Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია და "სამართლიანი არჩევნები" უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას


ევროკავშირის მხარდამჭერი ნახატი თბილისში
ევროკავშირის მხარდამჭერი ნახატი თბილისში

არასამთავრობო ორგანიზაციები უკანონოდ მიიჩნევენ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "აირჩიე ევროპის" დირექტორები "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირებად" ცხადდებიან. არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ამგვარი პრაქტიკა შეიძლება იყოს სამოქალაქო მოძრაობების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ინსტრუმენტი.

"სამართლიანი არჩევნების" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ბიურო გაუმართლებლად ფართოდ განმარტავს კანონს და აჩენს სახელმწიფო უწყების მხრიდან მანდატის თვითნებურად გამოყენების საფრთხეს.

ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ "ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი, პარტიისთვის დადგენილი გარკვეული შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს. განცხადებული საარჩევნო მიზანი კი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. განცხადება გაკეთებული უნდა იყოს საჯაროდ და მიმართული უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისკენ."

გამომდინარე იქიდან, რომ არც ეკა გიგაურს და არც ხათუნა ლაგაზიძეს არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ, საია და "სამართლიანი არჩევნები" თვლიან, რომ ისინი არ შეესაბამებიან "განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის" კანონით განსაზღვრულ დეფინიციას.

ორგანიზაციები საყურადღებოდ მიიჩნევენ იმ გარემოებსაც, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი მისიის ორგანიზებას გეგმავს.

"ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, აღქმულ იქნას არჩევნებზე დაკვირვების პროცესის შეფერხებად. სახელმწიფო უწყების მსგავსი ქმედებები წარმოადგენს მისი მანდატის თვითნებურ გამოყენებას და აჩენს ინსტიტუტის მიმართ ნდობის მნიშვნელოვნად შემცირების დიდ რისკს", - წერენ ორგანიზაციები და მოუწოდებენ ანტიკორუფციულ ბიუროს, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და იმოქმედოს მხოლოდ საკუთარი მანდატის ფარგლებში.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ეხმაურება კოალიცია "ჩემი ხმა ევროკავშირს". მათ განცხადებაში ბიუროს გადაწყვეტილება ცენზურის დაწესების მცდელობად არის შეფასებული.

"ბიუროს გადაწყვეტილება პოლიტიკურ აქტორად აცხადებს ყველას, ვინც საზოგადოებრივ პრობლემებსა და მოქალაქეების საჭიროებებზე საუბრობს. ამ გადაწყვეტილებით, ბიურომ საკუთარ თავს მიანიჭა უფლებამოსილება, დაუწესოს ცენზურა და დაიწყოს ფინანსური მონიტორინგი ნებისმიერ პირზე, ვინც ხმამაღლა იტყვის, რომ ჩვენი გზა მხოლოდ ევროკავშირისკენ მიდის. მეტიც, ამ განმარტებით პოლიტიკურ საქმიანობად ითვლება ყველა ის მიზანი, რასაც არასამთავრობოები ემსახურებიან - იქნება ეს ქალთა, ბავშვთა, შშმ პირების ინტერესების დაცვა თუ ეკოლოგიაზე ზრუნვა. ნებისმიერ საქმიანობას, რომელსაც კონსტიტუციური მიზანი აქვს, ბიურო პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევს და მათზე თავდასხმას გეგმავს", - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში, რომელიც ათობით ორგანიზაციას აერთიანებს.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 24 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გააცნო საზოგადოებას. ბრიფინგზე მან განმარტა, რომ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცხადების საფუძველი გახდა მათი შეხვედრები მოქალაქეებთან და საინფორმაციო კამპანიები, რომლებზეც ისინი მოქალაქეებს ევროპული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებენ და, ანტიკორუფციული ბიუროს შეფასებით, ხელისუფლების საწინააღმდეგო და მადისკრედიტებელ განცხადებებს აკეთებენ.

ანტიკორუფციული ბიურო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და "აირჩიე ევროპას" დირექტორებს ავალდებულებს, ხუთი დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე "გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის." იმ შემთხვევაში, თუკი გიგაური და ლაგაზიძე ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, ბიუროს კანონმდებლობა აძლევს საშუალებას, მათ შესახებ სასურველი ინფორმაცია სასამართლო განჩინების საფუძველზე მიიღოს ბანკებიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG