"რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას!
რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ.
საქართველო გაიმარჯვებს", - ეს ტექსტი ისაკო დევიძის ფეისბუკის გვერდზე 21 ნოემბერს გამოქვეყნდა.
ისაკო დევიძე პოლიციამ 19 ნოემბერს დააკავა მელიქიშვილის ქუჩაზე, არჩევნების ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე, 15 სხვა დემონსტრანტთან ერთად.
სამართალდამცავები მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ამ მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
20 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სამი დაკავებულის საქმეზე იმსჯელეს, მათ შორის იყო ისაკო დევიძეც. ის და კიდევ ერთი დაკავებული, დავით წოწორია, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 8-8 დღიან პატიმრობაში დატოვა.
დავით წოწორიასა და ისაკო დევიძის ადვოკატები რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ვარაუდობენ, რომ მოსამართლემ მათ ადმინისტრაციული პატიმრობა იმიტომ შეუფარდა, რომ რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისას, ამავე მუხლით, სამართალდამრღვევებად იყვნენ ცნობილნი.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წერს, რომ სასამართლომ სამივე შემთხვევაში საკმაოდ მძიმე სანქციები გამოიყენა.
19 ნოემბერს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
საპოლიციო ძალები ჭავჭავაძის გამზირზე 19 ნოემბერს, დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის მივიდნენ. პარალელურად შსს-მ განაცხადა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა.
შსს-ს თანახმად, შეკრების მონაწილეებს აზრის და პროტესტის გამოსათქმელად საკმარისი დრო მიეცათ, ამიტომ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის, კომუნალური სერვისების ნორმალურად ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის უზრუნველსაყოფად აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, ტერიტორია კონსტრუქციებისგან გაათავისუფლონ.
ოპოზიციის ლიდერებმა საპროტესტო აქციის შეწყვეტაზე უარი თქვეს.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.
ფორუმი