნდა იყოს. ანუ, უბრალოდ კი არ უსმენდნენ, უნდა ამბობდნენ: აი ეს არის ჩემი საყვარელი ჯგუფიო. აბა, ისე ნახევარი თბილისი ადრიანო ჩელენტანოს უსმენს, მაგრამ რომ აგინო, გული ძალიან არავის დასწყდება. ასევე, ისეთ ხალხს უნდა უყვარდეს, მუსიკის სმენაზე რომ დებს თავს. თორემ რამდენიც გინდა იმდენია, “აეროსმითი” რომ უყვარს და სულ არ ადარდებს, რომ ბოლო 20 წელს გამოსული მათი ყოველი ახალი სიმღერა ზუსტად იგივეა, რაც წინა, ოდნავ შეცვლილი ტექსტით. ამათი მოყვარულებისთვის სულ ერთია, რას იტყვის სხვა მათ მუსიკალურ გემოვნებაზე. სულ ერთი რომ არ იყოს, რამე ნორმალურს მოუსმენდნენ.

ამას გარდა, არ შევეხები ქართულ მუსიკას, თურქულებს, გერმანულ ამაზრზენ ტექნოებს და რუსულ პოპს. ხელშეუხებელთა კატეგორიაში გადიან მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მიმდინარეობის – ნიუ მეტალის წარმომადგენლებიც - "კორნი", "ლიმპ ბიზკიტი" და ძმანი მათნი. არც Creed-ს, Nickelback-ს და ეგეთებს ვახსენებთ. ამათ ბევრი მსმენელი ჰყავთ, რასაც ალბათ შეიძლება რაღაც რაციონალური, მეცნიერული ახსნა მოვუძებნოთ – ჩერნობილის კატასტროფის დაგვიანებული შედეგი, მასონების გლობალური შეთქმულება ან ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელებული საიდუმლო ექსპერიმენტი, მაგრამ, როგორც ჩანს, უბრალო მოკვდავები ამას ვერასოდეს ჩავწვდებით.

აბა, ვინ?

თავიდან ექვსეული გავაკეთე და ძალიან გრძელი გამოვიდა. მერე "კოლდპლეი" და "ოაზისი" გავაერთიანე და მაინც გრძელი იყო. ამიტომ გორან ბრეგოვიჩი და "რედ ჰოტ ჩილი პეპერსი" ამოვაგდე და საბოლოოდ სამეულად გადავაქციე. ამოგდებულებს კიდევ იმიტომ ვახსენებთ, რომ ნერვები მოგეშალოს, მაგათ რაღას ერჩოდიო. ბოლოს აი, ასეთი სამეული გამოვიდა:

3. Oasis

რას ვერჩი: ყველა წესის მიხედვით აქ Coldplay უნდა ჩაგვესვა. ჯგუფი ყოვლად აუხსნელი მიზეზების გამო, რა ხანია, სუპერბენდად გადაიქცა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მათი მუსიკა დიდწილად Bends-ის დროინდელი Radiohead-ის დაუნი ბიძაშვილია. "კოლდპლეის" სტილს ბევრი (ჯერჯერობით მარტო მე) სლიპ-როკს ან ვეჯაინა-როკს უწოდებს. ამის მიუხედავად, მესამეზე მაინც "ოაზისია". რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ Viva La Vida-ში რამდენიმე არცთუ ურიგო სიმღერაა, "ოაზისმა" კიდევ ბოლო ნორმალური სიმღერა გასულ საუკუნეში დაწერა. ამასთან "ოაზისის" ფანები განსაკუთრებულად კუდიყავარზეგადებულები და გამაღიზიანებლები არიან. მათთვის ნერვების მოშლა უკეთესი საქმეა. ისე დააგოგმანებენ ამ "ოაზისს", ისე აიყვანენ ხოლმე ცაში ფორუმებზე და პირად საუბარში, გეგონება, მართლა კარგი ჯგუფი იყოს. თან მერე ბრიტპოპსაც ისე ახსენებენ, თითქოს ეს ულტრათანამედროვე მიმდინარეობა იყოს. 15 წელია, ბრიტპოპი მოკვდა, მაგრამ ბევრი ქართველისთვის ის ჯერაც ცოცხალია. გაბღენძილობაა პრობლემა, თორემ ისე, ვის არ მოსწონებია ოთხმოცდაათიანების ისერა ჯგუფი.

ეხლა საქმე: კარგი, პირველ ორ ალბომს არა უშავს, მაგრამ მერე? 1997 წლის Be Here Now მოსაწყენი, პრეტენზიული, გადაპრიალებული ნეხვი იყო, რომელიც თავიდან კრიტიკოსებმა ადიდეს და ცაში აიყვანეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, მანამდე Morning Glory ჰქონდათ გალანძღული, ის კი შემდეგ მაინც პოპულარული გახდა. ჰოდა, ახლაც, ემანდ არ შევცდეთო, და აქეს. გამოსვლის პირველ ორ კვირაში ალბომის მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა - რეკლამისა და დიდი მოლოდინის ხარჯზე, მაგრამ იმ ორი კვირის მერე, აღარც არავის უყიდია. ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ Melody Maker-ი წერდა, Be Here Now ნომერი პირველი დისკია, რომელსაც მომხმარებლები მეორადი დისკების მაღაზიაში აბარებენო. შემდეგი ალბომებიც, შეიძლება ძალიან ცუდი და საზიზღარი არ ყოფილა, მაგრამ არც კარგი იყო. ერთი სიტყვით რომ დაახასიათო "ოაზისის" ბოლო 15 წლის შემოქმედება, ეს სიტყვა იქნება – არანაირი. ამას დავამატოთ ისიც, რომ დიდი ორიგინალურობით ჯგუფი არც არასდროს გამოირჩეოდა. პლაგიატში ბრალდებებს ძმები გალაჰერები ხშირად არც უარყოფდნენ. აი, ყველაზე უარესი ვთქვათ. იცით, საიდან აწაპნა ნოელ გალაჰერმა "ოაზისის" მეორე სინგლის, Shakermaker-ის მელოდია? "კოკა-კოლის" სარეკლამო ჯინგლიდან. მართლა. მერე იმ ჯგუფმა, ვინც ორიგინალი დაწერა, "ოაზისს" უჩივლა და მოუგო კიდეც. მერე ნოელი ამტკიცებდა, მუსიკა მაგათ კი არა, "ბიტლზს" მოვპარე, მელოდია Flying-იდან ავიღეო (ინსტრუმენტალია Magical Mystery Tour-ში, თავისთავად დიდი ვერაფერი შვილი).

ნიკო, თუ ასეთი ცუდია, აბა რატომ არიან ასე პოპულარულები?
ბრიტანელები, ზოგადად, თავისებური ხალხია. ჩვენი ახალაზრდობის სლენგი რომ გავიხსენოთ, ვერ გაიგებ, სტრანნები არიან თუ სტრანნობენ – დედოფალი ჰყავთ, მანქანებს საჭე მარჯვნივ აქვთ, კილოგრამების ნაცვლად ფუნტებს (ანუ გირვანქებს) ხმარობენ... მოკლედ, ყველაფერში განსხვავებულები უნდათ, რომ იყვნენ. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა მთელმა ერმა, რომ საღი აზრი გვერდით გადადოს და "ოაზისი" გააღმერთოს. ჯგუფი რომ დაიშალა (როგორც ჩანს, საბოლოოდ), მუსიკალური პრესისთვის ნომერი პირველი ახალი ამბავი იყო. ჩვენთან კიდევ ბევრისთვის ბრიტანული თავისთავად ნიშნავს კარგს. ჰოდა ასე...

ახალ დეკადაში გაგვყვება მათი სიყვარული? არა. დარწმუნებული ვარ, ჯგუფი რომ ახლა დაიშალა, ბევრს გაგიკვირდათ. კარგა ხნის დაშლილი გეგონათ. აი, "კოლდპლეის" რა ვუყოთ, არ ვიცი. ეგრე თუ გააგრძელეს, ვინძლო მართლა კარგი გამოუვიდეთ რამე და მერე რაღა გვეშველება?

2. ზემფირა

რას ვერჩი: რას აღარ უწოდებდნენ ზემფირა რამაზანოვას?! კურტ კობეინი კაბაშიო – წერდა რუსული პრესა. ნასტია პოლევას, ჟანა აგუზაროვას და იანკა დიაგილევას ტახტი დაიკავაო (რუსეთში ორი როკერი ქალის ადგილი არ არის, ერთი უნდა იყოს მხოლოდ). ქვეყანაში, სადაც ოციოდე წლის წინ ჰომოსექსუალიზმისთვის ციხეში სვამდნენ, ნახევრად ლესბოსურ ტექსტებს მღეროდაო (ამას "ტატუმდე" წერდნენ, ბუნებრივია). რუსულ სცენაზე, სადაც მანამდე მხოლოდ ძუძუებგადმოყრილი ქალები ყრიდნენ ტლინკებს, ძლივს ვიღაც ჩაცმული გამოჩნდაო (ეს, სხვათა შორის, მართალია)... მაშ, რაღას ვერჩით კობეინს კაბაში? რას და იმას, რომ ზემფირა კარგად შენიღბული, ლონდონს ამოფარებული რუსული მუსიკაა, რომელიც კარგი მხოლოდ მაშინაა, როდესაც კონტექსტიდან ამოგლეჯილს ისმენ. აი, რას ვგულისხმობ – რუსული პრესა, როგორც ამწამს ვახსენე, ზემფირას მეტწილად მის წინამორბედ რუს მომღერალ ქალებთან მიმართებაში განიხილავდა. არადა, რამაზანოვას მუსიკალური კავშირი დიდად არც უდროოდ დაღუპულ პანკ დიაგილევასთან აქვს, არც სინთეზატორებიან პოლევასთან და არც "ბრავოს" ყოფილ სოლისტთან. ზემფირა უფრო სიუზან ვეგას, ალანის მორისეტის და ბეთ გიბონსის ტერიტორიაზე ტრიალებს. ეს თავისთავად კარგია და არც ისაა დანაშაული, დონით რომ ვერც ერთ ამათგანს ვერ უახლოვდება – ბევრი ძალიან კარგი მომღერალი ქალია, რომელიც ბეთ გიბონსი ვერ არის. მაგრამ ზემფირა არც ძალიან კარგი მომღერალი ქალია. ის შარმი და ძალდაუტანებლობა, რომელიც თავიდან ნამდვილად ჰქონდა, მაშინ გაქრა, როდესაც "სერიოზულ" მუსიკოსად გადაიქცა..

ეხლა საქმე: ზემფირა ყოვლად აუტანელი გახდა მეორე ალბომის, “მაპატიე, სიყვარულოს” გამოსვლის შემდეგ. პირველი დისკის დროინდელ ზემფირასთან, წესით, პრობლემა არავის უნდა ჰქონდეს. მსუბუქ, საყვარელ სიმღერებს წერდა, საიდანაც, მართალია, დროდადრო მაინც ჟონავდა რუსული პოპსის ყროლი ("-140" კარგი სიმღერაა, მაგრამ ერთხელ რომ დაიჭერ, როგორ მღერის ვიღაცა ბეკვოკალს იგორ ნიკალაევის ხმით, მეორედ მოსმენა აღარ გინდება), მაგრამ დანარჩენი რუსული ესტრადის ფონზე ამას არავინ ჩიოდა. დისკის სულისკვეთებას ზედ დახატული უპრეტენზიო გვირილები გამოხატავდა კარგად. ერთი წლის მერე კი ეგ შენი გვირილები ინდუსტრიული ლონდონის ფოტომ შეცვალა, მუსიკაც "სერიოზული" გახდა, მთელი მარილი დაკარგა და, საბოლოო ჯამში, ერთი პრეტენზიული და მოსაწყენი დისკი მივიღეთ. ისე, გასაკვირი არც არის. იმდენი ეძახეს ზემფირას ელვისის, "სექს პისტოლზის" და კორტნი ლავის რუსული ნაზავი, რომ, ალბათ, თავადაც დაიჯერა.

ნიკო, თუ ასეთი ცუდია, აბა რატომაა ასე პოპულარული? იმიტომ, რომ თავიდან მართლა არ იყო ცუდი. ამას გარდა, რუსებს სრულიად გამართლებული კომპლექსი აქვთ, რომ მუსიკა არ უვარგათ და ამიტომ, როგორც კი შანსი გამოუჩნდებათ, მაშინვე ვინმეს აკერპებენ. ჩვენთან კი, შეიძლება, მზე ჩრდილოეთიდან აღარ ამოდიოდეს, მაგრამ იქაური სხივები მაინც გვათბობს ხოლმე.

ახალ დეკადაში გაგვყვება მისი სიყვარული? არა. ბოლო რამდენიმე წელი ზემფირა საერთოდ აღარ მოისმინება მთქნარების გარეშე. ვინმე ახალი რომ ჰყავდეთ, ყველა უკვე იმაზე იქნებოდა გადართული.

1. მინიმალ ტექნო

რას ვერჩი: წარმოიდგინე, რომ მეგობართან ხარ სახლში. მცირე წვეულებაა. რამე სერიოზული კი არა, ისე... ხუთნი-ექვსნი სხედხართ და თან ლაპარაკობთ, თან ცოტას სვამთ და შეიძლება ერთ-ორ საათში სადმე გასვლასაც კი აპირებთ ერთად. მასპინძელს, ისევე როგორც ბევრ თბილისელს, დაწყევლილი მინიმალ ტექნო აქვს ჩართული კომპიუტერში და გამორთვას არ აპირებს. თავიდან არა უშავს, მაგრამ დაახლოებით 15-16 წუთში ერთი და იგივე რიტმი ცოტა გბეზრდება. რამდენჯერმე სთხოვ მასპინძელს, იქნება რამე სხვა ჩაგვერთოო და ის უარს ამბობს – რას ამბობ, ეს ხომ ბოლო ტროი პირსიაო. შენც ნებდები, რას იზამ, რახან ტროი პირსია... მაინც ეკითხები: მოიცა, პირსია თუ ლაუდერბახიო და პასუხს არ ელოდები, ისე აგრძელებ სმას. ცდილობ, რომ მუსიკას ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ არ გამოდის.

ორ წუთში უკვე ისევე აუტანელი ხდება, როგორც აი, ფეხისგული რომ გეფხანება და ვერ იფხან და სხვაზე ვერაფერზე ფიქრობ. ცდილობ, ყურადღება რამე სხვაზე გადაიტანო, მაგრამ დუმ დუმ დუმ – გირტყამს თავში. გგონია, რომ ორი საათი გადის ასე, მაგრამ სინამდვილეში ერთი წუთიც კი არ გასულა. სიამოვნებით იხსენებ მაცივარს, რომელიც სახლში გირახრახებს და აქამდე გეგონა, რომ წამება ის იყო. რას ამბობ, გაუმარჯოს მაცივარს! იმას კარგი ხმა აქვს. გახსენდება ჟენევის კონვენცია და ფიქრობ, რომ თუ ასეთი კარგი კონვენციაა, რატომ არ მოდის და არ გიცავს. მოვიდეს და დაგიცვას! სად არის სარკოზი? დადოს პუნქტები! ან არ დადოს, მაგრამ მუსიკა გააჩეროს. ან ნუ იქნება სარკოზი, იყოს ვინმე სხვა, სულ ერთია, ოღონდ წამება მორჩეს. დუმ დუმ დუმ დუმ. დუმ დუმ დუმ დუმ. გრძნობ, რომ შიგნით პატარა უცხოპლანეტელი გყავს, როგორც იმ ფილმში, "უცხო" რომ ჰქვია და სიგურნი უივერი რომ თამაშობს და ყოველ დუმდუმზე უცხოპლანეტელი ალბათ მკერდს გამოგლეჯს და გამოვა და აააააააა-ს დაიძახებს და, პრინციპში, არ იქნება ცუდი. სულაც არ იქნება ცუდი. დუმ დუმ დუმ დუმ. ამ დროს ნებელობა მთლიანად გერთმევა. გინდა, ხმა ამოიღო, აუხსნა ყველას, რომ ეს არ არის ლამაზი, პირიქით, ალბათ ულამაზოა და, საერთოდ, "არ დაიდარდოზე" ამ წამს ოთარ რამიშვილს უშვებენ და, დიდი ხანია, ოთარ რამიშვილი არ მოგისმენია და აქამდე მაინცდამაინც არ გაწუხებდა ეს ამბავი, მაგრამ ახლა, ამ სიტუაციაში, ოთარ რამიშვილი სწორედაც რომ მისწრებაა! იფ, რას გაასწორებდა! უცებ ხედავ კიდევაც მომღერალს. შემოდის, ჯდება, გიტარას იმარჯვებს და "გველზე დამყნილო მორიელოო", მღერის. ბევრად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდი. რამდენიმე წამს თავს კარგად გრძნობ, მაგრამ ოთარ რამიშვილი ქრება და მის ადგილას სამი რობოტი ჩნდება. ერთს ხელში პატარა პრიალა ჩაქუჩი უჭირავს, რომელსაც ორ წამში ერთხელ საფეთქელში გირტყამს, მეორეს ასევე პატარა და კიდევ უფრო პრიალა ბურღი მოუმარჯვებია და კეფას გიხვრეტს, მესამე კი უზარმაზარ ფალოსს გიმიზნებს... ამ დროს ზმანება ქრება და ბრუნდები ოთახში. ტრეკის დაწყებიდან 6 წუთი გავიდა, დასრულებამდე 5 რჩება...

აი, რას ვერჩი მინიმალ ტექნოს.

ნიკო, თუ ასეთი ცუდია, აბა რატომაა ასე პოპულარული?
იცით, რა არის? დროდადრო მინიმალიც კარგია და მიკროჰაუსიც. ზოგჯერ პლასტიკმენსაც მოუსმენ, ქართველი ერის რჩეულ კუბიკოვსაც და "კომპაკტის" კარგი კომპილაციაც (ვთქვათ, მერვე "ტოტალი") ნებისმიერის მუსიკალურ კოლექციას დაამშვენებს. იმასაც ვუშვებთ, რომ ზოგს შეიძლება ისე მოსწონდეს ეს მიმდინარეობა, რომ სულ იმას უსმენდეს. კი ბატონო. მაგრამ ყველა ასე ერთბაშად "შეჯდეს" ერთ, არცთუ ადვილად მოსასმენ სტილზე? არ მჯერა, სტანისლავსკი ვიყო!

ახალ დეკადაში გაგვყვება სიყვარული? მოკლედ, ვიღაცებმა ვიღაცებს მიბაძეს და ახლა თბილისურ კლუბებში აღარ შეისვლება. ალბათ გადაივლის. მერე ყველა დაბსტეპზე გადავა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG