Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი გამოდის უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციის და სამიტის გამართვის მოწოდებებით


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ზომების გატარებისკენ მოუწოდა, რათა განიმუხტოს მზარდი დაძაბულობა უკრაინასთან, და გამოვიდა ორ ლიდერს შორის მესამე ქვეყანაში სამიტის გამართვის წინადადებით, იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი და ნატო კიევს კვლავ მხარდაჭერას უცხადებენ.

13 აპრილს, პუტინთან სატელეფონო საუბარში ბაიდენმა "გამოხატა ჩვენი შეშფოთება ოკუპირებულ ყირიმში და უკრაინის საზღვრებთან რუსეთის არმიის მოულოდნელი მატების შესახებ, და რუსეთს დაძაბულობის დეესკალაციისკენ მოუწოდა", - ვკითხულობთ თეთრი სახლის განცხადებაში.

კრემლმა დაადასტურა, რომ ბაიდენი ორ ლიდერს შორის "ახლო მომავალში" სამიტის გამართვის წინადადებით გამოვიდა, მაგრამ არ უთქვამს, დათანხმდა თუ არა ამას პუტინი.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ფოტოები, ვიდეოჩანაწერები და სხვა მასალები აჩვენებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ინტენსიურად გადაადგილდებიან უკრაინის საზღვრისკენ, ან მის სიახლოვეს, ისევე, როგორც მოსკოვის მიერ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც ზრდის შეშფოთებას, რომ მოსკოვი უკრაინაში სამხედრო ძალების გასაგზავნად ემზადება. ზოგიერთი ანალიტიკოსის ვარაუდით, რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ნაბიჯების მიზანია ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის, და უკრაინის მიმართ მისი ერთგულების გამოცდა.

XS
SM
MD
LG