Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს


ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი
ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართეს და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

"ბიუროს გადაწყვეტილების მიხედვით, სადამკვირვებლო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მიიჩნიეს განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად, მათზე ასევე გავრცელდა შესაბამისი რეგულაციები", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ასევე აღნიშნავს, რომ სარჩელთან ერთად, სასამართლოს ასევე მიმართეს შუამდგომლობით, რომლითაც დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოცემული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერება მოითხოვეს.

24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" აცხადებს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "აირჩიე ევროპას". ბიურო ამ ორგანიზაციების დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე "გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის."

ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და, ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG