ხუთშაბათს, 2024 წლის 12 სექტემბერს შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს „აგენტების კანონზე“ ისაუბრეს.
მოსმენა, სახელწოდებით, „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყო.
ჰონგ-კონგში, ჩინეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არასამთავრობოებისადმი მტრულად განწყობილ კანონებთან ერთად, სენატში საქართველოს შესახებაც ისაუბრეს.
საქართველოს შესახებ მომხსენებელი იყო ეკა გიგაური, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
სენატორმი ჯიმ რიში დაინტერესდა, რატომ მიიწევს საქართველო რუსეთისკენ:
„საქართველოში 4 მლნ-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს... რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ? ბალტიის ქვეყნებს რომ შევადაროთ, იქაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მათ არაფერი სურთ რუსეთთან, არცერთი ფორმით. აქეთ კი გვაქვს საქართველო, სადაც შეიჭრა რუსეთი, წაართვა ორი რეგიონი, რომლებიც ახლაც ოკუპირებული აქვს... რის გამო შეიძლება გყავდეთ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხი, რომელთაც კომუნისტური და სოციალური ცხოვრებისკენ უკან დაბრუნება სურთ?“ - იკითხა მან.
ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ წლებია, ხელისუფლება ორგანიზებას უწევს დეზინფორმაციების კამპანიებს, რისი მიზანიც დასავლური ღირებულებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისათვის ძირის გამოთხრაა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას დასავლური ინტეგრაცია სურს:
„წლების განმავლობაში დეზინფორმაციის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ეს ოფიციალური რიცხვებია. სანან [მედიის და არასამთავრობოების წინააღმდეგ] კანონებს მიიღებდნენ, იყო დიდი დეზინფორმაციის კამპანია, რომ თითქოს ლიბერალური ჯგუფები ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიდიან, „ენჯეოებს ყველაფერი ეროვნული ეზიზღებათ“, „მხოლოდ ლგბტ უფლებები ადარდებთ“ და აშ. ისინი თამაშობენ ქართველი ხალხის ემოციებით... მაგრამ ეს კვლავ არ არის უმრავლესობა. უმრავლესობას კვლავ უნდა დასავლური ინტეგრაცია“.
ეკა გიგაურის პასუხის მოსმენის შემდეგ სენატორმა რიშმა განაცხადა:
„თქვენ მე იმედს მაძლევთ, რომ დიდ უმრავლესობას არჩევანის სწორად გაკეთება უნდა. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს... თუ რასაც ამბობთ, მართალია ქართველ ხალზე, მათ შანსი მიეცემათ ამ ოქტომბერში, რომ ეს ვიგინდარები გაყარონ. და საკუთარი მომავალი საკუთარ ხელებში აიღონ. ჩვენ დავაკვირდებით და ვილოცებთ თქვენთვის. იმედია, დაგეხმარებით“.
ეკა გიგაურმა კიდევ ერთი სენატორის, ბენ კარდინის კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ მოსკოვში მოიწონეს საქართველოს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები:
„[რუსეთში] შეაქეს ჩვენი მთავრობა, როდესაც მათ ეს კანონი [„აგენტების კანონი“] წარადგინეს. როდესაც ვაკვირდებით იმას, რასაც საშიანო აუდიტორიას უზიარებენ, ჩანდა, რომ ძალიან უხაროდათ, რაც საქართველოში ხდებოდა. სულ ახლახანს „მეტამ“ 60-მდე ყალბი ანგარიში წაშალა, რომლებსაც რუსეთიდან მართავდნენ და რომლებიც დემონსტრანტების წინააღმდეგ მუშაობდნენ და ძირს უთხრიდნენ მათს რეპუტაციას. ამავე დროს, ისინი მხარს უჭერდნენ მთავრობას. ასე რომ, ეს დაკავშირებულია ნამდვილად რუსეთის ინტერესთან, რომ საქართველოში არ იყოს დემოკრატია“.
სენატორმა ჯინ შაჰინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ შეხვედრაზე მას სთხოვა, აშშ-მა შეწყვიტოს მთავრობისადმი კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება.
სენატორმა შაჰინმა ეს პირველად ერთი კვირის წინ განაცხადა, რაც პრემიერმა კობახიძემ უარყო და „ტყუილი“ უწოდა. შაჰინმა ამჯერად დააზუსტა, რომ სენატორები პრემიერს ეკითხებოდნენ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გაუმჯობესდეს, კობახიძეს კი „მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა“ - კრიტიკული არასამთავრობოებისთვის დაფინანსების შეწყვეტა.
ეკა გიგაურმა ასევე ისაუბრა სანქციების საჭიროებაზე შეერთებული შტატებისგან და განაცხადა: „მაგრამ გთხოვთ, შემოიღოთ სანქციების რეჟიმი, რომლებიც მიზანში იღებს ინდივიდებს, და არა საქართველოს ხალხს. რადგან ქართველი ხალხი იბრძვის დემოკრატიისთვის და ძალიან ეფექტურად“, - განაცხადა მან.
ეკა გიგაურმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „თუ ქართული დემოკრატია დამარცხდება და ქვეყანა კვლავ რუსულ ორბიტაზე მოექცევა ... რუსეთი კვლავაც უკანა ეზოდ მოგვნიშნავს და თავის გავლენის სფეროში მოგვაქცევს“.
მისი თქმითვე, საქართველოში „ცრუ ფასადით შენიღბული ანტი-არასამთავრობო კანონმდებლობის მიღება“ სამ ეტაპად წარიმართა:
- „პირველი ფაზა იყო რეპრესიების დასაკანონებლად ნიადაგის მომზადება;
- მეორე ფაზა იყო კანონის მიღება საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად
- მესამე ფაზა კი არის რუსული კანონის აღსრულება, - და ახლა, ჩვენი დისკუსიის პარალელურად, საქართველოში კანონის აღსრულების მესამე ფაზაა დაწყებული“, - განაცხადა მან.
ფორუმი