Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული - Amnesty International


დემონსტრანტების დაშლა რუსთაველის გამზირზე, 8 მარტი
დემონსტრანტების დაშლა რუსთაველის გამზირზე, 8 მარტი

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ბიუროს დირექტორი მარი სტრაზერსი ამბობს, რომ ხელისუფლებამ „ბოლოს და ბოლოს შეისმინა დემონსტრანტების ხმა“:

„დემონსტრანტების ხმა, რომელმაც აავსო ქალაქის ქუჩები უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში, დემონსტრანტების, რომლებმაც აჩვენეს დიდი სიმამაცე მაშინაც კი, როდესაც ისინი წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი აირის ღრუბელში იყვნენ გახვეულნი. ყველანი, ვინც პროტესტს გამოთქვამდნენ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების უფლების ფარგლებში და დააკავეს, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სამართალდამცავები დემონსტრანტების დასაშლელად იყენებდნენ არა მხოლოდ წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს, არამედ ხმოვან იარაღს. გარდა ამისა, დემონსტრანტების დაშლა პერიოდულად წინასწარი გაფრთხილებს გარეშე ხდებოდა.

Amnesty International-ი წერს, რომ როგორც დემონსტრანტები იტყობინებიან, სამართალდამცავები მათ უკეტავდნენ გასასვლელ გზებს, დასდევდნენ, აკავებდნენ და სცემდნენ:

„უმეტეს შემთხვევაში, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა იყო არაპროპორციული“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

9 მარტს, საღამოს, ცნობილი გახდა, რომ 7,8 და 9 მარტს ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა, 132 ადამიანი, თავისუფალია. უწყების ინფორმაციით, სამართალწარმოება გრძელდება.

"დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე", - წერია განცხადებაში.

მასში აღნიშნულია, რომ გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით ამ ეტაპზე დაკავებულია ერთი ადამიანი.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
XS
SM
MD
LG