რას ჰყვებიან და რა ბედი ეწიათ აქციებზე დაკავებულ დემონსტრანტებს?

აქციის მონაწილეს, საბა სხვიტარიძეს სამართალდამცავები აკავებენ, 19 ნოემბერი, 2024 წელი

48-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, დიღმისა და ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორები დატოვეს 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციისას დაკავებულებმა.

ახლა ისინი სასამართლო სხდომების მოლოდინში არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ შეუტანია მათი საქმეები თბილისის საქალაქო სასამართლოში, შესაბამისად, უცნობია, როდის დაინიშნება სხდომები, რადგან შსს არ არის შეზღუდული ვადებში და შეუძლია სასამართლოს მიმართოს თუნდაც ერთი ან მეტი თვის თავზე.

რა ბედი ეწიათ დაკავებულებს?

19 ნოემბერს, არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე, მელიქიშვილის გამზირზე, სამართალდამცავებმა სულ 16 დემონსტრანტი დააკავეს.

სამართალდამცავები მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

დაკავებულთაგან სამი იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა შორის იყო ორი ქალი და „მთავარი არხის“ ოპერატორი.

უფრო მეტი დეტალი მათი დაკავების შესახებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ აი აქ.

მომდევნო დღეს, 20 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა იმსჯელეს სამი დაკავებულის საქმეზე.

  • მათგან ერთს, ირაკლი ანდღულაძეს, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
  • ორი - ისაკო დევიძე და დავით წოწორია, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8 დღიან პატიმრობაში დატოვა.


სამართალდამცავები მათ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი].

ასევე ნახეთ აქციაზე დაკავებული აქტივისტი ისაკო დევიძე მშრალ შიმშილობას აცხადებს

დავით წოწორიასა და ისაკო დევიძის ადვოკატები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვარაუდობენ, რომ მოსამართლემ იმის გამო გამოიყენა მათთვის პატიმრობა, რომ ისინი რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, ამავე მუხლით, სამართალდამრღვევებად იყვნენ ცნობილნი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, რომ სასამართლომ სამივე შემთხვევაში საკმაოდ მძიმე სანქციები გამოიყენა.

ასევე ნახეთ "სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას" - ორგანიზაციები აქციაზე დაკავებულთა პროცესებს ეხმაურებიან

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი ეკა ქობესაშვილი, რომელიც დაკავებულთა ინტერესებს იცავს, რადიო თავისუფლებას უხსნის, თუ რატომ წავიდა სამი დემონსტრანტის საქმე სასამართლოში სხვა საქმეებზე ადრე:

„ეს დემონსტრანტები დააკავეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა. მათი საქმე სასამართლოში შეიტანა კრიმინალურმა პოლიციამ. დანარჩენი დემონსტრანტები დააკავეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. პოლიციის დეპარტამენტს კი, ჯერჯერობით, არცერთ საქმეზე არ მიუმართავს სასამართლოსთვის“.

იზოლატორებში დარჩენილმა 9 დემონსტრანტმა წინასწარი დაკავების იზოლატორები 21 ნოემბერს, დილით დატოვა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს, 21 წლის ახალგაზრდას, მის საქმეს გამოძიებამ სისხლის სამართლის კვალიფიკაცია მიანიჭა და გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ეს დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7 წლამდე.

21 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის საქმეზე აი, ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა:

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.დ.-მ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა“.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 21 წლის ახალგაზრდას ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ. მის ინტერესებს კერძო ადვოკატი იცავს. დაკავებულის ოჯახი, ამ ეტაპზე, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

რას ჰყვებიან იზოლატორიდან გამოსული დემონსტრანტები?

იზოლატორიდან გამოსული დემონსტრანტები დაკავების დეტალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ სამართალდამცავების მხრიდან მათზე განხორციელდა როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაცხყოფა.

მელიქიშვილის გამზირი, 19 ნოემბერი, დემონსტრანტების დაკავება

მათგან ერთ-ერთი, მანუჩარ ჩაჩანიძე ჰყვება, რომ დაკავებისას მას პოლიციელმა ხელზე უკბინა:

მანუჩარ ჩაჩანიძე დაკავებისას, 19 ნოემბერი

„როდესაც აქცევ ადამიანს და ფეხებით დგები ზედ, თან წაქცეულზე რომ კბენ... პოლიციელმა მიკბინა. რომ ვერ დამემორჩილა ეს დიდი ადამიანი და მეჯაჯგურებოდა, ვითომ უნდა ეტკინა ჩემთვის ხელი.

აუცილებლად ამოვიცნობ ვიდეოში და ვაპირებ, რომ... ამათ სასამართლოში მიმართვას რა აზრი აქვს, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ, რომ სტრასბურგამდე მივიტანო ეს საქმე“.

ჟურნალისტების მიერ გადაღებულ კადრებში, კარგად ჩანს, როგორც ექაჩებიან სამართალდამცავები თმაზე საბა სხვიტარიძეს. პოლიციელებმა ის მელიქიშვილის გამზირზე, დილით ადრე დააკავეს:

საბა სხვიტარიძე დაკავებისას, 19 ნოემბერი

„ბევრი მირტყეს, თმებითაც მითრიეს. ყელით ვეჭირე, ზოგი საიდან მოდიოდა და ზოგი საიდან. ვინ მირტყამდა, ვეღარ ვიგებდი. შემდეგ, განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, იქ იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ერთი ადამიანის მხრიდან“.

დაკავებისას, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობს კიდევ ერთი დემონსტრანტი, გიორგი გაზაშვილი:

„ფილარმონიის მიმართულებით მივდიოდით, რომ გავიგეთ, რომ დაიწყო ჩვენი თანამებრძოლების დაკავება. ავიღე ტელეფონი, არც არავითარ სიტყვიერ შეურაცხყოფას არ ვაყენებდი სამართალდამცავებს და არც წინააღმდეგობას არ ვუწევდი, მაგრამ, სავარაუდოდ, იმის გამო დამაკავეს, რომ ვუღებდი კადრებს, როგორ უკანონოდ აკავებდნენ ჩვენს მოქალაქეებს. და რომ დაინახეს, რომ ვაფიქსირებდი პოლიციელების სახეებს, ჩემზეც გამოიწიეს და დაიწყეს დაკავება. რა დროსაც მივიღე დაზიანება სახის არეშიც და სხეულზეც. მანქანაში რომ ჩამსვეს, იქაც გააგრძელეს ჭიდაობა. ყველა ამ ადამიანის ამოცნობა შემიძლია“, - ამბობს ის.

21 ნოემბერს, წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შემდეგ პირდაპირ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წავიდა ალექსანდრე ქავთარაძე.

დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან უწყებას 19 ნოემბერს წინასწარი დაკავების იზოლატორიდანვე მიმართა:

ალექსანდრე ქავთარაძე დაკავებისას, 19 ნოემბერი

„ჩემი დაკავება დაიწყო იმის შემდეგ, რაც გამოვექომაგე გვერდით მყოფ ადამიანს, რომელზეც მიმდინარეობდა ძალადობა. იმას დაკავება არ ჰქვია, როგორც ამ ადამიანს ექცეოდნენ. ვეუბნებოდი: ფრთხილად, ნელა, ადამიანურად.

და მას შემდეგ, რაც იმ ადამიანს ხელი გაუშვეს, გადმოვიდნენ ჩემზე. როდესაც მანქანაში ჩამსვეს ძალის გამოყენებით, ერთმა პოლიციელმა კეფაში ჩამარტყა ხელი და მეორე პოლიციელი, რომელმაც თავიდან დაიწყო ჩემი დაკავება, გამოირჩეოდა განსაკუთრებული ძალადობით. და არა მარტო ფიზიკური, არამედ სიტყვიერითაც - სახეში მირტყამდა და მაყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას“, - თქვა ალექსანდრე ქავთარაძემ სპეციალურ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა საჩივრით კიდევ ერთმა დაკავებულმა დემონსტრანტმა დავით თუჯიშვილმა. ის ამბობს, რომ იმ დროს დააკავეს, როდესაც არასრულწლოვანი ბიჭის დაცვას ცდილობდა:

„არც დამცალდა, პატრულის ფორმიანმა თანამშრომლებმა დამიჭირეს. წამათრიეს, თან მირტყამდნენ. შეურაცხყოფას მაყენებდნენ მთელი გზის განმავლობაში... მანქანაში ჩასმის დროს რამდენიმე ადამიანი მაწვებოდა, ვყვიროდი, რომ ვიგუდებოდი. როცა შსს-შ შენობაში მიმიყვანეს, იქ უკვე გული მტკიოდა. ვეუბნებოდი, რომ სასწრაფო მჭირდებოდა, მაგრამ სასწრაფოზე არანაირი რეაგირება არ ჰქონდათ, წყალს მასმევდნენ".

19 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში მყოფი 14 დემონსტრანტი და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო კლინიკაში გადაყვანილი ორი პირი.

როგორც სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მათგან 10 ამბობს, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ან ძალის გადამეტების მსხვერპლია.

„სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება - ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული“, - წერია განცხადებაში.

აქციებზე დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების ფაქტებზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულზე, აპრილსა და მაისში, აქვს გამოძიებები დაწყებული. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე მაშინ აქციის 200-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

ასევე ნახეთ „ჯოხს იმიტომ ვიქნევდი, რომ შემეშინდა“ - რას ამბობს პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული მათე დევიძე  

დაკავებულებიდან ნახევარზე მეტი მიუთითებდა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე. მათ შორის რამდენიმეს კლინიკაში მკურნალობა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ჯამში 138 შეტყობინება შევიდა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას.

გამოძიებას, შვიდის თვის თავზე, ჯერ არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია, რომლებმაც სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს აქციის მონაწილეების მიმართ.

19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.

ასევე ნახეთ „ურტყამდნენ განზრახ, დამიზნებით“ - 19 ნოემბერი და ძალოვნების ძალადობის პრაქტიკა

აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.

საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.

შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.

ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.

პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.