მექანიზმი, რომელიც უკრაინაში საქართველოს ელჩის მიმართ გამოიყენეს, არ არის აღწერილი „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციაში, რომელიც დიპლომატიურ ურთიერთობებს არეგულირებს. თუმცა დიპლომატიურ წრეებში გამონაკლისებზეც ლაპარაკობენ.
თბილისი „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს და აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება „სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში“ ერევა.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები ბოლო წლებში ქრონიკულად დაძაბულია და პერიოდულად მწვავდება.
შეწყვიტოს აბუჩად აგდება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩს, გიორგი ზაქარაშვილს 4 ივლისს გამოუცხადა „გადამჭრელი პროტესტი“ უკრაინის მოქალაქის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის არსებითად გაუარესების გამო. ქართველ დიპლომატს განუმარტეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მსგავსი დამოკიდებულება არის „აბსოლუტურად მიუღებელი“ და „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება“.
„ამასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩს უკრაინაში შესთავაზეს კონსულტაციებისთვის დაბრუნება თბილისში, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის გზების გამოსანახად“, - წერია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ტექსტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის მხარემ გამოხატა მზადყოფნა, „გადაუდებლად განიხილონ“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი.
ასევე ნახეთ უკრაინის საგარეო უწყებამ სააკაშვილის გამო საქართველოს ელჩს „გადაჭრით გამოუცხადა პროტესტი“უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში არ წერია, რომ ელჩმა უკრაინა 48 საათში უნდა დატოვოს, რაც მანამდე, 3 ივლისს, გადაწყვეტილების გამოცხადებისას, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახსენა. თუმცა მითითებულია, რომ სრულდება პრეზიდენტის მითითებები.
მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „მკაცრი საუბრის“ შემდეგ, ელჩი „გაემგზავრება საქართველოში“.
ასევე ნახეთ უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს
საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლების შეკითხვებისთვის, ელჩთან კონსულტაციებისა და კიევში საელჩოს მუშაობის შესახებ, ჯერ არ უპასუხიათ.
4 ივლისს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში - საგარეო უწყებამ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა და კიევის გადაწყვეტილებას - „დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურესი ფორმა“ უწოდა.
„უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება არსებით ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობებს და წარმოადგენს სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში პირდაპირ ჩარევას“, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეს სიტყვები სწრაფად მოხვდა რუსეთის მედიაში.
უწყება აცხადებს, რომ „ომის აქტიური ფაზისა“ და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით „დიდი პასუხისმგებლობის“ გათვალისწინებით, თავს იკავებს უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო რეაქციებისგან და გამოთქვამს იმედსაც, რომ „ოფიციალური კიევი გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას და ძალისხმევას მიმართავს ორი ქვეყნის ისტორიულად მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ“.
ასევე ნახეთ საქართველოს საგარეო უწყება თავს იკავებს უკრაინის საპასუხო რეაქციისგან
- ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „შეურაცხმყოფელს“ უწოდებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. როგორც მან 4 ივლისს თქვა, საქართველოს არჩევანია, „თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინის ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის დღეს ომის მდგომარეობაში“.
- ზელენსკის „უმადურს“ უწოდებს „ხალხის ძალის“ ლიდერი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე; თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ზელენსკი „მორიგ დავალებას“ ასრულებს და „სხვა ქვეყნების დაკვეთების განმახორციელებელს კიდეც რომ ჰქონდეს მადლიერების გრძნობა, ამის თქმის უფლებას არავინ მისცემს“.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე შეგნებულად მიიყვანა, მისი ცუდად ყოფნა ტყუილია და ვინც ამ საკითხზე განგაშს ტეხდა, ყველამ ბოდიში უნდა მოიხადოს.
იცნობს თუ არა დიპლომატია ასეთ დემარშს?
მექანიზმი, რომელიც უკრაინაში საქართველოს ელჩის მიმართ გამოიყენეს, არ არის აღწერილი „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ“ ვენის 1961 წლის კონვენციაში - საერთაშორისო დოკუმენტში, რომელიც ქვეყნებს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს და მათ შორის - ელჩებთან დაკავშირებულ წესებს არეგულირებს.
ვენის კონვენციის თანახმად:
- მიმღებმა სახელმწიფომ გამგზავნ ქვეყნას შესაძლებელია „ნებისმიერ დროს“ და „გადაწყვეტილების აუხსნელად“ შეატყობინოს, რომ მისი ელჩი ანდა საელჩოს რომელიმე თანამშრომელი გამოცხადებულია პერსონა ნონ გრატად ანდა მიუღებლად არის ჩათვლილი;
- ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, შეტყობინების ადრესატმა ქვეყანამ, გარემოებების მიხედვით, ან უნდა გაიწვიოს კონკრეტული დიპლომატი, ანდა უნდა შეუწყვიტოს ფუნქციები საელჩოში.
- თუკი გამგზავნი ქვეყანა უარს ამბობს ანდა არ შეუძლია გონივრულ ვადაში გაიწვიოს ელჩი, ანდა შეუწყვიტოს მას ფუნქციები, მიმღებ ქვეყანას შეუძლია, რომ უარი თქვას კონკრეტული პირის საელჩოს წარმომადგენლად აღიარებაზე.
როგორც რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი, ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში, დიპლომატი გიორგი ბადრიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, „ჩვეულებრივ დიპლომატიურ პრაქტიკაში ძალიან იშვიათად“, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, როცა ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყნის ელჩს უბრალოდ უშვებენ - პერსონა ნონ გრატად გამოუცხადებლადაც.
„წელს აპრილში ჩადის მთავრობამ მოთხოვა გერმანიის ელჩს ქვეყნის დატოვება ისე, რომ ოფიციალურად პერსონა ნონ გრატად არ გამოუცხადებია. შარშან მალიმ გაუშვა საფრანგეთის ელჩი... ერთადერთი განსხვავება ამ შემთხვევაში ისაა, რომ, თეორიულად, ეს ელჩი [არა ნონ გრატად გამოცხადებული] შესაძლოა მომავალში დაბრუნდეს, თუმცა ეს ნაკლებად რეალისტური მგონია“, - გვეუბნება ბადრიძე. მისი შეფასებით, უკრაინის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „სერიოზული დემარშია“, რომლის შემდგომი ნაბიჯი შესაძლოა „დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევა“ იყოს.
„თანმიმდევრულად უარესდება ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი ელჩი დანიაში, გიგი გიგიაძე. დიპლომატი განმარტავს, რომ ელჩისთვის 48 საათის მიცემის შემთხვევა უპრეცედენტოა, დიპლომატია ასეთ მექანიზმს არ იცნობს და არც შესაბამისი, „სარკისებური ნაბიჯებია“ სადმე გაწერილი.
გიგი გიგიაძის შეფასებით, უკრაინის მიერ გადადგმული ნაბიჯი წარმოადგენს სიგნალს საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავისი გადაწყვეტილების შესახებ ტვიტერზეც დაწერა, „რასაც მთელი მსოფლიო უყურებს“.
ასევე ნახეთ არახამიას თქმით, ყველა საერთაშორისო მონაწილე უნდა ჩაერთოს სააკაშვილის გადარჩენის პროცესშიმიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემას კიევი უკვე დიდი ხანია ითხოვს. ამ საკითხის „ყველა დონეზე“ დაყენების შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი, ექსპრეზიდენტის დაკავების პირველი დღეებიდანვე აცხადებდა. პატიმრის მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, მისი რიტორიკაც მკაცრდებოდა.
გიორგი ბადრიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ელჩის თბილისში გამოშვების მკაცრი ნაბიჯის გადასადგმელად, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარდა, უკრაინას საქართველოს მიმართ უკმაყოფილების არაერთი მიზეზი დაუგროვდა და მათ შორის არის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთთან.
„საქართველოს ხელისუფლება, სრულიად დაუფარავად, ღიად არის გადასული უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი კომერციული, პირდაპირ ვთქვათ - მერკანტილური შესაძლებლობების გამოყენებაზე... რუსეთის ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ საქართველო რუსეთისთვის იმ ბლოკადის გარღვევის საშუალებაა, რომელიც მას დასავლურმა სანქციებმა... ამას რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ უკრაინელები“, - ეუბნება გიორგი ბადრიძე რადიო თავისუფლებას.
ასევე ნახეთ რა აუკრძალა უკრაინამ "საქართველოს ავიახაზებსა" და თამაზ გაიაშვილს ასევე ნახეთ უკრაინის საქმეთა რწმუნებული Georgian Airways-ის სანქცირების გამო საგარეო უწყებაში იმყოფებოდა1 ივლისს, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელმოწერით დაამტკიცა სანქციების დაწესების შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებები და არაერთი სახის სანქცია დაუწესდა როგორც ქართულ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC), ასევე მის ხელმძღვანელს - თამაზ გაიაშვილს.
კიევი განაგრძობს მუშაობას საერთაშორისო დონეზე მათი სანქცირების მიზნით.
თბილისში ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააპროტესტეს და 3 ივლისს, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ ქართული ავიაკომპანიის სანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც.
მზარდი დაძაბულობა და ელჩები
როცა გიორგი ზაქარაშვილი უკრაინაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე დაინიშნა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უკვე დაძაბული იყო. თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კიდევ უფრო დაიძაბა.
გიორგი ზაქარაშვილმა პოსტზე შეცვალა თეიმურაზ შარაშენიძე, რომელიც თბილისმა, პოლიტიკური დემარშის ფონზე, უკრაინიდან გამოიწვია 2020 წლის მაისში - პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილების გამო - დაენიშნა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.
საქართველოს უკრაინაში ელჩი თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ ჰყავდა.
ასევე ნახეთ უკრაინა-საქართველო: დაკარგული დროის ძიებაშითეიმურაზ შარაშენიძე კიევში 2021 წლის 21 აპრილს დააბრუნეს [2021 წლის სექტემბრამდე]. ელჩის უკრაინაში დაბრუნება, 2021 წლის 9 აპრილს, პარლამენტის ტრიბუნიდან მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, როცა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას. მაშინ რუსეთს სრულმასშტაბიანი ომი დაწყებული არ ჰქონდა, მაგრამ მზადება უკვე შეინიშნებოდა.
ვიდრე რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, კიევი თბილისის მიმართ მწვავე რეაქციებს თითქმის საერთოდ არ ავლენდა. ომის დაწყების შემდეგ კი, მალევე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია და კიევს ამ დრომდე საქართველოში ელჩი არ გამოუგზავნია.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი 2022 წლის 1 მარტს, ჯერ კონსულტაციებისთვის გაიწვია, ხოლო შემდეგ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზად დასახელდა უკრაინისადმი დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციები.
იმავე წლის აპრილში ზელენსკიმ უცხოელ ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ აუცილებლად დავაბრუნებთ ელჩს მეგობრულ საქართველოში, როგორც კი ვიგრძნობთ თქვენი ხელისუფლების ლიდერების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას“.