პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 30 მაისს კონფერენცია გაიმართა, სადაც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე იმსჯელეს - პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნებში მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე.
პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. კონფერენციის დასაწყისში გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა იმაზე, თუ რატომ მიიჩნევს მნიშვნელოვნად საარჩევნო სისტემის შეცვლას:
„პრაქტიკულად, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ძალას ამ საკითხის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე დაფიქსირებული აქვს მხარდაჭერა სისტემის შეცვლასა და უფრო სამართლიანი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით... დღეს ტარდება კონფერენცია, რომლის მიზანია კიდევ უფრო მეტი გაერთიანებისკენ მისვლა, კიდევ უფრო დიდი ნაბიჯის გადადგმა ამ საზოგადოებრივი კონსენსუსის ირგვლივ“.
გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მისი თქმით, დღეს უკვე ყველა პარტია თანხმდება ამ თემაზე, მათ შორის ისინიც, რომლებიც ადრე განსხვავებულად ფიქრობდნენ - მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ილაპარაკა იმის შესახებ, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობაც:
„’ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’ ხელს მოაწერს შეთანხმების იმ ვარიანტს, რომელსაც ხელს მოაწერენ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები“.
28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დადგენის წესებს ეხება. როგორც ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ნესტან ლონდარიძემ რადიო თავისუფლების ეთერში 29 მაისს ილაპარაკა, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო სისტემის შესაქმნელად:
„ეს გადაწყვეტილება ადგენს ხმათა თანასწორობის პრინციპს. საქართველოში ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება გავლენა მოახდინოს საქართველოს საარჩევნო სისტემაზე. დღევანდელი სისტემით ეს თანაბრობა დარღვეულია“.
მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არ სურს დმანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ კახა ოქრიაშვილს. სწორედ ამაზე ილაპარაკა მან ავლაბრის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე:
„ეს არის ძალიან ცუდი იდეა. წამყვან ქვეყნებს რომ გადავხედოთ, ყველგან ან მაჟორიტარული, ან შერეული სისტემაა“.
პრეზიდენტის რეზიდენციაში 30 მაისს გამართულ შეხვედრაზე დამსწრე 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ და 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, სადაც წერია, რომ აუცილებელია საარჩევნო სისტემის შეცვლა. ისინი მიიჩნევენ, რომ საჭიროა ეს ნორმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამოქმედდეს. ხელმომწერები დოკუმენტის პარლამენტისათვის გადაგზავნას მომავალ კვირაში ვარაუდობენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერაც, რომლის არც ერთი წევრიც პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას არ დაესწრო.