27 დეკემბრისთვის უკანონო პატიმრობაში რჩება 8 ადამიანი , მათგან - 4 ოკუპირებულ აფხაზეთში, 4-იც - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. რადიო თავისუფლებამ შეკრიბა დაკავებების შემთხვევები და მათი თანმიმდევრობა.
5 იანვარი
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი კიდევ ერთხელ დააკავეს. ეს მისი მეექვსე დაკავებაა. წინა დაკავებისას მან ცხინვალის ციხეში ერთი წელი თითქმის სრულად მოიხადა და 2021 წლის 17 ივნისს გაათავისუფლეს.
ლაშა ხეთერელი შაუმიანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის ომის შემდეგ ცხოვრობს. ოკუპირებულ ცხინვალში მას ნათესავები ჰყავს და იქ მათ მოსანახულებლად გადადის ხოლმე. თუმცა მისი სასჯელი ე.წ. საზღვრის არაერთხელ დარღვევის გამო იზრდება. ხეთერელი ახლაც ცხინვალის ციხეშია.
ასევე ნახეთ ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეექვსედ დააკავეს19 იანვარი
„წითელმა ჯვარმა" ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს სამი მოქალაქე, მათ შორის ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე მოინახულა.
მამუკა ჩხიკვაძეს, ვალერი კანიაშვილსა და კახაბერ ნათაძეს ოჯახებიდან გაგზავნილი წერილები გადასცეს. ყველა მათგანს დე ფაქტო სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის. ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე ახლაც ცხინვალის ციხეში იმყოფება.
ასევე ნახეთ „წითელმა ჯვარმა" ცხინვალში მოინახულა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები22 იანვარი
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ლევან მაყაშვილი ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს, ის 24 იანვარს გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა16 თებერვალი
გარდაიცვალა საოკუპაციო რეჟიმის მიერ რამდენჯერმე უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი. ის ბოლოს თბილისში, პალიატიურ კლინიკა „რედში“ იწვა.
გენადი ბესტაევი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის 5-ჯერ დააკავეს.
2021 წლის 16 ნოემბერს ბესტაევი ცხინვალის ციხიდან თბილისში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. „ცხელი ხაზით" მიღებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, ცხინვალის საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. დე ფაქტო ხელისუფლებამ იგი თბილისს გადასცა.
ასევე ნახეთ გენადი ბესტაევი სამთვიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა25 თებერვალი
საოკუპაციო ხაზთან არ უშვებენ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს. გადაწყვეტილება კონფლიქტის ზონის ჩაკეტვის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიიღეს.
წინა დღით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზზე მონიტორინგის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანეს ძალოვანი სტრუქტურები. ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს დაავალა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მობილიზება, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილებასთან ერთად „საზღვრის და საქართველოსთან მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგისთვის აუცილებელი ქმედებების“ უზრუნველყოფა და მზადყოფნა „საქართველოს მხრიდან ყველა შესაძლო პროვოკაციაზე რეაგირებისთვის“.
ასევე ნახეთ ჟურნალისტებისთვის და სამოქალაქო აქტივისტებისთვის საოკუპაციო ხაზთან გადაადგილება შეიზღუდა4 მარტი
დე ფაქტო ცხინვალის რეგიონის სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა. მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასთან ერთად, კონტრაბანდის გადატანას ედავებიან. ვლადიმერ კანიაშვილს პატიმრობა 6 წლით მიესაჯა, ხოლო კახაბერ ნათაძეს - 3 წლითა და 6 თვის ვადით.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯა31 მარტი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ უშიშროების კომიტეტი საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება. ე.წ. "კაგებეს" ცნობით, სოფელ გოიათასთან დააკავეს ყოფილი ჯარისკაცი ლევან მაჩაბელი.
ასევე ნახეთ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დააკავა ყოფილი ჯარისკაცი ლევან მაჩაბელი6 აპრილი
საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, გორის სოფელ აძვის მახლობლად, გიორგი ქუჯოშვილი დააკავეს.
ქუჯოშვილი მეზობელი სოფლის, ახალუბნის მცხოვრებია. მასაც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას უყენებენ.
ასევე ნახეთ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა25 აპრილი
გაათავისუფლეს სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი.
სუსის განცხადებით, გათავისუფლების პროცესში გამოიყენეს როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები.
ასევე ნახეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული კახაბერ მერებაშვილი თავისუფალია5 აგვისტო
ოკუპირებული სოფლის, ლოპანის, მახლობლად დაკავებული ზაზა მეგრელიშვილი და თამაზ გოგიჩაშვილი გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გაათავისუფლეს17 აგვისტო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ 26 მარტს დაკავებული ყოფილი სამხედროს, ლევან მაჩაბლის გათავისუფლების შესახებ. მაჩაბელი რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.
ასევე ნახეთ 26 მარტს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ლევან მაჩაბელი თავისუფალია24 აგვისტო
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი (КГБ) იტყობინება, რომ დე ფაქტო რესპუბლიკიდან გააძევეს აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი.
აშშ-ის მოქალაქე ახალგორის რაიონში, სოფელ ბალაანში, 2022 წლის 27 ივლისს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უწყებებს.
აშშ-ის მოქალაქეს დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებდნენ. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ის ქართულ მხარეს გადასცეს „კომპლექსური შემოწმებისა და საფილტრაციო ღონისძიებების" შემდეგ.
ასევე ნახეთ ცხინვალი აშშ-ის მოქალაქის გამოძევების შესახებ იტყობინება
9 სექტემბერი
ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული გიორგი ქუჯოშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურის ცნობით, იგი ქართულ მხარეს სასჯელის მოხდის შემდეგ გადასცეს.
ასევე ნახეთ ცხინვალის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს23 სექტემბერი
ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში აღმოჩნდა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე: გელა იობაშვილი და ნუკრი კალაშნიკოვი.
ცნობილი გახდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მკვიდრი გელა იობაშვილი 9 დღით ადრე დააკავეს, თუმცა, „ცხელ ხაზზე“ შეტყობინება 22 სექტემბრამდე არ შესულა. ამ დღეს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ გელა იობაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ასევე ნახეთ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში აღმოჩნდა საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე19 ოქტომბერი
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ადგილობრივი მცხოვრები, 55 წლის თამაზ გლურჯიძე, ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.
ასევე ნახეთ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს1 ნოემბერი
რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან გაიტაცეს. ორი - მეჯვრისხევის მიმდებარედ, ერთი კი - სოფელ ზერტში დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ერთი დაკავებული არასრულწლოვანია.
ასევე ნახეთ საოკუპაციო ძალებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს ასევე ნახეთ ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს მეჯვრისხეველი სკოლის მოსწავლე21 დეკემბერი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ გაათავისუფლა ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის დაკავებული მანუჩარ გულიტაშვილი. ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 19 დეკემბერს დააკავეს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მახლობლად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ის ამჟამად უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
ასევე ნახეთ საოკუპაციო ძალების მიერ პერევთან დაკავებული მოქალაქე გათავისუფლებულია
საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების გასული წლების სტატისტიკა ასეთია:
2021 წელი
- ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით -11;
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 70.
2020 წელი
- ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 13;
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 64.
2019 წელი
- ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით -27;
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 86.
ყველაზე რთული მდგომარეობა იყო 2014-2015 წლებში.
2015 წელი
- ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 336;
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 163.
2014 წელი
- ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 375;
- ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში - 142.