Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო დაზვერვა ერთმანეთს ადარებს უკრაინის და 2008 წლის საქართველოს მოვლენებს


რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვა თვლის, რომ აშშ და ევროკავშირი "კიევს მიზანმიმართულად უძლიერებენ ყველაფრის უფლების ქონის და დაუსჯელობის განცდას", რაც ჰგავს 2008 წლის მოვლენების წინა პერიოდის საქართველოს ვითარებას, როცა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ჯაჭვიდან აიწყვიტა".

"რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესსამსახური იუწყება, რომ ბოლო დროს ვაშინგტონელი ჩინოვნიკები აქტიურად მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობის დაშინებას, თითქოს რუსეთი "აგრესიისთვის" ემზადება უკრაინასთან მიმართებით", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ "არსებული ცნობებით", სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური არხებით აწვდის თავის პარტნიორებს და მოკავშირეებს "სრულიად მცდარ" ინფორმაციას რუსეთის ტერიტორიაზე ჯარის კონცენტრირების შესახებ, უკრაინაში შეჭრის მიზნით.

რუსეთის სადაზვერვო უწყებას ამ განცხადებაში მაგალითისთვის მოაქვს გებელსის ციტატა - რომ რაც უფრო წარმოუდგენელია სიცრუე, მით უფრო ენთუზიაზმით იჯერებს მას ბრბო - და დასძენს, რომ ეს ეწერება "დასავლეთის ანტირუსულ კურსში".

"განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აშშ-ის და ევროკავშირის პროვოკაციული პოლიტიკა, რომელიც კიევს უმყარებს ყველაფრის უფლების ქონის და დაუსჯელობის განცდას. მსგავსი სიტუაცია ვიხილეთ საქართველოში, 2008 წლის მოვლენების წინ. მაშინ მ.სააკაშვილმა "ჯაჭვიდან აიწყვიტა" და შეეცადა რუსეთის მშვიდობის დამცველების და სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო მოსახლეობის განადგურებას. მას ეს ძვირად დაუჯდა", - ვკითხულობთ რუსეთის საგარეო დაზვერვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის და აშშ-ის ურთიერთობა ცივი ომის შემდგომ პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. დაძაბულობას იწვევს ბევრი საკითხი, მათ შორის, რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევა, მოსკოვის მხრიდან ყირიმის ანექსირება, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, კიბერთავდასხმები, რომლებშიც რუს ჰაკერებს ადანაშაულებენ და კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ბედი.

დასავლეთის ქვეყნები ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო კვირებში რუსეთის მხრიდან სამხედრო ძალების გაძლიერებაზე უკრაინის საზღვართან, მოსკოვის სიბრაზეს კი იწვევს ნატოს წევრი ქვეყნების გახშირებული საზღვაო ვიზიტები შავ ზღვაში.

აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ნათქვამი აქვს, რომ დაძაბულობის მიუხედავად, მისი ადმინისტრაცია ცდილობს მოსკოვთან ითანამშრომლოს კონკრეტულ საკითხებში - მათ შორის, სტრატეგიული შეიარაღების შემცირებაზე, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ და კიბერთავდასხმებთან დაპირისპირებაზე.

18 ნოემბერს, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა გეოანამ რუსეთის წარმომადგენლებს მოუწოდა "მყარი, გამჭვირვალე და გულწრფელი" დიალოგი გამართონ დასავლეთის სამხედრო ალიანსთან, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.

"ჩვენ მზად ვართ [დიალოგი] გავაგრძელოთ და რუსეთს მოვუწოდებთ დაუბრუნდეს ნატო-რუსეთის საბჭოს", ანუ მთავარ ფორუმს ორ მხარეს შორის დიალოგისთვის, - თქვა მან. "მოცემულ მომენტში, რუსეთი ჩვენს მოწვევაზე უარს ამბობს, მაგრამ იმედი გვაქვს, ისინი გაიაზრებენ ნატოსთან მყარი, გამჭვირვალე და გულწრფელი დიალოგის სარგებელს", - ამბობს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე.

XS
SM
MD
LG