აშშ-ის სამხედრო უწყების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა უკრაინისთვის შემოდგომაზე რამდენიმე ათეული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის, "ჯაველინისა" და შესაბამისი საბრძოლო მასალის გადაცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
„ეს ტვირთი უკრაინას 23 ოქტომბერს გადაეცა. აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარების ფარგლებში 2021 წელს 450 მილიონ დოლარზე მეტი გამოუყო, რაც ხაზს უსვამს ჩვენს მუდმივ ერთგულებას უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერით შეძლოს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ვიცე-პოლკოვნიკ ანტონ სემელროთის მიერ რადიო თავისუფლებისათვის გამოგზავნილ წერილში.
მანამდე პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასმა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, უკრაინამ პენტაგონისგან მიიღო 30 ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი „ჯაველინი“ და მისი 180 რაკეტა.
აშშ-ის ადმინისტრაცია, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების შემდეგ, დიდხანს არ აწვდიდა უკრაინას შეიარაღებას. მიწოდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ ეს შეიარაღება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს კონფლიქტის ზონაში, მაგრამ, როგორც პენტაგონი აცხადებს, მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის. სარწმუნო ინფორმაცია იმის თაობაზე, გამოიყენეს თუ არა „ჯაველინები“ საბრძოლო მოქმედებებში დონბასში, არ მოიპოვება.
რუსეთში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის სამხედროებისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებამ შესაძლოა უკრაინას აგრესიული მოქმედებებისკენ უბიძგოს სეპარატისტების წინააღმდეგ, რომლებსაც რუსეთი ეხმარება.
„ჯაველინების“ უკანასკნელი პარტია უკრაინას ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ვითარების გამწვავებამდე გადაეცა.