ივანიშვილი ადრე და ახლა - დაპირებების მეტამორფოზა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში 21 აგვისტოს მცხეთაში სიტყვით გამოვიდა.

„ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირადად ჩაერთო. რადიო თავისუფლებამ გადახედა 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე და 12 წლის შემდეგ, ხელისუფლებაში თავისი პარტიის მეოთხედ დასარჩენად მებრძოლი საქართველოს უმდიდრესი მოქალაქის დაპირებებს.

21 აგვისტოს მცხეთაში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე გამოვიდა საპროგრამო სიტყვით; მან მხარდამჭერებს მიმართა 16 ივლისსაც, ახალი პარტიული ოფისის გახსნისა და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისას. მანამდე იყო გამოსვლა რუსთაველის გამზირზე, 29 აპრილს, „აგენტების კანონის“ დამცველთა სახელისუფლებო კონტრაქციაზე.

ივანიშვილის დაპირებებში შესუსტებულია ან თითქმის აღარ არის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებული აქცენტები, რაც ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის ლაიტმოტივი იყო. შეცვლილია დასავლეთის მიმართ საჯარო დამოკიდებულებაც - რაც ბოლო პერიოდში მწვავე დაპირისპირებასა და ბრალდებებშია გადაზრდილი.

ყოფილი თანაგუნდელები რადიო თავისუფლებასთან იხსენებენ წლების წინანდელ ბიძინა ივანიშვილს და მისი გარდასახვის მიზეზებზე მსჯელობენ.

კარგი ცხოვრების დაპირება

- „ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს საშუალო მოსახლეზე უკეთესად - აი, ამის პრეცედენტს შევქმნით“.

- „თქვენ მიიღებთ გრძელვადიან უფასო ფულს - უპროცენტო კრედიტები იქნება, 10-წლიანი და 20-წლიანი, ძალიან ხანგრძლივი“.

- „არანაკლებ სამი წლის განმავლობაში, გპირდებით, თქვენ გექნებათ უფასოდ დახვნა, მოთესვა, მოვლა, მოყვანა, მიღება და შეიძლება ბაზრამდე მიტანაშიც მოგემსახუროთ“.

ამ კონკრეტულ დაპირებებს შორის, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2012 წელს, საქართველოს რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრებისას გასცემდა, იყო 60 ქარხანა - 2013 წლის ბოლომდე, ხალხის ჯიბეზე ეკონომიკის წინსვლის ასახვა უკვე მესამე წელიწადს და „ძალიან კარგი“ ცხოვრება - მეოთხე წელიწადს.

2024 წელს, პოლიტიკაში მესამედ მოსული და არჩევნების კამპანიაში უკვე აქტიურად ჩართული ივანიშვილი კეთილდღეობის შესახებ კონკრეტულს აღარაფერს ამბობს - ახლა ეს თემა ომის საფრთხის რიტორიკაზეა მიბმული.

„რაც უფრო მეტ ხმას მიიღებსქართული ოცნება“ 26 ოქტომბერს, მით უფრო განმტკიცდება მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო მშვიდი იქნება ნოემბერი და დეკემბერი, მით უფრო მშვიდი იქნება მომდევნო ოთხი წელიწადი, მით უფრო ნაკლები დაბრკოლება შეექმნება ქვეყნის საერთო წინსვლას და საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ასევე, მით უფრო მალე გადაიტვირთება ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან“, - თქვა ივანიშვილმა 21 აგვისტოს მცხეთაში გამოსვლისას.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, "ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წარმომადგენელი დავით ბერძენიშვილი გვეუბნება, რომ ეკონომიკური კეთილდღეობის დაპირებებმა ძალა დაკარგა, რადგან „ეს კრედიტი მთლიანად გახარჯულია და დიდი პროცენტით გადასულია ვალში ქართველ ხალხთან“.

„იცის [ბიძინა ივანიშვილმა], რომ არა თუ ჭარბი, მინიმალური ნდობაც არა აქვს ახლა და აღარაფერს ჰპირდება ხალხს. აღარავინ დაუჯერებს. არაფერი აქვს შესათავაზებელი და ამიტომ ის ახლა ხალხს მხოლოდ აშინებს, მუშაობს შიშებზე“, - ამბობს დავით ბერძენიშვილი.

„ქართული ოცნების“ კოალიციის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, ყოფილი პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კი რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რომ ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების დაპირების მიცემისთვის ბიძინა ივანიშვილის დარწმუნება უწევდათ.

„ვის რას დაჰპირებოდა ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლების დროს, ამას რამდენიმე ადამიანი ვწყვეტდით და მე პირადად მებარა მესიჯების ჯგუფი... მაგალითად, საყოველთაო ჯანდაცვაც [პროგრამა] ძალით გვაქვს გატანილი. ცოცხალი თავით არ უნდოდა ამის გაკეთება - ამას ვერ შევძლებთო. ჯანდაცვის ჯგუფი მუშაობდა, რამდენიმე პრეზენტაცია მოუწყვეს და ბოლოს ბიძინამ თქვა: ჯანდაბას თქვენი თავი, იყოსო“, - დავით ზურაბიშვილი გვეუბნება, რომ იმ დაპირებების შესრულება, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს გასცემდა, სავსებით შესაძლებელი იყო, სხვა საკითხია, რომ ბევრი დაპირება არ შესრულდა.

„მე არ მგონია, რომ ჩვენ დაპირებების რომელიმე ნაწილი არ შევასრულეთ’, - ამბობდა ივანიშვილი მედიასთან 2015 წელს. ამ დროს მას სახელისუფლებო თანამდებობა დატოვებული ჰქონდა.

2024 წელს ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ მათ გარეშე ქვეყანას ომი არ ასცდება; ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში მხარდაჭერას ოთხი მიზნით ითხოვენ - უპირველესი მიზანი ოპონენტების ["კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის"] პოლიტიკური ველიდან გაქრობაა.

ასევე ნახეთ კობახიძე არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ენმ-ს მანდატები გაუუქმონ

დავით ბერძენიშვილი და დავით ზურაბიშვილი დარწმუნებული არიან, რომ „ოცნება“ მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას [მინიმუმ 113 მანდატი] ვერ აიღებს და თუკი არჩევნები ობიექტურად ჩატარდება, ოპოზიციური გაერთიანებები ჯამში მეტ მანდატს მოაგროვებენ.

„ოცნება“ აცხადებს, რომ თითქმის 60%-იანი მხარდაჭერა უკვე აქვს და გააგრძელებს ბრძოლას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად.

საფრთხის მოლოდინი დასავლეთიდან და რუსეთი

პოლიტიკაში სულ პირველად გამოჩენისას, ბიძინა ივანიშვილი პრიორიტეტებს შორის ასახელებდადასავლური ღირებულებების დამკვიდრებას“, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და არა ევროპისაკენ სვლის იმიტაცია.

ასევე განსაკუთრებით გამოკვეთდა დასავლელი პარტნიორების როლს, მათ შორის - მშვიდობის, სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრაშიც კი.

„საქართველო ამას [ტერიტორიების დაბრუნებას] დამოუკიდებლად ვერ შეძლებს. ჩვენ გვჭირდება აშშ-ისა და ევროპელი მეგობრების დახმარება, რათა შესაფერისი მომენტი შევარჩიოთ და კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით გადავწყვიტოთ", - თქვა ივანიშვილმა 2012 წლის სექტემბერში, ამერიკული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. აქვე ამბობს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია „საქართველოს ბედისწერაა“.

12 წლის შემდეგ კი, ბიძინა ივანიშვილი შეხვედრაზე უარს ეუბნება სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანსა და ამერიკელ კანონმდებლებს. ხოლო დასავლურ ძალებს - ე.წ. გლობალური ომის პარტიის სახით - საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებში ადანაშაულებს.

29 აპრილს რუსთაველის გამზირზე ივანიშვილმა თქვა, რომ „["გლობალური ომის პარტია"] ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს“ და მისთვის საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“.

რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაზე ივანიშვილი თავიდანვე ლაპარაკობდა; თუმცა არასოდეს უთქვამს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არა რუსეთის წინასწარი განზრახვა, არამედ დასავლეთის დაკვეთა იყო - რაზეც ახლა ლაპარაკობს.

„მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისი 29 აპრილის გამოსვლა, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, დეზინფორმაციის ნიმუშია.

„ოცნება“ პირდაპირ არ ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტიაში“ აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს გულისხმობენ, მაგრამ განმარტავს, რომ ამ ქვეყნების სახელმწიფო სტრუქტურები სწორედ „გლობალური ომის პარტიის“ ზემოქმედებას განიცდიან. დასავლეთს “ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მცდელობასაც აბრალებს.

დავით ბერძენიშვილი გვეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლური და პრორუსული განწყობებით ხელისუფლებაში მოსვლის მიზერული შანსიც არ ექნებოდა, მაგრამ თანდათან ძალაუფლების სამუდამოდ შენარჩუნების მიზანმა ის ლოგიკური გზით წაიყვანა.

„საგარეო ვექტორი - რუსული, ცხოვრების წესი - რუსული, ჩეკისტური მმართველობა, პარტიების აკრძალვა, რაც ლუკაშენკომ გააკეთა [ბელარუსში], ამაში ხედავს [ბიძინა ივანიშვილი] თავისი ხელისუფლობის ერთადერთ შანსს - დასავლეთთან მკვეთრ დაპირისპირებაში“, - დავით ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილმა ვერ გაიაზრა, რომ "ხელისუფლების მონაცვლეობა აუცილებელი პირობაა ლიბერალური დემოკრატიისთვის“.

აგენტურა

„[ხელისუფლებამ] ბევრი ამტკიცა, რომ თავისუფლებისაკენ სწრაფვა უცხო ქვეყნის აგენტობაა... სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს, ყველა დარწმუნდა ამაში. აღარც დასავლეთი დახუჭავს თვალს ამ უკანონობაზე, გაუგონარ ძალადობაზე - ეს უკვე საერთაშორისო სკანდალია“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის არჩევნების წინ, თავისუფლების მოედანზე გამოსვლისას.

ბოლო წლებში კი, მთელი „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, სამოქალაქო საზოგადოებას - არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიას - აგენტებს უწოდებს და მათ წინააღმდეგ მიიღეს კიდეც ე.წ. აგენტების კანონი ["უცხოური გავლენის გამჭვირვალობის"], რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი „რუსულ კანონს“ უწოდებს.

დავით ზურაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გარე დახმარების მიმართ ყოველთვის კარგად იყო განწყობილი, თუმცა „არასამთავრობო სექტორის არსი მას არ ესმოდა და არც ახლა ესმის“.

„მას საერთოდ არ ესმის, როგორ შეიძლება შენ ფულს ვინმეს აძლევდე და მერე ის შენი ყურმოჭრილი ყმა არ იყოს. ასეთ რაღაცეებს ვერ იგებს. ეს ყველამ გამოვცადეთ, მე მგონი, ვისაც მასთან ჰქონია საქმე - თუ ის ფულს ხარჯავს შენში, ფიქრობს, რომ ნაყიდი ხარ“, - ამბობს ზურაბიშვილი.

დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ახლა, საშინაოსთან ერთად, საგარეო ფაქტორებიც განსაზღვრავს, როცა უკრაინაში მიმდინარე ომში „ბიძინა ივანიშვილმა ფსონი პუტინის მოგებასა და შესაბამისად, ანტიდასავლურ სისტემაზე დადო“.

„ეს კი მოითხოვს ჰიბრიდული დემოკრატიის მოსპობასაც კი, ნახევრად თავისუფალი მედიის მოსპობასაც კი, პოლიტიკური პარტიების აკრძალვასაც მოითხოვს - რაზეც ახლა ლაპარაკობენ [„ოცნება“] და ნორმალურად თვლიან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას დავით ბერძენიშვილი.

"კაცია თუ ქალი"

2013 წელს, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში, ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა 17 მაისს ლგბტ აქტივისტებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას თბილისში - „ინსპირირებული“ უწოდა და დასძინა, რომ „კანონის შესატყვისად" უნდა დაისაჯონ ამ ფაქტის გამო პასუხისგებაში მიცემული სასულიერო პირებიც.

ლგბტ აქტივისტებისადმი არაკორექტული გამონათქვამების გამო მაშინ, როგორც ამბობდა, ივანიშვილმა შენიშვნა მისცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ საგანელიძეს.

პრემიერობის დროს ბიძინა ივანიშვილი მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ მისი მთავრობა ყველა მიმართულებით დაიცავს უმცირესობათა უფლებებს, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული.

2016 წელს, პოლიტიკიდან წასულმა ივანიშვილმა, პრესკონფერენციაზე „ღია კარების მტვრევა“ უწოდა რეფერენდუმის გამართვას კონსტიტუციური ჩანაწერისთვის - რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

„ისედაც ეს კანონში არ არის დაშვებული და, მე მგონი, ცოტა ზედმეტი აჟიოტაჟი ავწიეთ. რა თქმა უნდა, მე ტრადიციულ ოჯახებს ვუჭერ მხარს, თუმცა ანტიდისკრიმინაციული კანონი რაც მივიღეთ, მე ძალიან აქტიური ვიყავი და ძალიან მხარდამჭერი. ეს გავითვალისწინოთ ძალიან კარგად”, - უთხრა მედიას ივანიშვილმა.

2024 წელს კი, ლგბტ თემას ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ საფრთხის შემცველად წარმოადგენენ და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლას ხალხს იმისთვისაც სთხოვენ, რომ მთელი რიგი აკრძალვები კონსტიტუციაში ჩაწერონ.

„ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ. მათი მიზანია, ადამიანი იქცეს ღირსებისა და მორალისგან დაცლილ არსებად, რომელსაც არ ექნება არავითარი ეროვნული, რელიგიური თუ პიროვნული იდენტობა; ადამიანმა დანამდვილებით ისიც კი არ უნდა იცოდეს, კაცია თუ ქალი“, - თქვა 21 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში გამართულ პარტიულ ღონისძიებაზე.

დავით ზურაბიშვილი იხსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი უწინ „ლამის ლგბტ აქტივისტივით ლაპარაკობდა“ და ასე იყო, მაგალითად, დახურულ სხდომაზე პარლამენტში - როცა ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა ქვეყანაში ხმაურიანი წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა.

„ივანიშვილისთვის ყველაფერი არის რესურსი და მანიპულაციის საკითხი - დღეს ასე სჭირდება ძალაუფლების განმტკიცებისთვის და ასე ლაპარაკობს, ხვალ შეიძლება სხვანაირად დასჭირდეს და სხვანაირად თქვას. იცის ეკლესიის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ და ჩათვალა, რომ ამომრჩევლის მოსაზიდად დასჭირდება“, - გვეუბნება დავით ზურაბიშვილი.

შესამჩნევი გააქტიურება

ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში წელს თავიდანვე ჩაერთო და „ქუდზე კაცის“ გამოსვლისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე დაიწყო ლაპარაკი. მისი ყოფილი თანაგუნდელები მსგავს აქტიურობას 2012 წლის შემდეგ ვერ იხსენებენ.

„ბიძინა ივანიშვილი აცნობიერებს საფრთხეს - მისთვის ეს ყოფნა-არყოფნის საკითხია: ან ის არის ხელისუფალი, ან ის არ არის საქართველოში და მეტიც - შესაძლოა, ის არ არის თავისუფალი, თუ ის არ არის ხელისუფალი.

თუ ვერ გაასწრო ქართულ რეალობას, არჩევნების წაგების შემთხვევაში, მაშინ ის არ იქნება თავისუფალი და თუ გაასწრო, არც ეს არის თავისუფლების გარანტია. ასე რომ, შესაძლოა ასლან აბაშიძის ხვედრი მისთვის სანატრელიც კი აღმოჩნდეს“, - გვეუბნება დავით ბერძენიშვილი.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მარცხის შიში ივანიშვილმა პირველად 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს იგემა, როდესაც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა. ივანიშვილმა მაშინ საგანგებო ვიდეომიმართვა ჩაწერა და მხარდაჭერისკენ განაწყენებულ ხალხსა და „ძველ გვარდიასაც“ მოუწოდებდა.

ბევრი მიზანი გვაქვს ერთდროულად შესასრულებელი: თან სწორად უნდა ვიაროთ დეოკუპაციის გზაზე, რომ აქ შეცდომები არ დავუშვათ და შერიგების, მშვიდობის გზით [ვიაროთ]; შემდეგ - ეკონომიკური განვითარება, რაც ერთ-ერთი მთავარი საფუძველია, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მიღწევის; ასევე ჩვენ უნდა ვიაროთ ევროკავშირის გზაზე, რომ რეფორმებით, განხორციელებული ნაბიჯებით მათთვის მისაღები გავხდეთ... ასევე გამოწვევაა სუვერენიტეტი, ეროვნული საკითხები - ეს ყველა და სხვა პრიორიტეტები ერთად არის ურთულესი შესასრულებელი... ამ ყველაფერში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობა, ბუნებრივია, ფასდაუდებელია“, - ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებული იმედები პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 2023 წლის 30 დეკემბერს ჩამოთვალა, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მესამედ გამოჩენის შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში სამჯერ მოვიდა - 2012, 2018, 2023 წლებში და ორჯერ წავიდა - 2013 და 2021 წლებში. ბოლო ორი მოსვლისას, ორივეჯერ პარტიული თანამდებობა დაიკავა, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. ის ახლა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტს იკავებს, თუმცა, პარტიის წესდებით, პრემიერ-მინისტრის დასახელების უფლებაც აქვს.