„ვაშინგტონ პოსტი“: რუსეთი აზოვის ზღვაზე იერიშს გეგმავს?!

უკრაინელი მესაზღვრეებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცების წვრთნები აზოვის ზღვაში. 2021 წლის 30 ივლისი.

მიუხედავად აშშ-სა და რუსეთს შორის 10 იანვრის მოლაპარაკების შესახებ მიღწეული წინასწარი შეთანხმებისა, მოსკოვი არ ჩქარობს უკრაინის საზღვართან კონცენტრირებული სამხედრო ძალის უკან გაყვანას. უფრო მეტიც, ამერიკის დაზვერვის მონაცემებით, რომელსაც გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ეყრდნობა, რუსეთი თავის 175 ათასი ჯარისკაცით უკრაინაზე მასირებულ და მრავალგანზომილებიან სამხედრო თავდასხმას გეგმავს, ამჯერად აზოვის ზღვის მიმართულებით.

მოვლენათა საომარი სცენარით განვითარების საფრთხეზე დიდი ხანია უკრაინის ხელისუფლებაც ლაპარაკობს. თუმცა კიევში არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთი კვლავ ძალის დემონსტრირებას მიმართავდეს უკრაინის სამხედრო ძალების პროვოცირების ან დასავლეთისგან მისთვის ხელსაყრელი უსაფრთხოების გარანტიების მიღების მიზნით.

აპრილის არშემდგარი სამხედრო იერიში

რუსეთმა სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალ ძალის კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. ამასთან, რუსეთის არმიის კუთვნილი ტანკების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარების და ჯავშანმანქანების დიდი კონცენტრაცია არა მხოლოდ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რაიონებში, არამედ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზეც დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მოგვიანებით დონბასელი სეპარატისტების სამხედრო დახმარებას მიჰყო ხელი, კიევში რუსეთის შეჭრაზე ლაპარაკობენ როგორც მომხდარ ფაქტზე, რომელსაც შესაძლოა გაგრძელება ჰქონდეს.

„უკრაინა 2017 წლიდან ამტკიცებს, რომ რუსეთმა შექმნა დაახლოებით 100-ათასკაციანი დაჯგუფება, რომელიც მუდმივ მზადყოფნაშია, რათა 6-7 მიმართულებიდან განახორციელოს თავდასხმა უკრაინაზე. ამ წელს ეს საფრთხე მეტ-ნაკლებად მწვავედ გამოვლინდა აპრილ-მაისში, როდესაც რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნა წამოიწყო“, - უთხრა რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს მიხაილო სამუსმა, „ახალი გეოპოლიტიკის კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა.

ასევე ნახეთ ელის თუ არა უკრაინას 2014 წლის კონფლიქტის განმეორება?

უკრაინაში აცხადებენ ასევე, რომ სამხედრო სწავლება მხოლოდ ერთგვარი მანევრი იყო რუსეთისათვის, რათა დამატებითი ძალებით გაეძლიერებინა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებების საბრძოლო პოტენციალი ყირიმის ნახევარკუნძულზე და სეპარატისტების კონტროლის ქვეშ არსებულ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, რასაც რუსეთი დღემდე უარყოფს.

ჯერ კიდევ მარტის ბოლოს საგამოძიებო პროექტმა Conflict Intelligence Team-მა (CIT) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, რუსეთის არმიამ უკრაინის მიმდებარე ვორონეჟის რაიონში გადაისროლა სატანკო, მოტომსროლელი და საარტილერიო ნაწილები. რუსეთის ამავე რეგიონში შეამჩნიეს „ისკანდერის“სარაკეტო კომპლექსი. ერთ ასეთ რაკეტას აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრიდან 5 წუთში შეუძლია კიევამდე მიღწევა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინის სიახლოვეს, რუსეთის ტერიტორიაზე შარშან ზაფხულში 110-ათასკაციანი დაჯგუფება იყო განლაგებული.

ხოლო უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა, კირილ ბუდანოვმა, რუსეთის აგრესიული ჩანაფიქრის განხორციელების სამი შესაძლო სცენარი დაასახელა:

  • რუსეთის არმია უბრალოდ ძალის დემონსტრირებას ახდენს;
  • რუსეთი შეიჭრება უკრაინის სამხრეთ რეგიონებში, რათა განბლოკოს ყირიმისათვის წყლის მიწოდება;
  • რუსეთის ძალები მოახდენენ უკრაინელი სამხედროების პროვოცირებას დონბასში.

შესაბამისად, შარშან აპრილში აშშ-სა და ევროკავშირს მთელი თავიანთი დიპლომატიური ძალისხმევის გამოჩენა დასჭირდათ იმისათვის, რათა მოეხდინათ ვითარების დეესკალაცია უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, სადაც რუსეთმა ბოლო 7 წლის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო ძალებს მოუყარა თავი.

13 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს დაურეკა და უკრაინაში შექმნილი ვითარების გარშემო სასაუბროდ პირისპირ შეხვედრაზე მიიწვია.

ასევე ნახეთ ბაიდენი გამოდის უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციის და სამიტის გამართვის მოწოდებებით

ამ სატელეფონო საუბრიდან 10 დღეში რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ჯარების უკან დახევის ბრძანება გასცა. შემდეგ იყო ბაიდენ-პუტინის 16 ივნისის სამიტი ჟენევაში: უკრაინის თაობაზე ორმა ლიდერმა მოკლედ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მინსკის შეთანხმებები არ მოქმედებს.

პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი მიიჩნევს, რომ უკრაინის მზადყოფნის გამო, პუტინმა ვერ გაბედა ძალისმიერი სცენარის განმეორება.

„ბაიდენს შეეშინდა პუტინის და მიიწვია იგი მოლაპარაკებაზე. ამით საქმე მორჩა, პუტინს შეუძლია გამარჯვებულმა დაიხიოს უკრაინის საზღვრიდან“, - აღნიშნავდა პოლიტოლოგი დმიტრი ორეშკინი.

აპრილის შემდეგ უკრაინის საზღვარზე დაძაბულობა შემცირდა, მაგრამ ანალიტიკოსები უკვე მაშინ გამოთქვამდნენ გაფრთხილებას, რომ, ჯერ ერთი, რუსეთმა სამხედრო ტექნიკის მხოლოდ ერთი ნაწილი გაიყვანა, ხოლო არტილერია კვლავ დარჩა საზღვართან. და მეორეც, არ აღმოფხვრილა ის პრობლემა, რომლის გამოც პუტინს შეუძლია არმიას უკრაინაში შეჭრა უბრძანოს.

„რუსეთს შეუძლია უკრაინის ორი მესამედი დაიკავოს“

უკვე ოქტომბრის ბოლოს ამერიკულ გამოცემა „ვაშინგტონ პოსტში“ გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად რუსეთმა კვლავ დაიწყო სამხედრო ძალის გადასროლა უკრაინის საზღვარზე. ამ საფრთხეს თავიდან კიევში არ დაუჯერეს. მეტიც, უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, დასავლურ მედიაში გამოქვეყნებულ ცნობას, რომელიც მოგვიანებით უკრაინულმა გამოცემებმაც აიტაცეს, „შეგნებული დეზინფორმაცია“ უწოდა.

ასევე ნახეთ რა ხდება დონბასში და რატომ ადანაშაულებს კიევი დასავლურ მედიას „შეგნებული დეზინფორმაციის“ გავრცელებაში?

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოჩნდა თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალები, ასევე ამერიკული დაზვერვის მონაცემები. მხოლოდ ამის შემდეგ, 21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ზემოხსენებულმა ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა, განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განახორციელებს, სავარაუდოდ, 2022 წლის იანვარში ან თებერვალში.

მოვლენათა ასეთ განვითარებას არც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამორიცხავს. დმიტრო კულებას თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, რუსეთი შეეცდება ევროპაში ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის ძირის გამოთხრას და საზღვრების ძალით შეცვლას, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში, როცა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და დონბასში ომი დაიწყო.

ასევე ნახეთ უკრაინელი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ისევ შეეცდება საზღვრების ძალით შეცვლას

ამ ხნის განმავლობაში რუსეთის ლიდერი ყოველთვის გაურბოდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, დაესხმება თუ არა თავს რუსეთი უკრაინას.

„საქმე ის კი არ არის, რომ შეიყვანო იქ ძალები, თუ არ შეიყვანო; იომო, თუ არ იომო. საქმე ისაა, რომ მოწესრიგდეს ურთიერთობები: უფრო სამართლიანი მდგრადი განვითარებისთვის და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო საქმიანობის ყველა მონაწილის ინტერესის გათვალისწინებით. აი, თუ ჩვენ ამას გულწრფელად მოვინდომებთ, მაშინ არავის არავითარი საფრთხე არ დაემუქრება“, - განაცხადა პუტინმა ნოემბრის ბოლოს.

ასეთი გარანტია რუსეთს არავინ არ მისცა, ვაშინგტონმა კი გააფრთხილა მოსკოვი, რომ თუ რუსეთის არმია დაიწყებს უკრაინაზე შეტევას, მაშინ პასუხი იქნება ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილა. სხვა შესაძლო ზომებს შორის სახელდებოდა რუსეთის გამორთვა მსოფლიო გადახდის სისტემიდან (SWIFT), რაზეც დასავლური მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა ბაიდენ-პუტინის მეორე სამიტამდე.

ასევე ნახეთ რუსეთის აგრესია და მისი მოსალოდნელი ფასი

ბაიდენ-პუტინის ვირტუალური სამიტის შემდეგ რუსეთს არ შეუწყვეტია ჯარების კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან. პირიქით, კოლექტიური დასავლეთის გაფრთხილების პასუხად, მოსკოვმა ულტიმატუმის ფორმით თავად მოსთხოვა ვაშინგტონს და მის მოკავშირეებს უსაფრთხოების მყარი გარანტიები: ნატო აღარ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთისკენ, ალიანსმა უარი უნდა თქვას თავის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებაზე და ასევე არ უნდა განთავსდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა უკრაინასა და ამიერკავკასიაში.

ასევე ნახეთ პუტინის ულტიმატუმი დასავლეთს: „ეს თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები, თანაც დაუყოვნებლად!“

აღნიშნული მოთხოვნა ვლადიმირ პუტინმა 2021 წლის დიდ პრესკონფერენციაზეც გაახმოვანა.

„ეს ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს, არამედ ჩვენთან მოვიდა მათი სამხედრო ბაზები და შეტევითი შეიარაღების სისტემები. თქვენ კი [ნატოს ქვეყნები] ჩემგან მოითხოვთ [უკრაინაზე თავდაუსხმელობის] გარანტიებს. არა, ჩვენ გარანტიები თქვენ უნდა მოგვცეთ და თანაც დაუყოვნებლად!“ - განაცხადა 23 დეკემბერს ვლადიმირ პუტინმა.

და ამ მუქარანარევი განცხადებების და რუსეთის აგრესიული ქმედებების მიუხედავად, 2021 წელს გართულების თავიდან აცილება მოხერხდა. თუ რუსეთის მხარდაჭერილი პრორუსული ძალები შეეცდებიან იერიშზე გადასვლას აღმოსავლეთ უკრაინაში, ვაშინგტონი რუსეთს „მისი ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგებით“ ემუქრება. ასეთი „პრინციპული“ პოზიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ უკრაინაში კოლექტიური დასავლეთისგან კიდევ უფრო ქმედითი დახმარების მოლოდინი აქვთ.

უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებაზე აშშ მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში საქმით ზრუნავდა. ოქტომბერში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამატებითი დახმარების სახით აშშ-ისგან 60 მილიონი დოლარის ღირებულების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა "ჯაველინის" მორიგი პარტია, შესაბამისი საბრძოლო მასალა და სხვადასხვა სახის სამედიცინო და ლოგისტიკური აღჭურვილობა მიიღო.

ასევე ნახეთ პენტაგონმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა უკრაინისთვის 30 ტანკსაწინააღმდეგო „ჯაველინის“ გადაცემა

რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედროებისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებამ შესაძლოა უკრაინას აგრესიული მოქმედებებისკენ უბიძგოს სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი ეხმარება.

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები კი ფიქრობენ, რომ რუსეთი მორიგ სამხედრო ინტერვენციას ამზადებს უკრაინის წინააღმდეგ.

გაზეთი Washington Post-ი, ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის 175 ათასი რუსი ჯარისკაცის მონაწილეობით გეგმავს მასირებულ და მრავალგანზომილებიან შეტევას უკრაინის წინააღმდეგ. არის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აზოვის ზღვის სანაპირო ხაზს რუსეთისთვის ბევრად უფრო სერიოზული სტრატეგიული და ეკონომიკური ღირებულება აქვს, ვიდრე ომისგან დაზარალებულ აღმოსავლეთ უკრაინას. სწორედ ამიტომ იერიში შესაძლოა დაიწყოს ორი ქვეყნის (რუსეთ-უკრაინის) გამყოფ აზოვის ზღვაზე, რასაც შემდგომ რუსული დესანტის უკრაინის ნაპირზე გადასხმა მოჰყვება, - წერს ამერიკული გამოცემა.

უკრაინულ მხარეს და მის დასავლელ პარტნიორებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

ამ ფონზე ყველა ელოდება 10 იანვარს, როდესაც ჟენევაში მოლაპარაკებას გამართავენ აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის გარდა, მოლაპარაკების ყურადღების ცენტრში იქნება ასევე ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხები. 12 იანვარს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, ხოლო მომდევნო დღეს უკვე მოლაპარაკება ეუთოსა და რუსეთის წარმომადგენლების ფორმატში გაგრძელდება.