Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა ველით, რომ პარლამენტი ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომლებიც კრემლის მიერაა შთაგონებული - დეგნანი


კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი
კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ხმამაღლა და გარკვევით თქვეს თავიანთი სათქმელი და "ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ მათ მოუსმინა". ამის შესახებ ელჩმა ისაუბრა "შავი ზღვის პლატფორმის" ღონისძიებაზე, სადაც მას ჟურნალისტებმა "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტების გაწვევასა და მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ დაუსვეს კითხვა.

"ახლა ჩვენ ყველა ველით, რომ პარლამენტის თითოეული წევრი წითელ ღილაკს დააჭერს ხელს და ოფიციალურად უარყოფს იმ კანონებს, რომლებიც კრემლის მიერ არის შთაგონებული და არ სჭირდება საქართველოს.

საქართველოს ეს კანონები არ სჭირდება. უკვე არსებობს საკმაო დაცვა და გამჭვირვალობა იმ ფინანსური დახმარებისა, რაც საქართველოში ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რათა დაეხმაროს მათ, ვინც მთელ ქვეყანაში საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე დაუღალავად მუშაობს. სწორედ ამას ემსახურება საერთაშორისო დახმარება საქართველოში უკვე 30 წელია და ამის დასანახად საკმარისია მიმოიხედოთ ამ ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში და დაინახოთ, რომ ძალიან კარგი საქმე კეთდება. საქართველოს მოსახლეობას ახლა სურს დაინახოს, რომ მათმა მთავრობამ შეასრულოს დაპირება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად და იმედი მაქვს, რომ ახლა მთელი ენერგია და ყურადღება ამისკენ იქნება მიმართული. ეს არის უზარმაზარი შესაძლებლობა თითოეული ქართველის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და სწორედ ქართველი ხალხი აკისრებს მთავრობას პასუხისმგებლობას კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაპირებაზე", - თქვა კელი დეგნანმა.

საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

10 მარტს პარლამენტში ბიუროს სხდომა დაინიშნა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.

პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მხოლოდ ერთი საკითხი იქნება დღის წესრიგში - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „ჩაგდება".

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას.

კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

XS
SM
MD
LG