პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან „საქართველოს კონსტიტუციის მორიგი დარღვევისას“ დადგეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
"რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით. სალომე ზურაბიშვილი კვალვაც განაგრძობს კონსტიტუციის დარღვევას? ალბათ, განაგრძობს. რა შეუშლის? აქამდე იცოდა, რომ კონსტიტუციას უხეშად არღვევდა, თვითონ აქვს აღიარებული, ხვალაც წავა და დაარღვევს. რა შეუშლის? "ნაცმოძრაობის" იმედი კვლავაც აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლისსამართლებრივი გამოძიება. არ ვიცი, სამართლებრივად უცებ გამიჭირდება პასუხის გაცემა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა უკვე შეიძლება იძენდეს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. თუმცა მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანის მიზანი როცა არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირებული იყოს, ყველაფერს გააკეთებს, მას აღარ აქვს მუხრუჭი და ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ იმსახურებს ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას კითხვის პასუხად. ინჯია დაინტერესდა, თუ ვერ მოხერხდა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენება, რა იქნება შემდეგ, თუ ის კვლავ გადაწყვეტს მთავრობისგან დაუდასტურებელი ვიზიტების განხორციელებას.
ირაკლი კობახიძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უპასუხა თავად საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ასე ვერ შეაშინებენ.
„მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა. მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას. მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? ამის იმედი ნუ გექნებათ. ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო? ისე, როგორც თავის დროზე გავიყვანე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სხდომაზე, რომელზეც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, რეგისტრაცია გავლილი აქვს 87 დეპუტატს. იმპიჩმენტის გადაწყვეტას 100 ხმა სჭირდება. თუკი პარლამენტში იმპიჩმენტი მაინც შედგება, მომავალ პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის საკონსტიტუციო წარდგინება 3-4 ოქტომბერს განიხილა სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - 9 მოსამართლემ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 6 მოსამართლის მხარდაჭერა - სასამართლომ ზუსტად ამდენი ხმით დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და დადგენილება პარლამენტში გადაიგზავნა.