„კომპრომისის ილუზია“ - რა იქნება „ოცნების“ შემდეგი ნაბიჯი?

პარლამენტმა პროტესტის ფონზე „უცხოეთის აგენტების“ კანონი ჩააგდო

„ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ“ - ასე ახასიათებენ პოლიტიკის კომენტატორები „ქართული ოცნების“ სტრატეგიას, დაიხიოს უკან, როდესაც საზოგადოებრივი პროტესტი მწვავეა, მოგვიანებით კი, ხელსაყრელ დროს, „შეტევაზე გადავიდეს“.
  • მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა უკვე ფორმალურადაც გაიწვია „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი, რა შეიძლება იყოს მისი მომდევნო ნაბიჯები?
  • ნიშნავს თუ არა „ოცნების“ მიერ კანონის გაწვევა ავტორიტარულ მისწრაფებებსა და ანტიდასავლურ კურსზე უარის თქმას?

„უპრეცედენტო მასშტაბის ნაბიჯი უკან“

„ასეთი სერიოზული უკან დახევა „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წლის განმავლობაში არ გვინახავს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

10 მარტს, საყოველთაო პროტესტისა და დემონსტრაციების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კანონის „ამერიკული“ ალტერნატივაც გაიწვიეს.

პოლიცია 8 მარტს შეკრებილი დემონსტრაციის დაშლას მრავალი საათის განმავლობაში ცდილობდა

„ეს კანონი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ხელისუფლებისთვის ავტორიტარული ძალაუფლების გასამყარებლად. მას კარგა ხანია, არჩეული აქვს გზა, დაამყაროს რუსული მმართველობა საქართველოში და ეს კანონპროექტიც ასეთი ტიპის მმართველობისკენ გადასადგმელი აუცილებელი ნაბიჯი იყო. არა სასურველი, არამედ აუცილებელი“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.

ხელისუფლების უკან დახევის მიუხედავად, ანალიტიკოსები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ დემონსტრანტებსა და მოსახლეობას და შეახსენებენ, რომ „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში მოქმედებს პრინციპით: „ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ“.

„კომპრომისის ილუზია“

რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას განასხვავებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისგან, არის ის, რომ ეს ხელისუფლება ქმნის კომპრომისის ილუზიასო, მიიჩნევს პროფესორი კაჭკაჭიშვილი და განმარტავს:

„მას ფსევდოკომპრომისული, ოპორტუნისტული, ზიგზაგური პოლიტიკა აქვს - სადღაც გადაუხვევს თავის გზიდან, მაგრამ კვლავ უბრუნდება. ამ გზას შეგვიძლია დავარქვათ ავტორიტარული ძალაუფლების გამყარება“.

2019 წლის 20-21 ივნისის დემონსტრაციების ძალადობრივი დარბევის შემდეგ, - რაც რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავების გამო დაიწყო, - ბიძინა ივანიშვილმა პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა დადო. ირაკლი კობახიძე პარლამენტის სპიკერის პოსტიდან გადადგა.

ფოტო 2019 წლის ივნისის აქციებიდან - მას შემდეგ, რაც მაკო გომურმა თვალი დაკარგა სპეცრაზმის მიერ აქციის ძალადობრივი დაშლისას

საბოლოოდ:

  • 2019 წლის ნოემბერში, „მაჟორიტარების აჯანყების“ ფონზე, ივანიშვილის პარტიამ ჩააგდო საკანონმდებლო ცვლილებები;
  • გიორგი გახარია, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა აქციის ძალადობრივად დარბევაზე, პრემიერ-მინისტრად დაინიშნა;
  • ივანიშვილის პარტიიდან წასვლის შემდეგ კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ დაინიშნა.
ასევე ნახეთ სამი გადამწყვეტი რამ, რაც (გადა)თქვა “ქართულმა ოცნებამ”

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP-ის) დამფუძნებელი, ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია ამბობს, რომ კანონპროექტის ჩავარდნის მიუხედავად, საზოგადოება არ ინდა მოდუნდეს:

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლების მენტალობაში არაფერი შეცვლილა. ეს რადიკალები ისევ ხელისუფლებაში არიან. ეს ხელისუფლება, არაფორმალური მმართველის პირობებში, საშიში მმართველობის სისტემებით, კვლავ საშიშია და მომდევნო საპარლამენტო არჩევნების წინ, მნიშვნელოვანია, ხალხმა ეს არ დაივიწყოს“.

„შეხვედრები მოსახლეობასთან“?

თუკი „ოცნებას“ ერთ დღეში საკუთარი შეხედულებები არ შეუცვლია, მისი წარსული ქცევისა და სტრატეგიის გათვალისწინებით, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას მმართველმა გუნდმა? რამდენად იმუშავებს ეს ნაბიჯები?

პოლიტიკის კომენტატორები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებისა და ახალი შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების პერსპექტივას.

9 მარტის განცხადებაში, რომლითაც მმართველმა პარტიამ უკან დახევა გამოაცხადა, კვლავ იყო ხაზგასმული კანონპროექტის მიღების „საჭიროება“ - მის ავკარგიანობაზე მმართველ პარტიას აზრი არ შეუცვლია. მეტიც, განცხადებაში ეწერა:

„ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“.

„არა ნაცებს“ - ბანერი 2018 წლის არჩევნების დროს. ანალიტიკოსები სხვა კრიტიკული ხმების წინააღმდეგ მსგავსი კამპანიის გაძლიერებას არ გამორიცხავენ 2024 წლის არჩევნებისათვის

„ოცნების“ დეპუტატმა დიტო სამხარაძემ, რომელიც ამავე დროს პარტიის რეგიონული მდივანია, ფეისბუკზე დაწერა, რომ მართალია, ფიქრობს, გუნდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა კანონის საჭიროებას კვლავ გაუსვა ხაზი:

„მაქსიმალურად გავაცნობთ საზოგადოებას ამ კანონის მნიშვნელობას, ყველა რეგიონში, მუნიციპალიტეტებში, ახალგაზრდებთან გვექნება შეხვედრები. საქართველოს სჭირდება მსგავსი კანონები, პირველ რიგში იმისთვის, რომ გუშინდელი აღარ გამეორდეს“.

შესაძლოა, ეს დეტალები მიანიშნებდეს, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლო წელია დასავლეთის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, უარს არ იტყვის ჟურნალისტებისა და არასამთავრობოებისათვის „დასავლეთის აგენტების“ იარლიყის მიწებებაზე.

„აქ ჯაშუში ცხოვრობს“ - დაწერეს 9 მარტს ქუთაისში აქტივისტის სახლის ჭიშკარზე. აკაკი საღინაძე კანონპროექტის წინააღმდეგ ქუთაისში გამართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ეს სტრატეგია „ოცნებისთვის“ სარისკოდ მიაჩნია:

„ამ კანონის შემოღებით სურდათ, მომხდარიყო არასამთავრობოების სამართლებრივ დონეზე მარგინალიზაცია - ასე ვთქვათ, ინსტიტუციური სტიგმატიზაცია და რეპრესირება. რადგან ეს ვერ მოხდა, ყველაზე დიდი, დაუბრუნდებიან წინა სტრატეგიას, - მათ ლანძღვას. და, ცხადია, გამოიყენებენ სიტყვა აგენტს. თუმცა ახლა, როდესაც უკვე ჩაეფუშათ გეგმა, არა მგონია, ამის კომპენსაცია მოახდინოს აგენტის იარლიყის კვლავ გამოყენებამ“, - ამბობს იგი.

იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

მისი აზრით, თუკი „ოცნება“ ამ სცენარს დაუბრუნდება, მარტივად შეიძლება ძალიან კონტრნარატივი აიგოს - „კი მაგრამ, ხომ თავად უარყავით ეს კანონი? ჩათვალეთ, რომ ის საზოგადოების გამთიშავი იყო? აკეთებთ იმას, რაც თავად უარყავით?“ ასე რომ, სოციოლოგის აზრით, „ოცნებისთვის“ რისკის შემცველი იქნება ასეთი სტრატეგია.

„ქრისტიანობით ევროპისკენ“

კიდევ ერთი გზავნილი, რაც ბოლო დღეებში, კანონპროექტის წარდგენის შემდეგ დაიწყო მმართველმა გუნდმა, „ხალხის ძალის“ კვალდაკვალ, იყო ერთგვარი გამიჯვნა „ქრისტიანობისა“ და „ევროპისა“.

ანტიდასავლური ნაბიჯებისადმი საყოველთაო წინააღმდეგობის შემდეგ, მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ მას რეალურად სურს ევროპაში ინტეგრაცია, მაგრამ „ღირსებით“ და „ქრისტიანობით“.

ეს განცხადებები გაკეთდა იმის ფონზე, რომ ბოლო პერიოდში პროსამთავრობო მედიასა და ფეისბუკზე გაძლიერდა ნარატივი, რომელიც კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ეკლესიასთან მებრძოლებად“ წარმოაჩენდა.

„ეკლესიის მაგინებლები ვერასოდეს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ სუვერენიტეტით ევროპისკენ! ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ“, - თქვა ირაკლი კობახიძემ 8 მარტს, მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციის მეორე დღეს.

ირაკლი კობახიძე: „ქრისტიანობით ევროპისკენ“

იაგო კაჭკაჭიშვილის დაკვირვებით, ეს „ქართული ოცნების“ ახალი საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილი იყო: „როდესაც დაინახეს, რომ „ევროპა ყველას უნდა“, მათ შორის „ოცნების“ მომხრეებსაც, და განცხადებები წამოვიდა არათუ მხოლოდ საზოგადოებისთვის პატივსაცემი წრეებიდან, არამედ პროსახელისუფლებო არხებიდანაც, „ოცნების“ ლიდერები ვეღარ იტყოდნენ, რომ ევროპა არ უნდათ“.

ამიტომაც, მისი აზრით, „ოცნების“ ლიდერებმა გადაწყვიტეს, ასეთი გზავნილი ჰქონოდათ მოსახლეობისათვის: „ევროპა გვინდა, ოღონდ ღირსეული; ჩვენ, ქართველებს რომ გვეკადრება ისეთი, - თან რომ ჩვენი თავი თავადვე გვეყუდნოდეს და თან რომ უნდა მიგვიღონ“.

ეს იდეა, -„სუვერენული დემოკრატია“, - აბსოლუტურად რუსული იდეააო, ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი და იხსენებს: „ზუსტად ეს იდეა ჰქონდა ვლადიმერ პუტინს, როცა თავის დროზე შემოიღო კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ. სინამდვილეში ეს იყო არა სუვერენული დემოკრატია, არამედ სუვერენული ტოტალიტარიზმი. ამათაც ეგ დაიწყეს, თუმცა, ფაქტია, არ გაუვიდათ“.

10 მარტს, კანონის ჩაგდების შემდეგ, რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონმა საქართველოს არ მისცა უფლება, სუვერენული სახელმწიფო გამხდარიყო“.

ასევე ნახეთ „რუსეთშიც ასე დაიწყო“ - რუსი ჟურნალისტი „უცხოეთის აგენტების“ კანონზე

კობახიძემ, როდესაც 4 მარტს, „იმედის“ ეთერში, არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა, მათ „ეკლესიის წინააღმდეგ ქმედებებს” დაუკავშირა ეკლესიის რეიტინგის 90-დან 80%-მდე შემცირება. ამ დროს, ეკლესიის კრიტიკის ტაბუზე თავად ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2014 წელს ამბობდა:

„საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერი, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება და როგორც ითქმება, არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი, პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა ეკლესიის მსახური – ეს დამოკიდებულება, ჩემი აზრით, არის ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული და ეს არ უნდა იყოს ასე“.

რაც შეეხება თავად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, - რომელსაც ხშირად მოიაზრებენ პრორუსული ინტერესების გამტარად, - მას კონკრეტულად კანონპროექტის შესახებ პოზიცია არ გაუვრცელებია. არამკაფიო განცხადება შეეხო მხოლოდ თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს. ევროკავშირთან დაკავშირებით კი არქივში მოიძებნება პატრიარქ ილია II-ის 2016 წლით დათარიღებული კომენტარი:

„ევროკავშირი არის ის ორგანიზაცია, რომელსაც კარგად იცნობს საქართველო, ქართველი ხალხი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველო გახდეს სრულუფლებიანი წევრი იმ დიდი ორგანიზაციის. მე მინდა დაგარწმუნოთ, საქართველოს ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს იდეა განხორციელდეს“.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია II

„ქართული ოცნების“ მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას იმის გამო, რომ ისინი „ეკლესიას აგინებენ“, ფეისბუკზე გამოეხმაურა თანასწორობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, „სოციალური სამართლიანობის“ ცენტრის დირექტორი, თამთა მიქელაძე და მიუთითა, რომ მმართველი პარტია „ეკლესიას ამოეფარა“:

  • „სწორედ „ქართული ოცნების“ სუს-ის აგენტები უსმენენ ასობით მღვდელს;
  • სწორედ მათ გამოფინეს მღვდლების პირადი ცხოვრების მონაცემები საჯაროდ და მათი უმძიმესი დისკრედიტაცია მოახდინეს საზოგადოებაში;
  • ამ და სხვა კონტროლის პირობებში სწორედ ხელისუფლებამ დაასუსტა ეკლესია და ინსტიტუტი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა შემრიგებლის და მაკონსოლიდირებლის როლი, ეს როლი წაართვა;
  • საპატრიარქო არასდროს ყოფილა პოლიტიკურად ასეთი სუსტი, როგორც ახლაა, და ეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა, კონტროლის და „თაყვანისცემის“/„დასაჩუქრების“ ორმაგი ინსტრუმენტების მცოცავი გამოყენებით“, - მიიჩნევს თამთა მიქელაძე.
ასევე ნახეთ როცა სისტემა მოქმედებს ასე

კანონპროექტი მედიის წინააღმდეგ?

არის კიდევ ერთი ინიციატივა, რაც, შესაძლოა, „აგენტების კანონის“ გაწვევის შესახებ განცხადების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ წამოსწიონ. ეს კანონპროექტიც მედიას შეეხება.

2022 წლის 29 დეკემბერს, როდესაც „ხალხის ძალის“ ლიდერებმა „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი დააანონსეს, იქვე განაცხადეს, რომ პარლამენტში ასევე დაარეგისტრირებდნენ „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ შესახებ კანონპროექტს.

„ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას“, - განაცხადა მაშინ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილი, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი სპიკერი

კანონპროექტი ჯერ არ წარუდგენიათ პარლამენტისათვის, თუმცა 6 მარტს „ხალხის ძალასთან“ აფილირებული ტელევიზიის, POSTV-ის ეთერში, დეპუტატმა, ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა:

„მედიის კანონი მოჰყვება ამ ყველაფერს... ეს არის შემდეგი ეტაპი, ეს დაანონსებული გვაქვს. აუცილებლად მოჰყვება“.

იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მართალია, ხელისუფლებას სურს ასეთი კანონის მიღება, ვარაუდობს, რომ იგი ვერ იქნება უფრო წონიანი, ვიდრე აწ უკვე გაწვეული ინიციატივა.

„არ ვიცი, რამდენად გაბედავს „ქართული ოცნება“ ახლა ამ კანონის შემოტანას, რადგან კვლავ იქნება აღქმული საზოგადოების მიერ, როგორც დემოკრატიის უკუსვლა, ევროპასთან დაშორება, და ეს კვლავ გამოიწვევს საერთაშორისო საზოგადოების აღშფოთებას… ნაკლები მოლოდინი მაქვს, რომ ხელისუფლება ამას გაბედავს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი ნაბიჯი იყოს მედიის შეზღუდვისკენ გადადგმული“, - ამბობს სოციოლოგი.

„ჩვენ ვართ ევროპა“ - მოქალაქეები 8 მარტის დემონსტრაციაზე

„ოცნება“ გააგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას

„უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტს ორი ასპექტი ჰქონდა: საშინაო და საგარეო. ანალიტიკოსების თანახმად, საშინაო ველზე, იგი, დასუსტებული ოპოზიციის პირობებში, დამოუკიდებელი კრიტიკული აზრის ჩახშობის გზით ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის მცდელობას წარმოადგენდა.

ამასთან, არაპირდაპირი გზით, მტრულ ძალად მონიშნავდა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს. ვაშინგტონი და ბრიუსელი საქართველოს მთავრობას აფრთხილებდნენ, არ მიეღო ეს კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ურთიერთობების დაზიანების რისკზე მიუთითებდნენ.

ის, რომ კანონი არ მიღებულა, გარდა იმისა, რომ არ ნიშნავს „ოცნების“ ავტოკრატიის კონსოლიდაციისკენ სწრაფვის შეჩერებას, ასევე არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი პარტია ბოლო პერიოდში აღებული ანტიდასავლური კურსიდან გადაუხვევსო, ამბობს კორნელი კაკაჩია, GIP-ის დამფუძნებელი.

პროფესორი კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი

„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ თუ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტს, დიდი შანსია, ხელისუფლება დაკარგოს. იცის, რომ თუკი დამარცხდება არჩევნებში, დაახლოებით იგივე შეიძლება მოუვიდეს, რაც მოუვიდა სააკაშვილს“, - ამბობს კაკაჩია.

იგი მიიჩნევს, რომ რახან ბიძინა ივანიშვილს ეს სცენარი არ აწყობს, ცდილობს არა საგარეო პოლიტიკის ბალანსირებას, არამედ დისტანცირებას დასავლეთისგან: „ის ცდილობს რუსეთთან მიტმასნას. „ოცნების“, როგორც ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული პარტიის, ინტერესებში აღარ შედის დასავლეთში ინტეგრაცია“, - გვეუბნება იგი.

ასევე ნახეთ 3 წელია არ შეკრებილან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სამუშაო ჯგუფები

კორნელი კაკაჩია არ გამორიცხავს, რომ „ოცნებისთვის“ საუკეთესო გამოსავალი შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ ევროკავშირმა თვითონ უთხრას უარი და წლის ბოლოს საქართველოს არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, რისთვისაც კვლავ გააგრძელებს იმ რიტორიკას, რაც 2022 წელს აირჩია:

„იტყვიან, ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით სტატუსის მიღებას, მაგრამ მათ სურდათ ჩვენი „ომში ჩათრევა“, რაზეც უარი ვთქვით, და ამიტომ დავისაჯეთო. შესაძლოა, ამ სცენარს [ბრიუსელიდან უარს] ელიან, რათა შემდეგ თქვან, რომ სხვა გზა არ გვაქვს, ამ სამეზობლოში უნდა ვიცხოვროთ [და მეგობრული პოლიტიკა გვქონდეს რუსეთთანო]“.

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. 2013 წლის 2 ნოემბერი

ამ აზრის გაგრძელებად, - ასეთი სცენარის პრევენციის მცდელობად, - შეიძლება 8 მარტს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ნათქვამის განხილვა France 24-თან ინტერვიუში, - ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს, მიიღოს „სტრატეგიული გადაწყვეტილება“ და მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თუნდაც ეს საქართველოს მთავრობას არ სურდესო:

„ეს იქნება [ევროკავშირის] სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობისათვის, მათ შორის, თუკი საჭირო იქნება, მთავრობის [ნების] წინააღმდეგ“, - თქვა მან.

„სასურველი სცენარი - ორბანის უნგრეთი“

მეორე მხრივ, როგორც იაგო კაჭკაჭიშვილი ფიქრობს, „ქართული ოცნება“ თანახმა იქნება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი შეეგუება კონცეფციას - „ბიძინა სამუდამოდ“, - „ესე იგი, თუ ისინი შეეგუებიან ავტორიტარიზმს საქართველოში“:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის როლური მოდელი არის ვიქტორ ორბანის უნგრეთი - იყოს ეს ევროპულ სივრცეში, მაგრამ იყოს ავტორიტარი. და სწორედ ამისკენ ცდილობენ საზოგადოების მომართვას“, - ამბობს კაჭკაჭიშვილი.
ასევე ნახეთ უნგრული გაკვეთილი „უცხოეთიდან დაფინანსებასა“ და „აგენტებზე“

კორნელი კაკაჩია, - რომელიც ხშირად სტუმრობს ბრიუსელს, სადაც ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგენლებს ხვდება, - გვიზიარებს ინფორმაციას, რომ საქართველოს შესახებ აზრი კვლავ გაყოფილია:

  • „გადაწყვეტილების მიმღებთა შორის არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ „საქართველოს არაფერი ეშველება“, სანქციები უნდა დაუწესდეთ ივანიშვილსა და მის დეპუტატებს, თუმცა ეს ნიშნავს ქვეყნის იზოლაციასაც.
  • არის მეორე ნაწილი, რომელიც ამბობს, ეს რომ გავაკეთოთ, ყველა ხაზი გაწყდება, ამიტომ არ ვიჩქაროთ, იქნებ ჯერაც შესაძლებელია გავლენა მოვახდინოთ ამ ავტორიტარულ ხელისუფლებაზე, რათა ქართველი ხალხი არ დაიჩაგროს, რადგან ეს სანქციები ხალხზე იქონიებს გავლენასო“.

ანალიტიკოსის თქმით, პარლამენტს „უცხოეთის აგენტებზე“ კანონი საბოლოოდ რომ მიეღო, „გამორიცხული იყო კანდიდატის სტატუსის მიღება“. მისი აზრით, „ოცნების“ უკან დახევის შემდეგ, ბრიუსელში უახლოეს მომავალში მოუწევთ ამ საკითხზე ჩამოყალიბება. პირადად ის კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მიუხედავად იმისა, იმსახურებს თუ არა იგი ამას:

„თუ სტატუსი გვექნება, უფრო დიდი შანსია, ევროკავშირმა მოახდინოს ივანიშვილზე ზეგავლენა, მოახდინოს ზეგავლენა მის ქცევაზე, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ ამ სისტემის გარეთ იქნება“.