აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, სენატორები ბენ კარდინი, ჯიმ რიში, ჯინ შაჰინი და პიტ რიკეტსი აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით. ამის შესახებ საუბარია სენატორების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც კომიტეტის ვებგვერდზე გავრცელდა.
"შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "აირჩიე ევროპა" განისაზღვროს "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციებად". ეს ორგანიზაციები აქტიურად ემზადებიან საქართველოში არჩევნების დაკვირვებისთვის. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას, მიუხედავად იმისა, თუ ვის აირჩევს ხალხი.
არაკეთილსინდისიერია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური ისჯება 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე თავისი ბოლო გამოსვლის გამო. მის შესახებ გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად", - წერია განცხადებაში.
24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად" აცხადებს ორ არასამთავრობო ორგანიზაციას: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და "აირჩიე ევროპას". ბიურო ამ ორგანიზაციების დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე "გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის."
ბიუროს ხელმძღვანელის განმარტებით, საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და, ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ.
ფორუმი