Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგარიტა სიმონიანი: თუ 2008 წელი განმეორდება, "თბილისს ეგრევე გლიჯავენ"


მარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი მონაწილის სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის წინ შეკრებილებმა დაიწყეს სკანდირება: „სოხუმი! სოხუმი!“

გამოქვეყნებული ვიდეო ფართოდ განიხილებოდა სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში. ამის შესახებ კომენტარი გააკეთა რუსული პროპაგანდისტული ტელევიზიის, RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ „მთელი ეს შუხური“ (საპროტესტო გამოსვლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ - რედ.) საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის გასახსნელად“.

„რადგანაც ჩემი მეგობრის, დაუვიწყარი სტივენ კოენის გარდაცვალების შემდეგ (რომელმაც, სხვათა შორის, 15 წლის წინ მითხრა, რომ თვითონ ვერ, მაგრამ მე ნამდვილად მოვესწრებოდი უკრაინის ორ ნაწილად გაყოფას) ამერიკელებს აღარ დარჩათ კრემლოლოგები (სსრკ სახელმწიფო ელიტის შესახებ კვლევების ავტორები, სოვეტოლოგები - რედ.), ვერავინ უკარნახებს, რომ 2008 წლის აგვისტოს განმეორების შემთხვევაში, საქართველოს არავინ დაუწყებს ლოლიავს და არავინ გაგზავნის იქ ჯარს, უბრალოდ ეგრევე გლიჯავენ თბილისს საქმეში დიდად გარკვევის გარეშე, თუნდაც იმიტომ, რომ:

ა) ახლა არავის სცალია სანტიმეტრების დასათვლელად;
ბ) თბილისში არ არის კიევ-პეჩორის ლავრა;
გ) ჩვენს ქვეყანაში არავინ ფიქრობს, რომ რუსები და ქართველები ერთი ხალხია და რომ რუსეთის ფედერაცია ოდესმე „თბილისის რუსეთად“ იწოდებოდა.

ასე რომ, სულ ტყუილად წამოიწყეს ეს ყველაფერი. მათ მაინც შეიბრალონ ლამაზი ქალაქი და მისი ტემპერამენტიანი მცხოვრებლები, თუ თვითონ (ქართველები - რედ.) არ ინდობენ საკუთარ თავს”, - დაწერა სიმონიანმა ტელეგრამ-არხზე.

მარგარიტა სიმონიანმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთი არასოდეს დაბომბავდა კიევს, რადგან „იქ არის ჩვენი სალოცავები, მათ შორის კიევ-პეჩორის ლავრა“.

8 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მარტში ამერიკელები „შეეცდებიან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას“. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის ცნობით, არძინბას მიაჩნია, რომ შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სამხრეთ კავკასიაში „მეორე ფრონტის“ გახსნაა.

ადრე არძინბამ განაცხადა, რომ "საქართველოსთან ომის ალბათობა საკმაოდ მაღალია".

თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ "საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სიტუაციას აკონტროლებს". აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას განცხადებით კი, „საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა ნეიტრალურია რუსეთის მიმართ“.

„მაგრამ ვინ თქვა, რომ არსებული ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელმძღვანელობა არ შეიცვლება ანტირუსული რადიკალებით ან თავად არ გახდება იძულებული გახსნას მეორე ფრონტი?“ - იკითხა სერგეი შამბამ.

უკრაინელი პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა საქართველოს მოუწოდა, ისარგებლოს უკრაინაში შექმნილი სიტუაციით და გადაჭრას ტერიტორიული პრობლემები, საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს. საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ „გლობალური ომის პარტია“ დასავლეთში ცდილობს საქართველოს ჩართვას ომში, რასაც კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

XS
SM
MD
LG