ეს დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონის მოლდოვასთან რეინტეგრაციის შესაძლებლობაა. ევროკავშირის ოპტიმიზმს ძირითადად განაპირობებს სამი ფაქტორი: ევროკავშირის გაფართოება, ომი უკრაინაში და რუსეთის ინტერესის კლება.
თუმცა, მოლდოვის ოფიციალური პირები კვლავ ფრთხილობენ. სეპარატისტულ ანკლავს მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე კვლავაც ჰყავს დაახლოებით 1500 ჯარისკაცი რუსული პასპორტებით თავის მიწაზე და საკუთარ საქმეებს მოსკოვის მხარდაჭერით მართავს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. 1990-იანი წლების დასაწყისიდან.
სინამდვილეში, მოლდოვის ოფიციალურ პირებს უფრო მეტად აშფოთებთ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი, რომელმაც შეიძლება კიშინიოვში წლის ბოლოს კრემლისადმი უფრო მეგობრულად განწყობილი მთავრობა მოიყვანოს. 1 იანვარს რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერდა უკრაინასთან ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო. მოლდოვასა და დნესტრისპირეთს გაზის, გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე უწევთ ყოფნა.
არადა აშკარაა, რომ მოლდოვა ევროკავშირს უახლოვდება. არსებობს დიდი იმედი, როგორც ბრიუსელში, ასევე კიშინიოვში, რომ უახლოეს ხანებში გაიხსნება გაწევრიანების 33-დან 7 თავი.
გასულ კვირას ახალმა კომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა თქვა, რომ, მისი აზრით, 2029 წლისთვის ევროკავშირის სამი კანდიდატი ქვეყანა მზად იქნება წევრობისთვის. ამ სამში თითქმის დანამდვილებით მოლდოვაც იგულისხმება.
ბრიუსელში ბევრ ოფიციალურ პირს ძალიან სურს, რომ ბლოკს აღმოსავლეთის მინიმუმ ერთი ქვეყანა მაინც შეუერთდეს. საქართველოში დემოკრატია მცირდება, უკრაინა კვლავაც ომის ალშია გახვეული და ევროკავშირს ჯერ კიდევ სჭირდება მტკივნეული რეფორმების გავლა მსხვილი ახალი წევრის მისაღებად. მოლდოვა, როგორც ჩანს, ამჟამად ძალიან კარგად არის პოზიციონირებული.
მოლდოვის სასარგებლოდ მუშაობს ისიც, რომ ევროკავშირის არცერთ სხვა წევრ ქვეყანას არ გამოუთქვამს წინააღმდეგობა ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განსხვავებით, მაგალითად, უკრაინისაგან, რომლის წინააღმდეგაც სლოვაკეთი და უნგრეთი გამოდიან.
კიდევ ერთი ფაქტორია ომი უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქ გარკვეული წინსვლა აქვს, მისი ძალები სერიოზულად გადატვირთულია. კრემლი დნესტრისპირეთის ჯარს ალბათ სხვაგან უფრო გამოიყენებდა. (აქ გასათვალისწინებელია, რომ დნესტრისპირეთში რუსული ძალა ადგილობრივი მოსახლეობისგან შედგება და მათ რუსეთისთვის ბრძოლა შეიძლება არ სურდეთ.)
ასევე ნახეთ ნიკოლაი პატრუშევი: "უკრაინა გაქრება, მოლდოვა დაიშლება..."ისედაც, რამდენად უღირს რუსეთს დნესტრისპირეთის შენარჩუნება?
2024 წლის ნოემბერში რუმინეთში მომხდარი ამბების შემდეგ, როდესაც რუსული გავლენის სავარაუდო ოპერაციამ გამოიწვია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის გაუქმება, საკითხავია, ხომ არ ურჩევნია მოსკოვს, დნესტრის ტერიტორია დანარჩენ მოლდოვას დაუბრუნდეს?
დნესტრისპირეთში 350,000 ადამიანი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ან რუსულენოვანია, ან კი რუსეთისადმი სიმპათიითაა განწყობილი. მათი მოლდოვის პოლიტიკაში ჩართვა შეარყევდა ისედაც უკიდურესად მყიფე კონსენსუსს ევროპასთან დაახლოებაზე.
ბრიუსელში რამდენიმე ოფიციალურ პირსა და დიპლომატს ვესაუბრე, რომელთა აზრითაც, მოსკოვისთვის უფრო იაფი და ეფექტიანი იქნებოდა მოლდოვის ამგვარი დესტაბილიზაცია, სეპარატისტული რეგიონის დაფინანსებასა და გამყარებასთან შედარებით.
მთავარი გამოცდა ახლა ყველა მხარისთვის გაზის კრიზისია. რუსეთი ამტკიცებს, რომ მოლდოვას გაზის 700 მილიონ დოლარზე მეტის გადაუხდელი დავალიანება აქვს. კიშინიოვი ამტკიცებს, რომ დავალიანება არ გააჩნია. თვის დასაწყისში საერთაშორისო მედიასთან, მათ შორის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს „ხელოვნურად შექმნას რეგიონში ჰუმანიტარული კრიზისი არასტაბილურობის გამოწვევით და საბოლოოდ გავლენის მოხდენა მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე წლის ბოლოს“.
ახლა საკითხავია, რომელი ნარატივი გაიმარჯვებს დნესტრისპირეთში, რუსეთი ამტკიცებს, რომ კიშინიოვი, უკრაინა და დასავლეთი არიან პასუხისმგებელნი ენერგეტიკის დეფიციტზე. დნესტრისპირეთში ამ კრიზისმა შეიძლება გააძლიეროს აზრი, რომ მოსკოვი მაინცდამაინც დაინტერესებული არ არის მათი კეთილდღეობით. რუსეთის მიერ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის სწრაფად გაწირვამაც შეიძლება აფიქრებინოს, რომ მოსკოვი მოკავშირეებს იოლად იშორებს თავიდან.
თუმცა, რთულია იმის დადგენა, თუ რას ფიქრობს ხალხი დნესტრისპირეთში. მოლდოვის ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სივრცეში შეღწევა ძნელია. რუსეთს კვლავაც შეუძლია მხსნელის როლი ითამაშოს, თუ ის სეპარატისტულ რეგიონში გაზის ნაკადების აღდგენას გადაწყვეტს. სეპარატისტული რეგიონის ლიდერი ახლახან მოსკოვში იმყოფებოდა და დნესტრისპირელებს დაჰპირდა, რომ მალე დაიწყება გაზის შეზღუდული „ჰუმანიტარული მიწოდება“ - და, რაც მთავარია, არა უკრაინის გავლით.
ასევე ნახეთ რუსეთმა მოლდოვას შეუწყვიტა დნესტრისპირეთისთვის განკუთვნილი გაზის მიწოდებათუმცა, გაუგებარია, როგორ მოხვდება რუსული გაზი დნესტრისპირეთში. თუ ის უკრაინას არ გაივლის, მაშინ მოლდოვა უნდა გაიაროს. რუსული გაზის მიწოდების ყველაზე სავარაუდო ალტერნატიული გზა არის თურქეთის, ბულგარეთის, რუმინეთისა და შემდეგ მოლდოვის გავლით. ამგვარი მარშრუტი მოლდოვას აძლევს უპირატესობას არა მხოლოდ ტრანზიტის გადასახადებიდან პოტენციური შემოსავლის თვალსაზრისით, არამედ გაზის მარცხენა სანაპიროზე გადინების კონტროლის შესაძლებლობით. რუმინეთი აქაც საკვანძო მოთამაშეა, და ის მიანიშნებს, რომ წინააღმდეგია რუსული გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებისა.
თუ მოსკოვს სურს იყოს დნესტრისპირეთის მხსნელი, შესაძლოა, საბოლოოდ, იძულებული გახდეს გაზი ევროკავშირის ბაზარზე იყიდოს, რაც ძვირი დაუჯდება.
დნესტრისპირეთიდან მომავალი ბოლო ცნობების თანახმად, რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობა მზად არის, კიშინიოვიდან გაზი მიიღოს. თუმცა, უცნობია, როდის შეიძლება მოხდეს ასეთი მიწოდება ან ფულს ვინ გადაიხდის.
ენერგეტიკული კრიზისის შემსუბუქების კიდევ ერთი ვარიანტია არა გაზი, არამედ ქვანახშირი. ეს გამოსავალი რუსეთს არ უნდა აძლევდეს ხელს. დნესტრისპირეთის ელექტროსადგურები იყენებენ აღმოსავლეთ უკრაინის ნახშირს, ძირითადად იმ ტერიტორიიდან, რომელსაც ამჟამად კრემლი აკონტროლებს. ამ მხარეში მძიმე ბრძოლებმა სამთო მოპოვება მნიშვნელოვნად გაართულა და ექსპორტს შესაძლოა დრო დასჭირდეს. გარდა ამისა, მოსკოვისთვის დაწესებული ევროკავშირის სანქციები შეიძლება ნიშნავდეს, რომ ნახშირის იმპორტი რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინიდანაც შეუძლებელია.
დნესტრისპირელებს მოლდოვასთან გარიგებისაკენ შეიძლება საბოლოოდ უბიძგოს იმან, რომ კიშინიოვმა ჯერჯერობით მოახერხა ელექტროენერგიის შეწყვეტის თავიდან აცილება. მან ეს დიდწილად გააკეთა დნესტრისპირეთის კურჩუგანის ელექტროსადგურზე დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც რუსულ გაზზე მუშაობდა და სანაცვლოდ ელექტროენერგია და გაზი რუმინეთიდან მიიღო. ეს მოლდოვის მთავრობას ძვირი უჯდება, თუმცა მას ეხმარება ბრიუსელის 1,8 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური დახმარების პაკეტი.
6 იანვარს უცხოური მედიისთვის ჩატარებულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა დაადასტურა, რომ ეს სუბსიდიები მოლდოვის მცხოვრებლებისთვის ყველაზე ცივ პერიოდს მოიცავს, იანვრიდან მარტამდე.
პრესისთვის მიცემულ კომენტარებში რეჩანმა გაიმეორა მოლდოვის დიდი ხნის ამოცანა - „ქვეყნის სრული რეინტეგრაცია მშვიდობიანი გზებით“. მოლდოვის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რეინტეგრაცია შეიძლება დაიწყოს მხოლოდ რუსული ჯარების გაყვანით და გაეროს მანდატით სამოქალაქო სამშვიდობო მისიის შემოღებით.
მოლდოვაში ნებისმიერი შესაძლო რეინტეგრაცია რჩება უაღრესად სენსიტიურ თემად, იმის გამო, რომ, სავარაუდოდ, ზაფხულში საპარლამენტო არჩევნები დაძაბული იქნება. თუმცა, ამჟამინდელი ვითარება კიშინიოვს შესაძლებლობას აძლევს, რეინტეგრაციის ნიადაგი მოსინჯოს. დნესტრისპირეთში უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს მოლდოვის პენსიებით, სკოლითა და სამედიცინო დახმარებით, ვიდრე ოდესმე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოლდოვისა და დნესტრისპირეთის ფისკალური და საბაჟო პოლიტიკის შეთავსების შედეგად სეპარატისტული რეგიონის საგარეო ვაჭრობის 70 პროცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ეს რიცხვი მხოლოდ გაიზრდება, თუ მოლდოვა ბლოკს დაუახლოვდება.