„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისას მისი პარტიის არგუმენტები ასეთი იყო: „წინაპრები, ფრანგული წარსული, დიასპორა, ქალი პრეზიდენტი და რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი“.
დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს განიხილავს.
პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა პარლამენტარმა, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნების“ მომხსენებელს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს, ჰკითხა, რატომ დაუჭირეს მხარი სალომე ზურაბიშვილს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში:
„რატომ ჩაიდინეთ ასეთი შეცდომა, როდესაც ძალით მოახვიეთ თავს [საზოგადოებას] პრეზიდენტი, რომელსაც, თქვენი თქმით, 1%-იანი რეიტინგი ჰქონდა, რომელიც თან დღეს კონსტიტუციას არღვევს?.. რატომ გააკეთეთ, რა მოტივაცია არსებობდა?" - ჰკითხა მან კობახიძეს.
კობახიძემ ჩამოთვალა არგუმენტები, რაც, მისი თქმით, მაშინ მმართველ გუნდს ჰქონდა:
„წინაპრები [ზურაბიშვილი ნიკო ნიკოლაძის შვილთაშვილია], ფრანგული წარსული [დაიბადა და მუშაობდა საფრანგეთში], დიასპორა, ქალი პრეზიდენტი… ეს იყო მთავარი არგუმენტები. და რეალურად დამოუკიდებელი კანდიდატი. ჩვენ არ გვინდოდა, რომ პრეზიდენტად ყოფილი „ოცნების“ სახე“, - განაცხადა მან.
კობახიძემ აღიარა, რომ „წინასწარი კონსულტაციები, რა თქმა უნდა, იყო“, მაგრამ თქვა, რომ „ეს პროცესი პირდაპირი ჩარევის გარეშე“ წარმართეს და ჰქონდათ მოლოდინი, რომ „ის სათანადოდ წარმართავდა საპრეზიდენტო საქმიანობას“.
„არ დაგიმალავთ, რომ ეჭვები [პრეზიდენტის მიმართ] ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის პროცესში გაგვიჩნდა“, - თქვა კობახიძემ და გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის კომენტარები 2008 წლის აგვისტოს ომზე. „წინასწარი კონსულტაციები მქონდა მე, პირადად. დაგვპირდა, რომ სხვანაირად იტყოდა რაღაცებს და შემდეგ სხვანაირად თქვა, შეგვიქმნა უხერხულობა“, - თქვა მან.
სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის დაწყებისას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ომი საუკუნეების წინ რუსეთმა დაიწყო, თუმცა „ჩვენ ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში“ და საომარი ვითარების ეს ნაწილი საქართველომ დაიწყო.
„რუსეთის პროვოკაციაზე აყოლას, შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია – უგუნურება?! გიჟი პრეზიდენტის ახირება თუ უცნაური და გაუგებარი გარიგება საუკუნოვან მტერთან?!" - თქვა მან ჟურნალისტებთან 2 დღის შემდეგ, 8 აგვისტოს.
ამ განცხადებების შემდეგ ოპოზიციამ ზურაბიშვილი მწვავედ გააკრიტიკა და რუსეთის სახელმწიფოს ვერსიების გავრცელებაში დაადანაშაულა. მაშინ „ოცნებას“ ჯერ ოფიციალურად არ ჰქონდა ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერა გამოცხადებული.
კობახიძე იხსენებს, სალომე ზურაბიშვილის ამ კომენტარებზე გუნდში „სერიოზული განხილვა იყო“, რადგან „უხერხულობები“ შექმნა, მაგრამ „უბრალოდ იქ გადაწყვეტილების გადასინჯვის რესურსიც არ იყო“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რას გულისხმობდა „ქართული ოცნება“ მაშინ, როდესაც ზურაბიშვილის არჩევას „პრინციპულ არჩევანს“ უწოდებდა:
„პრინციპული არჩევანის არსი იყო არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ დამნაშავე პოლიტიკური ძალის, კოლექტიური ნაცმოძრაობის, იმ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების არდაშვება. ეს იყო ჩვენი მოტივაცია მაშინ. იმედი გვქონდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულად გაუძღვებოდა ამ საქმეს, მაგრამ … სამწუხაროდ, მან იმედები არ გაამართლა და პირდაპირ შევიდა ალიანსში იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში, - შეიწყალა კრიმინალები, ვისიც ეშინოდა თავის დროზე მის ამომრჩეველს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ირაკლი კობახიძეს ისიც ჰკითხა, თუკი 2018 წელს მმართველი გუნდი „მიზანშეწონილობის პრინციპით“ უჭერდა მხარს ზურაბიშვილს, „დღეს სად წავიდა მიზანშეწონილობის პრინციპი, როცა ევროინტეგრაციის პროცესში გვეუბნებიან, ახლა არ არის ამის დროო“.
კობახიძეს ხვიჩიას კითხვის ამ ნაწილზე არ უპასუხია.
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტი დღეს, 18 ოქტომბერს, განიხილავს.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
ასე დასრულდა პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ წამოწყებული დავა.
პრეზიდენტის წინააღმდეგ მმართველი პარტიის საკონსტიტუციო წარდგინება 3-4 ოქტომბერს განიხილა სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ - 9 მოსამართლემ. გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო 6 მოსამართლის მხარდაჭერა - სასამართლომ ზუსტად ამდენი ხმით დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სამმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი გამოაქვეყნა და მიუთითა, რომ მათმა კოლეგებმა არასწორად განმარტეს პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები და ასევე საგარეო ურთიერთობებში მთავრობისგან თანხმობის შესახებ კონსტიტუციური ჩანაწერის მიზანი.
ახლა ჯერი პარლამენტზეა. პრეზიდენტის გადასაყენებლად პარლამენტში საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რაც მმართველ პარტიას დღევანდელი მდგომარეობით არ აქვს.
თუკი პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მაინც შედგება, მომავალ პრეზიდენტს, 5 წლის ვადით, 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, 18 ოქტომბერს, პარლამენტში განხილვის პარალელურად, „ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ" გარეთ დადგნენ და დარბაზში არ შევიდნენ.
„ჩემი დუმილის დრო დასრულდა", - თქვა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ იგი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.