Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი ისევ შეეცდება საზღვრების ძალით შეცვლას


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთი განიხილავს უკრაინაში ახალი შეჭრის შესაძლებლობას, რათა რეგიონში ძალთა ბალანსი კარდინალურად შეცვალოს. უკრაინული გამოცემის, „ევროპეისკა პრავდა“-ს ინფორმაციით, კულებამ პოტენციურ საფრთხეებზე ილაპარაკა 29 ნოემბერს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, რუსეთი შეეცდება ევროპაში ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის ძირის გამოთხრას და საზღვრების ძალით შეცვლას, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში, როცა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა და დონბასში ომი დაიწყო.

კულებას ინფორმაციით, უკრაინის საზღვრებთან იმყოფება, სავარაუდოდ, 115 ათასი რუსი სამხედრო და დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, საომარი მოქმედებები მოიცავს შავ ზღვასაც, ამიტომ რუსეთის აგრესიული ქმედებები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მისი უახლოესი მეზობლების და პარტნიორების საერთო პრობლემაცაა.

დმიტრო კულებას განცხადებით, პუტინი მიიჩნევს, რომ დღეს დასავლეთი სუსტია და ამიტომ შეძლებს რუსეთის სასარგებლოდ ძალთა ბალანსის შეცვლას, თუმცა, მას უნდა დაუმტკიცონ, რომ ცდება.

უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალებს ზრდის და სავარაუდოდ, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 21 ნოემბერს, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ ოპერაციას დაიწყებს 2022 წლის იანვარში ან თებერვალში.

22 ნოემბერს, სააგენტო "ბლუმბერგ"-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-მა ნატოელ მოკავშირეებს გადასცა სადაზვერვო მონაცემები უკრაინის ტერიტორიასთან რუსი სამხედროების და შეიარაღების რაოდენობის გაზრდის შესახებ. სააგენტოს წყაროების თანახმად, რუსეთმა უკრაინაზე იერიში, შესაძლოა, დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან ან ანექსირებული ყირიმიდან. ამ ინფორმაციას რუსეთის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი უწოდა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა. რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინა თავად ემზადება საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად.

XS
SM
MD
LG