Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოცნების" 22 დელეგატი - რა ვიცით მათზე


15 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” დელეგატები წარადგინა.

ეს 22 ადამიანი გაუძღვება საარჩევნო კამპანიას რეგიონებში, მათ გარანტირებული ექნებათ ადგილები მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ თავიანთ საარჩევნო ოლქებში საუკეთესო შედეგის მიღების შემთხვევაში, ისინი აუცილებლად მოხვდებიან პარლამენტში - საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრისთვის მნიშვნელოვანია პარტიის საერთო შედეგი და ისიც, მერამდენე იქნებიან ისინი პარტიულ სიაში.

“ქართული ოცნების” უკვე ცნობილი 22 დელეგატიდან მხოლოდ რამდენიმეა “ახალი სახე” - 15 დელეგატი არის მოქმედი დეპუტატი და “აგენტების კანონზე” ხელმომწერი, ოთხი - საჯარო მოხელე, ერთი - მოქმედი დეპუტატის შვილი და ერთიც - მომღერალი. მოქმედი დეპუტატების ნაწილი მიეკუთვნება “მილიონერი პარლამენტარებისა” და “მდუმარე კანონმდებლების” ჯგუფებს.

დავით სონღულაშვილი

მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი. მაჟორიტარი დეპუტატი ის 2016 წელს გურჯაანში გახდა, 2020 წელს კი საგარეჯოში, გურჯაანში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროში. 2024 წლის არჩევნებში გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს დელეგატი იქნება. ის ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც მხარი დაუჭირა კანონს “აგენტების შესახებ”. 2023 წელს ამ კანონის უკან გაწვევის შემდეგ მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ამ კანონის ინიციირება შეცდომა იყო, მოგვიანებით ეს პოსტი წაშალა, 2024 წელს კი კვლავ დაუჭირა მხარი რუსული ყაიდის “აგენტების კანონს” . დავით სონღულაშვილი იყო ასევე “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებს შორის, ვინც 2019 წელს ხელი შეუშალა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა, დავით სონღულაშვილმა კი ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა, რომელსაც მანამდე პარტიიდან წასული თამარ ხულორდავა ხელმძღვანელობდა. პარლამენტში მოხვედრამდე სონღულაშვილი იყო შპს “ედრესის” მმართველი დირექტორი, “საქართველოს ბანკის” შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორი. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს მუშაობდა ეკონომიკის სამინისტროში, მინისტრის თანაშემწედ. საჯარო სამსახურამდე იყო ტელეკომპანია “მზის” გაყიდვების მენეჯერი

ირაკლი შატაკიშვილი

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წელს “ქართული ოცნებიდან” დეპუტატი გახდა რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით. დელეგატად ის პარტიამ კვლავ რუსთავისა და გარდაბნის სოფლებში წარადგინა ირაკლი შატაკიშვილი არის “აგენტების კანონის” მხარდამჭერი და ლგბტქ უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის წევრი. საკანონმდებლო საქმიანობამდე მუშაობდა “RMG GOLD"-ში ჯერ ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტის უფროსად, შემდეგ იყო კორპორაციული დირექტორის მოადგილე საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში; 2014-2017 წლებში შატაკიშვილი მთავარი პროკურორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოში მუშაობდა, 2013-2014 წლებში კი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში. პროფესიით იურისტმა კარიერა საადვოკატო ბიურო “პოლი და შტატე-პოლიში” დაიწყო 2006 წელს. 2018 წელს მან 10 000 ლარი შესწირა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ამ დროს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, 2020-დან 2022 წლამდე კი 90 ათასი ლარი ქართულ ოცნებას.

ანტონ ობოლაშვილი

მაჟორიტარი დეპუტატი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში “ქართული ოცნებიდან” 2020 წელს გახდა. ანტონ ობოლაშვილი ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის - ფლობს უძრავ ქონებებს თბილისსა და პარიზში, არის კომპანია “გლობალფარმის” დამფუძნებელი. მხოლოდ 2023 წელს მან ამ კომპანიიდან დივიდენდის სახით 5 მილიონ ლარამდე მიიღო. იმ დროს, როცა ის დეპუტატი გახდა, ობოლაშვილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჰქონდა 2 მილიონ დოლარამდე (6,4 მლნ ლარზე მეტი), 75,1 ათასი ევრო (298 ათას ლარზე მეტი) და 2,9 მლნ ლარზე მეტი. მის ცოლს კი ბანკში ჰქონდა 20 ათასი ევრო (79,4 ათას ლარზე მეტი) და 2,3 ათასი ლარი. 2023 წელს სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების ერთობლივმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დეპუტატის ქონება გაცილებით მეტია, ვიდრე მის დეკლარაციაში წერია - მაგალითად აპარტამენტები დუბაიში. პარლამენტში ყოფნისას მან შეიძინა 15 000 დოლარის ღირებულების საათი (Vacheron Constantin) და 127 000 ევროს ღირებულების ავტომობილი (PORSHE-CAYENE); 2021 წელს, პანდემიის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დროს ის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა “კომენდანტის საათის” დროს გამართული ხალხმრავალი წვეულების მოწყობის გამო. შეკრებას დეპუტატის სახლში “ქართული ოცნების” წევრები, მათ შორის ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესწრებოდნენ.

ზაურ დარგალი

2020 წელს მაჟორიტარი დეპუტატი მარნეული-გარდაბნის ოლქში “ქართული ოცნებიდან” გახდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის იგივე ოლქის დელეგატია. პარლამენტში მოხვედრამდე დარგალი მარნეულის მერი იყო, 2017-1019 წლებში კი გუბერნატორის მოადგილე ქვემო ქართლის რეგიონში. 2014-2017 წლებში დარგალი იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკუთხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, უფრო ადრე კი, 2007-2012 წლებში მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში მუშაობდა.

ირაკლი ქადაგიშვილი

1992 წელს ის დეპუტატი გახდა როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) წევრი, 2020 წელს კი როგორც თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი “ქართული ოცნებიდან”. 2024 წლის არჩევნებს ირაკლი ქადაგიშვილი კვლავ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის დელეგატის სტატუსით ხვდება. 2016-2020 წლებში ქადაგიშვილი კახეთის გუბერნატორი იყო - ამ პოსტზე ის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. გუბერნატორობამდე, 2005-2010 წლებში იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის გენერალური მენეჯერი.

სამველ მანუკიანი

პირველ ჯერზე, 2016 წელს დეპუტატი “ქართული ოცნების” პარტიული სიით გახდა, 2020 წელს კი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარის სტატუსით. 2024 წელს მანუკიანი ახალქალაქი-ნინოწმინდის დელეგატი იქნება. პარლამენტში მოხვედრამდე, 2009-2016 წლებში სამველ მანუკიანი იყო შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორი, უფრო ადრე კი, 1997-2008 წლებში ინდ. მეწარმის სტატუსით აწარმოებდა ბიზნესს. სამველ მანუკიანი სისტემატურად ხვდება “მდუმარე დეპუტატების” სიაში - ეს სია აერთიანებს იმ პარლამენტარებს, რომლებიც წლის განმავლობაში არც ერთხელ არ იყენებენ სიტყვით გამოსვლის უფლებას.

ზაზა ლომინაძე

დეპუტატი 2020 წელს გახდა ქუთაისის მაჟორიტარის სტატუსით. 2024 წელს ის კვლავ ქუთაისში იქნება “ქართული ოცნების” დელეგატი. პროფესიით ექიმი და კლინიკა “ლჯ და კომპანიის” დამფუძნებელი პარლამენტში მოხვედრამდე ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო, ისევ “ქართული ოცნებიდან” 2014-2017 წლებში. ლომინაძე მმართველი პარტიის შემომწირველია 2014 წლიდან - თუმცა საკრებულოში მოხვედრამდე “ქართული ოცნებისთვის” გადარიცხული 875 ლარი გაცილებით მოკრძალებული თანხაა იმასთან შედარებით რაც მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შესწირა პარტიას - ამ დროს მან ფიზიკური პირისთვის განსაზღვრული მაქსიმალური თანხა, 60 000 ლარი აჩუქა პარტიას.

დიმიტრი ხუნდაძე

2012 და 2016 წელს დეპუტატი მცხეთის მაჟორიტარის სტატუსი გახდა, 2020 წელს კი “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში 22-ე კაცი იყო. ხუნდაძე, რომელიც დღეს “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილი პოლიტიკური გაერთიანება “ხალხის ძალის” წევრია, 2024 წელს მცხეთა-მთიანეთში მმართველი პარტიის დელეგატის სტატუსით ხვდება საპარლამენტო არჩევნებს. დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთი იყო “აჯანყებულ მაჟორიტარებს” შორის, ვინც 2019 წელს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა პარლამენტში ჩააგდო. “ოცნებამ”2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაპირება 2019 წელს გასცა, „გავრილოვის ღამის“ შემდგომი დემონსტრაციების შემდეგ. პოლიტიკამდე ხუნდაძე ექიმი იყო, 2012 წლამდე ის” ხეჩინაშვილის კლინიკაში” მუშაობდა. 2013 წელს, უკვე დეპუტატის სტატუსით ხუნდაძე იყო მთავრობის მხარდაჭერილი “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სხვა დეპუტატებთან, ზაქარია ქუცნაშვილთან და მანანა კობახიძესთან ერთად.

ზაალ დუგლაძე

"ქართული ოცნების" ერთგული შემომწირველი 2016 წლიდან პარლამენტში 2020 წელს ხაშურის მაჟორიტარის სტატუსით მოხვდა. 2024 წლის არჩევნებში ის “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება ხაშურსა და ქარელში. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე დუგლაძე ბიზნესმენი იყო. 2012 წლიდან ის “დუგლაძეების ღვინის კომპანიის” გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. ამ კომპანიაში ბიზნესინტერესები აქვს ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილსაც, მან კომპანია 2005 წელს დააარსა. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, ზაალ დუგლაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2013-2022 წლებში 8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამიდან. ზაალ დუგლაძე ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის - პარლამენტში მოხვედრისას ოფიციალური დეკლარაციით ის ფლობდა საკუთარ სახლს ვაკე-საბურთალოს რაიონში, 15-ზე მეტ მიწის ნაკვეთს ყვარლის სხვადასხვა სოფელში და 380 ათას დოლარს ნაღდი ფულის სახით.

ანზორ ბოლქვაძე

ორჯერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის და ორჯერ ქართული ოცნების წევრის სტატუსით გახდა დეპუტატი - ოთხივე ჯერზე ხულოს მაჟორიტარის სტატუსით. 2024 წელს ანზორ ბოლქვაძე “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება არა მხოლოდ ხულოში, ასევე ხელვაჩაურში, ქედაში და შუახევში. “ქართული ოცნების” მოქმედი დეპუტატი 2001-2006 წლებში ხულოს გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა. 2006 წელს ის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურსა და ზემო აფხაზეთში საცხოვრებელი კოტეჯების, სკოლების, პატრიოტული ბანაკებისა და ხიდების მშენებლობისათვის.

გივი ჭიჭინაძე

მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი დეპუტატი პირველ ჯერზე ვანისა და ხობის მაჟორიტარის სტატუსით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში, მეორედ კი წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხობის მაჟორიტარად. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის კვლავ წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონში იქნება “ქართული ოცნების” დელეგატი. პარლამენტში მოხვედრამდე ჭიჭინაძე იყო ვაკის გამგებელი, შემდეგ კი იმერეთის რეგიონის გუბერნატორი. “ვარდების რევოლუციამდე” მუშაობდა “წითელი ხიდისა” და “სადახლოს” საბაჟოებზე. მის სამუშაო გამოცდილებაში 2000 წლიდან 2012 წლამდე პერიოდი ცარიელია. 2012 წელს ის “ქართული ოცნების” რეგიონული სამსახურის უფროსი და აღმასრულებელი მდივანი გახდა. გარდა პოლიტიკისა, გივი ჭიჭინაძე გატაცებულია ია მუსიკითა და სპორტით. სხვადასხვა დროს მღეროდა ანსამბლებში “თბილისი” და “ქართული ხმები”. 2005 წლიდან არის ანსამბლ ფესვების დირექტორი. შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები ფილმებში, არის რაგბიში აქართველოს თასის სამგზის ჩემპიონი საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტის გუნდთან ერთად. 2006 წელს მიიღო ხელოვნების ქურუმის წოდება.

პაატა კვიჟინაძე

2012 წლიდან პარლამენტარი პირველად საკანონმდებლო ორგანოში “ქართული ოცნების” პარტიული სიით მოხვდა, 2016 და 2020 წლებში მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით. 2024 წელს ის “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება საჩხერე-ჭიათურა- ხარაგაულში. ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, პარლამენტში მოხვედრამდე, 1993-2010 წლებში კვიჟინაძე უცხოეთში თავისივე კერძო სამშენებლო ბიზნესს ხელმძღვანელობდა. მისი ქონებრივი დეკლარაციით შეიძლება ვარაუდი, რომ სამშენებლო ბიზნესი კვიჟინაძეს სავარაუდოდ რუსეთში ჰქონდა - 2001 წელს მან მოსკოვში მარშალ ტუხაჩევსკის ქუჩაზე პირველი ბინა და ავტოფარეხი იყიდა ჯამში 45 000 დოლარად, 2007 წელს კი კიდევ ერთი ბინა შეიძინა ტოლბუხინის ქუჩაზე 100 000 დოლარად. რუსეთში ის სავარაუდოდ სხვა ქონებასაც ფლობდა - 2023 წელს მან მოსკოვის რაიონის სოფელ სოლოსლოვოში მიწის გაყიდვით 140 000 დოლარის შემოსავალი მიიღო. პაატა კვიჟინაძე ერთ-ერთია პარტიის შემომწირველებს შორისაც - 2017 წელს მან 60 000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას.”

გიორგი ხახუბია

მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი დეპუტატი 2023 წელს გახდა შუალედური არჩევნების შემდეგ როგორც ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი. ამ ოლქში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გიორგი ხახუბიას მამა, დეპუტატი ირაკლი ხახუბია სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 2024 წელს ხახუბია “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება ფოთი, ხობი, სენაკში. საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრამდე გიორგი ხახუბია მუშაობდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში (2017-2019) და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში (2019-2022). გიორგი ხახუბია ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის - მისი და მისი მეუღლის სახელზეა რეგისტრირებული არაერთი უძრავი ქონება თბილისში, ბაკურიანში, ფოთში, ჩოხატაურში, ბათუმში.

ვასილ ჩიგოგიძე

მეექვსე და მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ორჯერ სხვადასხვა პარტიის სახელით ხარდა ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი: პირველად 2004 წელს ის ბლოკ “ახალი საქართველოსთვის” წევრი იყო, 2020 წელს კი “ქართული ოცნების.” 2024 წელს ჩიგოგიძე “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება არა მხოლოდ ჩოხატაურში, ოზურგეთსა და ლანჩხუთშიც. ჩიგოგიძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რკინიგზაში, 2010-2014 წლებში იყო კინოთეატრ “აპოლოს” დირექტორი. ჩიგოგიძე ერთ-ერთია მილიონერ დეპუტატებს შორის - 2020 წელს, როცა ის პარლამენტის წევრი გახდა, უკვე ფლობდა არაერთ უძრავ ქონებას თბილისში, ბაკურიანსა და საგურამოში, ბანკში 100 ათასი ევრო (397 ათასი ლარი) და ნაღდი ფულის სახით 300 ათასი დოლარი (984 ათასი ლარი). დეპუტატის სტატუსით 2020 წლის შემდეგ მან კიდევ შეიძინა რამდენიმე ბინა და მიწის ნაკვეთი, ასევე 105 000 დოლარის ღირებულების ავტომობილი და 66 376 დოლარის ფასიანი ქაღალდები. ვასილ ჩიგოგიძე "მდუმარე დეპუტატების” სიის წევრია - ის თითქმის არასოდეს არ იყენებს პარლამენტში სიტყვის თქმის უფლებას.

გოჩა ენუქიძე

ორჯერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის და ორჯერ ქართული ოცნების წევრის სტატუსით გახდა დეპუტატი - ოთხივე ჯერზე ამბროლაურის მაჟორიტარის სტატუსით. 2024 წელს გოჩა ენუქიძე “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში. პარლამენტში მოხვედრამდე როსტოვის რკინიგზის ინჟინერთა ინსტიტუტის კურსდამთავრებული ენუქიძე ბიზნესმენი იყო. სხვადასხვა დროს იყო შპს “ივერია-ენსის” დირექტორი, “იბერკომპანის” პრეზიდენტი, “ლუკოილ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე. ენუქიძე ერთდროულად არის “მილიონერ დეპუტატთა” და “მდუმარე პარლამენტართა” ჯგუფის წევრი. 2020 წელს, როცა ენუქიძე მეოთხე ჯერზე გახდა პარლამენტარი, მისი და მისი ოჯახის ქონება საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა თბილისსა და ამბროლაურში უძრავი ქონებებით, ბანკების აქციებით და დანაზოგით. ბოლო სამი წლის განმავლობაში დეპუტატმა და მისმა მეუღლემ კიდევ ერთი სახლი და მიწის ნაკვეთი შეიძინეს, 2022 წელს გოჩა ენუქიძემ შეიძინა 161 200 ევროს ღირებულების ავტომობილი (Aston Martin) და “ტესლას” 557 149 დოლარის ღირებულების აქციები. 2021 წლის განმავლობაში გოჩა ენუქიძის მიკროფონი პარლამენტში მხოლოდ 2-ჯერ ჩაირთო, 2016-19 წლებში კი მან პარლამენტში მხოლოდ 7-ჯერ ითხოვა სიტყვა.

დავით შერაზადიშვილი

2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება ბოლნისში, დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში. ბოლნისის მერის თანამდებობას ის 2017 წლიდან იკავებს. Მერად არჩევამდე მუშაობდა ბოლნისის გამგეობაში. „სტუდია მონიტორის“ და „რადიო თავისუფლების“ 2018 წლის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, შერაზადიშვილის, ნათესავები და მეგობრები რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების მუნიციპალურ კონტრაქტებს უკონკურენტოდ იღებენ - ამ გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ბოლნისის მერმა თქვა, რომ სამართლებრივ დავას აპირებდა იმის დასამტკიცებლად, რომ ჟურნალისტური გამოძიების ავტორებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურდათ.

ლადო ხინჩეგაშვილი

2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება გორსა და კასპში. სანამ გორის მერი გახდებოდა, 2019 წელს 2019 წელს ლადო ხინჩეგაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებდა. გეგეშიძე მას შემდეგ დააკავეს, რაც ის მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილმა ძალადობაში დაადანაშაულა. 2024 წლის არჩევნებში ზურაბ დათუნაშვილი პარტია “ახალის” წევრის სტატუსით ხვდება - ჭიდაობის ფედერაციაში მომხდარი ძალადობის შემდეგ ის რამდენიმე წლის განმავლობაში სერბეთში ცხოვრობდა და სერბეთის სახელით ჭიდაობდა.

ზვიად შალამბერიძე


2024 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება ზესტაფონში, ბაღდათში, თერჯოლასა და ტყიბულში.

შალამბერიძე საჯარო სექტორში მუშაობის დაწყებამდე სადაზღვევო კომპანიებში მუშაობდა.

2009–2015 წლებში “ირაოს” გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობდა, 2009-2010 წლებში იყო “ჯი პი აი ჰოლდინგის” კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი.

დათო კოდუა


“ქართული ოცნების” დელეგატი ზუგდიდში იქნება.

გუბერნატორის მოადგილედ დავით კოდუა 2016 წელს დაინიშნა და ეს პოსტი 2019 წელს დატოვა.

2017 წელს კოდუა იყო “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზუგდიდში.

ილია ინჯია

მოქმედი დეპუტატის და ბიზნესმენის, ფრიდონ ინჯიას ვაჟი “ქართული ოცნების” დელეგატი მარტვილში, აბაშაში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში იქნება. 2023 წელს idfi-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც საქართველოში რუსულ ბიზნეს ინტერესებს ეხებოდა, ილია ინჯია, რომელიც მენეჯერულ პოზიციებს იკავებს მამის კომპანიებში, საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ილია ინჯია გვხვდება ფრიდონ ინჯიას ქონებრივ დეკლარაციებშიც: ისაა თანამფლობელი 2 086 929 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის, რომელიც ფრიდონ ინჯიამ 2023 წელს თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე შეიძინა. ილია ინჯია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის ერთ-ერთი წევრი და საფეხბურთო კლუბ "მერანის" ვიცე-პრეზიდენტია.

გიორგი ჭყონია

“ქართული ოცნების” დელეგატი ქობულეთში. ის მმართველი პარტიის შემადგენლობაში ახალი სახეა, მაგრამ კორუფციის მკვლევრები წლებია, საუბრობენ მისი მხრიდან სახელმწიფო რესურსების საეჭვო გამოყენების ფაქტებზე. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით, გიორგი ჭყონია ფლობს 20 კომპანიის წილს და ხელმძღვანელობს 3 კომპანიას. ეს კომპანიები, თავის მხრივ, ფლობენ სხვა კომპანიების წილებს. გიორგი ჭყონიას კომპანიებიდან 3 - შპს „გზა”, შპს „ბათუმი ცენტრალი” და შპს „შატო კვირიკე” აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში. გიორგი ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ჯამში შესწირეს 1 394 000 ლარი. გიორგი ჭყონიას მხოლოდ 3-მა კომპანიამ 2011-2023 წლებში 335 638 719 ლარი მიიღეს სახელმწიფო შესყიდვებიდან. გარდა ამისა, მან სახელმწიფოდან სარგებლობაში ან/და საკუთრებაში 4 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი და რამდენიმე მილიონი ლარის საგრანტო დაფინანსება მიიღო. ჭყონიამ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა მმართველ პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ჯამში 1 394 000 ლარი შესწირეს. ჭყონიას ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი, ალა კახნიაური, ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვიდანაა და დღესაც მისი რამდენიმე კომპანიის მმართველ რგოლშია.

არჩილ ბერიძე



ჯგუფ “ალილოს” სოლისტი, მუსიკოსი არჩილ ბერიძეც ახალი სახეა “ქართული ოცნების” სიაში.

ის ბათუმში იქნება მმართველი პარტიის დელეგატი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG