საქართველოს ელჩს, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სთხოვეს „კონსულტაციებისთვის“ თბილისში დაბრუნდეს. ამის შესახებ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
საქართველოს ელჩი უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილი 4 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით დაიბარეს, მას უწყებაში "გადაჭრით გამოუცხადეს პროტესტი უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო".
„ქართველ დიპლომატს უთხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს უკრაინის მოქალაქის აბუჩად აგდება. მასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩს უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილს, შესთავაზეს თბილისში დაბრუნება კონსულტაციებისთვის, არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად გზების მოსაძებნად“, - განუცხადეს „ევროპეისკაია პრავდას“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გამოცემის თანახმად, უკრაინულმა მხარემ ხაზი გაუსვა მზადყოფნას, დაუყოვნებლივ განიხილოს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უკრაინაში გადაყვანის საკითხი.
ამასთან, "ევროპეისკაია პრავდა" წერს, რომ საქართველოს ელჩთან მიმართებით უკრაინის პრეზიდენტმა არატიპური დიპლომატიური მიდგომა გამოიყენა - თავისი ელჩის"კონსულტაციებისთვის გაწვევა" ქვეყნის პრეროგატივაა და არა სხვა სახელმწიფოს მიერ მეორე ქვეყნისთვის შეთავაზებული დიპლომატიური ნაბიჯი.
3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა საგარეო უწყებას დაავალა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო დაიბაროს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გამოუცხადონ მკაცრი პროტესტი და 48 საათში შესთავაზონ ქვეყნის დატოვება. ამასთან, დაიწყოს მოლაპარაკება სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებლად.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებები მოჰყვა 3 ივლისს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზარის ფორმატში გამოჩენას თბილისის საქალაქოს სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც "7 ნოემბრის" საქმე განიხილებოდა.
საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია სააკაშვილთან დაკავშირებით „არის, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელი“.
ამ საქმეზე პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წაუყენეს ბრალი.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
თებერვალში საქართველოს სასამართლომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.