ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტი (КГБ) იტყობინება, რომ დე ფაქტო რესპუბლიკიდან გააძევეს აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი.
აშშ-ის მოქალაქე ახალგორის რაიონში, სოფელ ბალაანში, მიმდინარე წლის 27 ივლისს დააკავეს. მისი დაკავების შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უწყებებს.
აშშ-ის მოქალაქეს დე ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებენ. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ის ქართულ მხარეს გადასცეს „კომპლექსური შემოწმებისა და საფილტრაციო ღონისძიებების შემდეგ.“
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება მიიჩნევს, რომ „მოცემულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოსა და აშშ-ის ხელმძღვანელობას ეკისრებათ, რომლებიც სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე უარს ამბობენ და უცხოეთის მოქალაქეებს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის არსებობის ფაქტს უმალავენ.“
დე ფაქტო უწყების განცხადებით, ეს ბოლო დროს აშშ-ის მოქალაქის მიერ „სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის საზღვრის უკანონო კვეთის მეორე შემთხვევაა“, რაც მათ სიცოცხლის საფრთხეს უქმნის.
„დარწმუნებული ვართ, შეერთებული შტატების, ასევე ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეების პირადი უსაფრთხოების სრულფასოვანი დაცვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის დასრულების და უზრუნველყოფის შემდეგ“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
2021 წლის 26 აგვისტოს ჯავის რაიონში დააკავეს აშშ-ის მოქალაქე ჯექსონ პოლ კრამერი. როგორც მან მოგვიანებით განაცხადა, საქართველოში ტურისტული მიზნით ჩამოფრინდა კავკასიონის ქედის გასავლელად - აზერბაიჯანის საზღვრიდან ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირომდე. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ხელისუფლებამ ის დე ფაქტო საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა და საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2021 წლის 6 სექტემბერს გამოაძევა.
განახლება: ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმს, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს. ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონოდ დაკავებული პირების გასათავისუფლებლად, როგორც ოკუპირებული ცხინვალის, ისე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ნათქვამია სუსის განცხადებაში.