Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ერთი მოქალაქე გაათავისუფლა


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს ხელისუფლებას 22 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქე გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

„22 იანვარს ცხინვალის სამხრეთ ნაწილში, სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის, რესპუბლიკის სასაზღვრო ნაწილის წარმომადგენლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე ლევან მაყაშვილი, 1981 წელს დაბადებული, მცხოვრები ქარელის რაიონის სოფელ ბებნისში. გამოკითხვის დროს დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ გამოუვალი სოციალური მდგომარეობის გამო გადადგა ეს ნაბიჯი“, - ნათქვამია დე ფაქტო კაგებე-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრესსამსახური აზუსტებს, რომ მაყაშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და ამის გამო 24 იანვარს იგი ქართულ მხარეს გადასცეს.

საქართველოს მოქალაქის გადაცემის ფაქტი უკვე დაადასტურეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუსის ცნობით, ლევან მაყაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება, რომლებსაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით.

XS
SM
MD
LG