Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საქმეთა რწმუნებული Georgian Airways-ის სანქცირების გამო საგარეო უწყებაში იმყოფებოდა


ფოტო არქივიდან: საგარეო საქმეთა სამინისტროს აბრა
ფოტო არქივიდან: საგარეო საქმეთა სამინისტროს აბრა

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ოლექსანდრ შულგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა.

როგორ სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, „შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ავიაკომპანია “აირზენა - საქართველოს ავიახაზების” და მისი მფლობელის სანქციების სიაში შეყვანის საკითხი“.

მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, რომ "შეხვედრაზე გამოიხატა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით. ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა ქ. კიევში საქართველოს ელჩმაც".

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქართულ ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC), ასევე მის ხელმძღვანელს, თამაზ გაიაშვილს, სანქციები დაუწესდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებს“ (Georgian Airways LLC) მთელი რიგი აკრძალვები შეეხო. სანქციების სია 14 პუნქტისგან შედგება.

თამაზ გაიაშვილმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისისა“ და პირადად მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ სანქცირებულთა სიაში ჩემი ან ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ შეყვანა აბსურდი და უსამართლობაა.“ გაიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას "საქართველოს მთავრობის მყისიერი და სარკისებური პასუხი მოჰყვება“.

საქართველო ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო „პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება“, რომელიც „ცალსახად მიუღებელია" და "არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც უკრაინას და საქართველოს გააჩნია“.

Georgian Airways-ი ერთადერთი ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც რუსეთში რეგულარულ რეისებს ასრულებს. ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის ყოველდღიურად დაფრინავს ასევე რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“.

მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

XS
SM
MD
LG