იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს საგარეო კურსს დაუკავშირდა - ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი ამბობს, რომ „ოცნება“ ქვეყნის ევროინტეგრაციას უშლის ხელს.
მმართველი პარტია პრეზიდენტ ზურაბიშვილს კვლავ რადიკალური ოპოზიციის მოკავშირეობასა და ომის მოსურნეობაში ადანაშაულებს.
იმპიჩმენტს გულშემატკივრები ჰყავდა რუსეთში - იქ საქართველოში კრემლის მიმართ ლოიალური პრეზიდენტის ხილვა სურთ და ზურაბიშვილის ერთ-ერთ მთავარ ნაკლად პროევროპულობას ასახელებენ.
რა უთხრა და რას დაჰპირდა პრეზიდენტი "ოცნებას"?
„თუ ეს ნაბიჯი [იმპიჩმენტი] და ჩემი მოშორება იმას ემსახურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ... როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და, ამავე დროს, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის [PACE] რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის [რუსეთის] რეჟიმი დიქტატურად ცნო“, - მიმართა „ქართული ოცნების“ უმრავლესობას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, 18 ოქტომბერს, საკუთარი იმპიჩმენტის პროცედურაზე სიტყვით გამოსვლისას.
პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტმა არაერთხელ მიანიშნა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებით მოქმედებს.
- „ხელი აგიკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო-საზღვაო ბაზის [ოჩამჩირეში] გახსნის გეგმა“.
- „ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა“.
- „მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს“.
პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში სულ 15-წუთიანი იყო. მან შეკითხვებს არ უპასუხა.
86 მომხრე, 1 წინააღმდეგი - კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების გარდა, კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში იყვნენ „ევროპელი სოციალისტების“, „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ დეპუტატები. მოგვიანებით, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ წინააღმდეგ მიცემული ერთი ხმა მას ეკუთვნის.
"ბავშვი ასანთით"
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკა, დაუწუნა ზრდილობა და ისიც თქვა, რომ პრეზიდენტმა თავისი წინაპრების იმედები ვერ გაამართლა.
მანვე გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაზე, 2018 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც მაშინ დიდი ხმაური მოჰყვა.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავად ახდენდა საქართველოს ევროპული კურსის საბოტაჟს, როცა აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას მხოლოდ „ფორმალურად ასრულებს“.
„ოცნებისთვის“ ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის მოკავშირეა, რომელსაც ომი სურს. კობახიძემ თქვა, რომ ზურაბიშვილი იქნებოდა „ბავშვი ასანთით“, გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა რომ ჰქონოდა.
მმართველი პარტია პრეზიდენტს სისხლის სამართლის კოდექსითაც ემუქრება, თუკი ის კვლავ განაგრძობს უნებართვო მოგზაურობას საზღვარგარეთ.
„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა უკვე შეიძლება იძენდეს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. თუმცა მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის მიზანი როცა არის, ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირებული იყოს, ყველაფერს გააკეთებს, მას აღარ აქვს მუხრუჭი და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ იმსახურებს ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ზურაბიშვილი უკან დახევას არ აპირებს. „დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის, წლის ბოლოს, [ევროკავშირის წევრობის] კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: „სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება იძენდეს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს“თითქმის არავინ მოელოდა, რომ „ქართული ოცნება“ 100 მანდატის მობილიზებასა და იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანას შეძლებდა. ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა უარი თავიდანვე განაცხადა. მათი ძირითადი შეფასებაა, რომ მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის გამო სჯის და ამით ევროპული გზის საბოტაჟს ახდენს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“, კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლის გაგრძელების პარალელურად, „ცდილობს პრეზიდენტის როლი გამოკვეთოს, როგორც ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც ევროინტეგრაციისათვის იბრძვის და პოლიტიკური კაპიტალი ამ მხრივაც დააგროვებინოს“.
დეპუტატმა ბეჟაშვილმა ასევე შენიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილი არც დღევანდელი გამოსვლისას უხსენებია.
რუსეთის იმედები
მოსკოვში ჰქონდათ მსუბუქი იმედი, რომ ზურაბიშვილს „ოცნება“ პოსტს დაატოვებინებდა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობების აღმკვეთი კომისიის ხელმძღვანელი, ანდრეი კლიმოვი, რუსული „საპარლამენტო გაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი უნდა იყოს უფრო ადეკვატური რუსეთსა და საქართველოს შორის ბარიერების აღმოფხვრის კუთხით.
„ცნობილია, რომ ის [სალომე ზურაბიშვილი] საფრანგეთის მოქალაქეა. ამბობენ, რომ ქართულად ცუდად ლაპარაკობს. ზურაბიშვილი, პარაშუტისტის მსგავსად, გაგზავნილ იქნა საქართველოში - მას აქვს პროევროპული და შეიძლება ითქვას - პრონატოური პოზიციაც“, - კლიმოვისთვის, როგორც აღნიშნავდა, საქართველოს ხელისუფლების „სერიოზული განწყობა“ პრეზიდენტის შეცვლის შანსს აჩენდა.
რუსმა სენატორმა ასევე თქვა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესს ემსახურება და ეს ინტერესი მოიცავს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას; ხოლო ზურაბიშვილი დასავლეთში ვიზიტების დროს ანტირუსულ განცხადებებს აკეთებს.
პრეზიდენტის დღევანდელი საპარლამენტო გამოსვლიდან - რუსეთის მედიის ყურადღება მიიპყრო მისმა მოწოდებამ საერთაშორისო პარტნიორების მისამართით, რომ - „ანტიევროპული იმპიჩმენტის“ მიუხედავად, არ მიატოვონ საქართველო, რათა „რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება, ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს რბილი ძალის, ირიბი ოკუპაციის გამოყენებით თუ შავი ზღვის დესტაბილიზაციით“.
„რია ნოვოსტი“, ირაკლი კობახიძის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ „დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში ზურაბიშვილი იქნება ფორმალური პრეზიდენტი“.
„ვედომოსტი“ ახლახან აღნიშნავდა, რომ სალომე ზურაბიშვილსა და „ქართული ოცნების“ მთავრობას რუსეთის მიმართ დამოკიდებულება განასხვავებს, რადგან პრეზიდენტის პოზიციაა „უარის თქმა რუსეთთან ყველანაირ ურთიერთობებზე“.
„ზურაბიშვილი გამოდიოდა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებული კანონის მიღების წინააღმდეგ. ახალ დოკუმენტს რუსულ კალკს უწოდებდა. მხარს უჭერდა კანონის მოწინააღმდეგეების პროტესტს თბილისში, 2023 წლის მარტში“, - წერდა გამოცემა.
ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ, მარტის აქციების მხარდაჭერა, 18 ოქტომბრის სხდომაზე, სალომე ზურაბიშვილს „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა, „ოცნების“ მიმართ საგანგებო ლოიალობით გამორჩეულმა ფრიდონ ინჯიამაც წამოაძახა.
თებერვალში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა: „კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის [საქართველოს] განვითარების გზას არ განსაზღვრავს“.
"მხარს არ უჭერენ ევროინტეგრაციას"
18 ოქტომბერს, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, რომ მხარი არ დაეჭირა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.
ოთხი ევროპარლამენტარი გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის უცხოეთში ვიზიტების შეზღუდვა წარმოადგენს „ცხად მცდელობას“, რომ „ჩამოაშორონ პრეზიდენტი თავის კონსტიტუციით განსაზღვრულ მოვალეობას, წარმოადგინოს ქვეყანა და ქართველი ხალხის ნება“.
ასევე ნახეთ პრეზიდენტი კი არა, მთავრობა უნდა დაითხოვონ - 4 ევროპარლამენტარი იმპიჩმენტზეანდრიუს კუბილიუსის, რასა იუკნევიჩიენეს, ანა ფოტიგასა და მირიამ ლექსმანის შეფასებით, საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ თავიანთი ამ გადაწყვეტილებით „ადასტურებენ, რომ, მათი განცხადებების საწინააღმდეგოდ, მხარს არ უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას“ და ასეთი მთავრობა „თავად უნდა იქნეს დათხოვნილი“.
17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობად მიღებას შეეხება, საფრანგეთის საელჩომ შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ „ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს“, მისგან მოელის „ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე“, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის 12 პრიორიტეტთან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ახდენს:
„[იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება] პირდაპირ აზიანებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინშია“.