რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუკავშირა და განაცხადა, რომ „ვაშინგტონმა საქართველოს არ დართო ნება გახდეს სუვერენული".
ვოლოდინმა ტელეგრამზე დაწერა, რომ „ამერიკული თეორიით“, მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს „დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება, დანარჩენები კი, უნდა არსებობდნენ წესებით, რომლებსაც მათ ვაშინგტონი კარნახობს“ და ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ამას არ ეთანხმება, „ფერადი რევოლუციის“ რისკის წინაშეა.
რუსეთის დუმის სპიკერი მსჯელობს იმაზე, თუ როგორ წაადგებოდა ქართველ ხალხს „უცხოეთის აგენტების კანონი“, რომელიც თავად აშშ-შიც მოქმედებს, მაგრამ იმის გამო, რომ ვაშინგტონს საქართველოზე საკუთარი გავლენის შესაზღუდად ამ კანონის მიღება არ სურდა, „რბილი ძალის ბერკეტის გამოყენებით ხალხი ქუჩაში გამოიყვანა“. ვოლოდინის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა დამორჩილებოდა, „არა ხალხის ნებას, არამედ შეერთებულ შტატებს“, პარლამენტიდან კანონპროექტის გატანით კი, ქვეყანამ დაკარგა „სუვერენიტეტის შანსი“.
ვოლოდინის პოსტ-სკრიპტუმია, რომ რუსეთი მხარს უჭერს "სხვა სახელმწიფოთა შიდა საქმეებში ჩაურევლობას" და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს საქართველოსთან "რთული ურთიერთობები" აქვს, „უსურვებს სუვერენულ სახელმწიფოდ შედგომას“.
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
- პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
- 7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა და 133 პირი დააკავა.
- საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
- 9 მარტს, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა კანონპროექტის შემდგომ განხილვასა და კანონად ქცევაზე.