აღმოჩნდა, რომ ამ სტრუქტურას, ერთი მხრივ, ძალიან მოქნილი ბერკეტები აქვს კონკრეტული ადამიანების შესახებ ფინანსური ინფორმაციის მოსაპოვებლად, მეორე მხრივ კი, შეუძლია სწრაფად დააყენოს მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და მოითხოვოს ანგარიშების დაყადაღება.
ანტიკორუფციული ბიუროს პირველი სამიზნეები „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, ასევე “აირჩიე ევროპა”, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები არიან.
2022 წლის მიწურულს საჯარო დაწესებულებებში კორუფციის გამოვლენისა და პარტიების ფინანსების შესამოწმებლად შექმნილი ორგანიზაცია „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო მოძრაობებსა და მათ ხელმძღვანელებს.
ეს სტატუსი მათ ავალდებულებს:
- წარადგინონ ფინანსური ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროში
- დაექვემდებარონ ყველა იმ შეზღუდვას, რაც პოლიტიკურ პარტიებს და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებს“ აქვთ.
ანუ:
- არ მიიღონ დაფინანსება უცხოეთიდან.
- არ მიიღონ დაფინანსება არცერთი ორგანიზაციისგან, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულისგან.
- წინასაარჩევნო პერიოდში არ ჰქონდეთ ისეთი აქტივობები, რაც შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს
- და აწარმოონ დეტალური ფინანსური ანგარიშები შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.
„კანონის უკანონო განმარტება“, „თვითნებობა“, „გაუგონარი ლოგიკა“, „ცენზურის დაწესების მცდელობა“, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა“, - ასე აფასებენ იურისტები ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის 24 სექტემბერს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებებს. ისინი თვლიან, რომ ბიუროს ხელმძღვანელი არასწორად განმარტავს კანონს და მას იყენებს იმათ წინააღმდეგ, ვისაც ის არ ეხება.
ასევე ნახეთ საია და "სამართლიანი არჩევნები" უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას„ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება საერთოდ სცდება ამ ბიუროს კანონით დადგენილ მანდატს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი. კანონის მიხედვით, გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტი არის ის, ვინც არჩევნებით ცდილობს ხელისუფლებაში მოხვედრას. ამავე კანონში წერია:
- ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების ინსტიტუციური განვითარება, რაც არ უკავშირდება რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებას.
- ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო აქტივობის განხორციელების და წინასაარჩევნო აგიტაციის წინააღმდეგ.
არცერთ იმ „სუბიექტს“, რომელსაც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ აცხადებს, არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია.
განსხვავებულ ვითარებაში არიან „აირჩიე ევროპის“ გამგეობის წევრები, ივა ჭყონია და ლელა ჯეჯელავა. ჭყონია 23 სექტემბერს შეუერთდა „კოალიციას ცვლილებებისთვის“, ლელა ჯეჯელავა კი 26 სექტემბერს დასახელდა კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სიის ოცეულში მეცხრამეტე ნომრად. თუმცა, ანტიკორუფციული ბიურო, 6 სექტემბერს, 17 და 20 დღით ადრე ამ გადაწყვეტილებებამდე, სასამართლოსგან უკვე ითხოვს ნებართვას მათ შესახებ ფინანსური ინფორმაციის მისაღებად. ამ დროს ჯერ არ არის გამოქვეყნებული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ „აირჩიე ევროპა“ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტია“ და არც ის არის ცნობილი, რომ მისი წევრები არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას.
„ანტიკორუფციული ბიურო, გარდა იმისა, რომ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს, პროცედურულადაც გაუგებრად მოქმედებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი კახა კოჟორიძე, რომელიც სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ წარმომადგენლების უფლებებს იცავს სააპელაციო სასამართლოში.
როგორც სამოქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ჰქონოდა წვდომა სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და მისი გამგეობის წევრების ფინანსურ ინფორმაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა მანამ, სანამ ბიუროს ხელმძღვანელი მათ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოაცხადებდა.
„თავის დროზე, როცა ეს ნორმა (გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის მონიტორინგის შესაძლებლობა) კანონში ჩაიწერა, მიზანი იყო პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობა და შავი ფულის მოძრაობის თავიდან არიდება. ეს ნორმა საჭიროა მაშინ, როცა მაჟორიტარულ ოლქებში ან საპრეზიდენტო არჩევნებში ადამიანები პარტიების გარეშე შეიძლება მონაწილეობდნენ და არა ახლა, როცა პირველად ტარდება სრულად პროპორციული არჩევნები, სადაც ფიზიკური პირები პარტიების გარეშე უბრალოდ ვერ მიიღებენ მონაწილეობას“, - ამბობს კახა კოჟორიძე და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ სასამართლომ ანტიკორუფციულ ბიუროს უფლება მისცა მისწვდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფინანსურ ინფორმაციას.
„რუსული კანონი ფიზიკურ პირებზე ასე პირდაპირ არ ვრცელდება და აქ მარტო ორგანიზაცია კი არ ჩერდება, ფიზიკური პირების გაუვნებელყოფაც ხდება. ანტიკორუფციულ ბიუროს უფრო სწრაფი, ეფექტური და მეტად რეპრესიული მექანიზმები აქვს. თუმცა, ამ მექანიზმების გამოყენებით, ხელისუფლება აჩვენებს, რომ მას სამოქალაქო აქტივიზმის უფრო ეშინია, ვიდრე პოლიტიკური პარტიების. ეს თუ შერჩა ხელისუფლებას, ქვეყანაში აბსოლუტურად შეიზღუდება სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის წარმოუდგენლად დრაკონული, მაგრამ შიშით მიღებული გადაწყვეტილება. ხელისუფლებას ნამდვილად ეშინია, რომ დასრულდება და ყველაფერს აკეთებს მოქალაქეების თავისუფალი გამოხატვის შესაზღუდად“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლელა ჯეჯელავა, „აირჩიე ევროპის“ თანადამფუძნებელი და პოლიტიკის ანალიტიკოსი.
არც თავად და არც ამ სამოქალაქო ინიციატივის სხვა წარმომადგენლები არ აპირებენ ხელისუფლების მოთხოვნის შესრულებას და გაჩერებას წინასაარჩევნო პერიოდში, თუნდაც მათ წინააღმდეგ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ისინი მატერიალური სიკეთეების გარეშე დატოვოს.
სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპა“, რომელიც 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა, საკუთარ მიზნად საქართველოს ევროპული მომავლის დაცვას აცხადებს. მოძრაობის თანადამფუძნებლები არიან ხათუნა ლაგაზიძე (უსაფრთხოების ექსპერტი), ლელა ჯეჯელავა (თსუ-ს პროფესორი, პოლიტიკის ანალიტიკოსი), გიორგი რუხაძე (ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში), ლაშა ძებისაშვილი ("საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი) და ივა ჭყონია (ბიზნესმენი). ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს როგორც ამ ადამიანების, ისე ორგანიზაციის სხვა წევრების, ნიკოლოზ შურღაიას, სოფიკო ჭყონიას, გიორგი თაქთაქიშვილისა და გიორგი პაპელიშვილის ფინანსურ ინფორმაციასაც. |
„აირჩიე ევროპის“ შექმნის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების კრიტიკა და დისკრედიტაცია და აღნიშნულ თემებზე წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზება, რასაც ადასტურებს “აირჩიე ევროპის” ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსებული პოსტები და აქტივობები“, - წერს ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციის შესახებ, რომლის გვერდიც ფეისბუკზე 10 ათასზე ნაკლებ ადამიანს აერთიანებს.
„პირდაპირ უნდათ დაგვახრჩონ და ეს გააკეთონ ბევრად უფრო ეფექტურად და სწრაფად, ვიდრე თუნდაც იგივე “რუსული კანონი” ითვალისწინებდა ამას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი, სანდრო ბარამიძე. ის თვლის, რომ ყველაფერი, რასაც ანტიკორუფციული ბიურო პოლიტიკურ განცხადებად ნათლავს, სამოქალაქო აქტივობა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული განცხადებაა. იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს განცხადებები პოლიტიკურად ჩაითვლება, ეს არ არის საკმარისი იმ ზომის შეზღუდვების დაწესებისთვის, რომლის ქვეშაც მოექცა მისი ორგანიზაცია.
„ჩვენზე უკვე გავრცელდა შემზღუდავი რეჟიმი აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ჩვენ რომ დაგვავალეს ფინანსური ინფორმაციის წარდგენა, ეს რეალურად ძალიან დიდ ინფორმაციას გულისხმობს - 5 დღის ვადაში თუ არ წარვადგენთ, მერე დაგვეკისრება სანქციები, ჯარიმები. ამ ჯარიმების აღსრულების პროცესში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შეუძლია თავისივე ბრძანებით ყადაღა დაადოს ჩვენს საბანკო ანგარიშებს და ჩვენს ქონებას, ამისთვის მას სასამართლოს მექანიზმის გამოყენება არ სჭირდება. გარდა ამისა, ჩვენ არ შეგვიძლია უცხოეთიდან დაფინანსების მიღება, იურიდიული კომპანიებისგან დაფინანსების მიღება - აქედან გამომდინარე, ის დაფინანსება, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ჩაითვლება უკანონო შემოწირულებად და კიდევ სხვა ჯარიმები დაგვეკისრება“, - ამბობს ის და არ გამორიცხავს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“, რომელსაც ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სადამკვირვებლო მისია ჰყავს არჩევნების დროს, პრობლემები შეექმნას ამ მიმართულებითაც.
ასევე ნახეთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს„საარჩევნო კოდექსში არ არის რაიმე ნორმა, რომელიც ამბობს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსი წაგერთმევა იმ შემთხვევაში, თუ კუპრაშვილმა [ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი - რ.თ.] გცნო პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის სუბიექტად, მაგრამ არ გაგვიკვირდება, რომ ცესკოს თავმჯდომარემაც მოიგონოს არარსებული ნორმა და თქვას, რომ რადგან კუპრაშვილმა გაგათანაბრა პოლიტიკურ პარტიასთან, შენ დამკვირვებელი ვერ იქნები“, - ამბობს სანდრო ბარამიძე. დამკვირვებლებს რეგისტრაციის ბოლო ვადა 17 ოქტომბერს აქვთ - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ უკვე რეგისტრირებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციად, თუმცა მიეცემა თუ არა მას ამის საშუალება, სავარაუდოდ, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. და იმ შემთხვევაშიც, თუკი ორგანიზაცია შეძლებს არჩევნებზე სრულფასოვნად დაკვირვებას, მისი სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებს შესაძლოა სანდოობის და მიუკერძოებლობის პრობლემა შეექმნას იმ სტატუსის გამო, რაც ანტიკორუფციულმა ბიურომ მიანიჭა.
გარდა არჩევნებზე დაკვირვებისა, ღიად რჩება, მაგალითად, მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული დახმარების საკითხი - იმ შემთხვევაში, თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სუბიექტად მიიჩნევა, მისი მხრიდან ამგვარი სერვისის გაწევა შეიძლება ამომრჩეველთა მოსყიდვად ჩაითვალოს.
„ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად“, - წერენ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებების პასუხად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ბენ კარდინი, ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი და საქართველოს ხელისუფლებას ახსენებენ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები „მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევს ხალხი“.
ასევე ნახეთ „ქართველებს არჩევნებზე ექნებათ შანსი, ვიგინდარები გაყარონ“ - მოსმენა სენატში „აგენტების კანონზე“
„ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება ენით აღუწერელ ზიანს მოუტანს თავისუფალ საზოგადოებას. ამ გადაწყვეტილებით გამოდის, რომ ნებისმიერი ადამიანი და ორგანიზაცია შეიძლება ჩაითვალოს დე ფაქტო პოლიტიკურ პარტიად და მასზე გავრცელდეს უზარმაზარი შეზღუდვები, თუკი ვინმე იტყვის, რომ არ მოსწონს ესა თუ ის პარტია და არ უნდა მათი მოსვლა ხელისუფლებაში. ეს იგივეა, რომ საზოგადოებას აუკრძალო პოლიტიკური შეხედულებების გამოხატვა, გამოდის, რომ ადამიანებმა არაფერი არ უნდა თქვან პოლიტიკაზე“, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადება საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად, დე ფაქტო ლიკვიდაციას ნიშნავს მათთვის.
ანტიკორუფციულ ბიუროს, საჯარო რეესტრის ფინანსური მონიტორინგის სამსახურისგან განსხვავებით, რომელიც „აგენტების კანონის“ აღსასრულებლად შეიქმნა, გაცილებით სწრაფად მოქმედი მექანიზმები აქვს არასასურველი ორგანიზაციების „დე ფაქტო ლიკვიდაციისთვის“. გარდა იმისა, რომ მისი არეალი შეიძლება გავრცელდეს როგორც ფიზიკურ პირებზეც, მოსამართლის თანხმობის გარეშე შეუძლია მოითხოვოს კონკრეტული პირების თუ ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება მისგან მოთხოვნილი ინფორმაციის ვერმიღების შემდეგ და ასევე, შეუძლია პროკურატურას მიმართოს დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.
ასევე ნახეთ „ჯაშუშების“ საჯარო გასამართლების გეგმა - ვის და როდის უპირებს დაჭერას ხელისუფლებაიურისტები, რომლებიც ახლა ანტიკორუფციული ბიუროს ხელით ხელისუფლებისთვის არასასურველი აქტორების დასჯის პროცესს აკვირდებიან, ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ „აგენტების კანონის“ ამოქმედებისგან თავი რამდენიმე მიზეზით შეიკავა, რომელთა შორის უმთავრესი სამოქალაქო პროტესტის ხელახლა აფეთქების შიშია. თუმცა, ამ კანონის ჯერჯერობით გამოუყენებლობის მიზეზი შეიძლება იყოს ის ბუნდოვანებაც, რაც კომერციული ბანკებიდან ინფორმაციის მიღების პროცედურასთან დაკავშირებით არსებობს და რაც ანტიკორუფციული ბიუროს შემთხვევაში ბევრად მკაფიო და მარტივია.
საქმე ისაა, რომ „აგენტების კანონი“ კომერციულ ბანკებს იმგვარი ინფორმაციის გაცემას სთხოვს, რომლის გაცემის ვალდებულებაც მათ არ გააჩნიათ ბანკების შესახებ კანონით.
ანტიკორუფციულ ბიუროს კი შეუძლია, მოთხოვილი ფინანსური ინფორმაციის ვერმიღების შემთხვევაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპოვოს კომერციული ბანკებიდან მათთვის სასურველი ინფორმაცია ნებისმიერ პირზე. საუბარია საბანკო საიდუმლოთი დაცულ ინფორმაციაზე, რაშიც მოიაზრება მოქალაქის ან ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების ამონაწერები შემოსავლისა და გასავლის დეტალური მონაცემებით.
„კომერციული ბანკების შესახებ კანონის მე-17 მუხლში ჩამოთვლილია ის ადმინისტრაციული ორგანოები და მათ შორის სასამართლოც, ვისთანაც ბანკები ვალდებულები არიან მიაწოდონ საბანკო საიდუმლოება. ამ ჩამონათვალში არ არის საჯარო რეესტრის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტი [უწყება, რომელსაც ევალება “აგენტების კანონის” მიხედვით რეგისტრირებული სუბიექტების შემოწმება და დაურეგისტირებელი ორგანიზაციების შემოწმება - რ.თ.]. კანონის ამ ნაწილში არაერთხელ შეიტანეს ცვლილება და თუ ბანკები ვალდებულები არიან, რომ მათ მიაწოდონ საბანკო საიდუმლოთი დაცული ინფორმაცია, მაშინ კანონში კიდევ ერთი ცვლილებაც უნდა შეეტანათ და დაემატებინათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი ირაკლი კორძახია.
ბანკები ვალდებულები არიან, კომერციული ბანკების შესახებ კანონის გარდა იხელმძღვანელონ მარეგულირებლის, ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკის ოფიციალური განმარტებებითაც.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ევალება კონკრეტული ქმედების განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს რაიმე სახის დოკუმენტი/ინსტრუმენტი ზემოხსენებული კანონის შესასრულებლად არ შეუმუშავებია“, - გვითხრეს ეროვნულ ბანკში, როცა ვიკითხეთ, გამოსცეს თუ არა დოკუმენტი, რომელიც კომერციულ ბანკებს დაავალდებულებს გასცენ საბანკო საიდუმლოთი დაცული კონფიდენციალური ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში შექმნილ ფინანსური დეკლარაციების დეპარტამენტზე.
„შეიძლება არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ ნორმატიული აქტების შესახებ კანონის თანახმად უფრო გვიან მიღებულ აქტს აქვს უპირატესი ძალა და ამ ჩანაწერით “აგენტების კანონს” მიენიჭოს უპირატესობა, მაგრამ ყველაზე კომპეტენტური უწყება საბანკო სფეროში არის ეროვნული ბანკი და მისმა ხელმძღვანელმა საჯაროდ განაცხადა, რომ ბანკების კანონის მე-17 მუხლით ბანკებს ეკრძალებათ ამ ინფორმაციის გაცემა. ეროვნული ბანკის ამ განმარტების შეცვლა მხოლოდ სასამართლოს შეუძლია“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირაკლი კორძახია.
განსხვავებული პოზიცია მართლაც აღმოაჩნდა იუსტიციის სამინისტროს კანონების წაკითხვისა და ინტერპრეტირების დროს და ეს ცხადად გამოჩნდა „აგენტების კანონის“ განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში.
„ჩვენ ამ კანონს ასე ვკითხულობთ, რომ უფლება გვაქვს გამოვითხოვოთ, მათ შორის, საბანკო ამონაწერები. მათ [ბანკებს] ევალებათ ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება და ყველას რჩება სხვა ბერკეტები, მათ შორის გასაჩივრება იქნება ეს თუ სხვა, ვინმე რამეს თუ ეწინააღმდეგება“, - თქვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სადავო კანონპროექტის განხილვისას.
საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ამ კანონის მოქმედება, გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს - 8 მოსამართლისგან შემდგარმა პლენუმმა ამ საკითხზე განხილვების მოსმენას აგვისტოს ბოლო ორი და სექტემბრის პირველი დღე დაუთმო. თავად კანონი კი სექტემბრის დასაწყისიდან უკვე იძლევა საშუალებას, დაეკისროთ ჯარიმა იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც უარი თქვეს აგენტის სტატუსით რეგისტრაციაზე.