Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დააკავა ყოფილი ჯარისკაცი ლევან მაჩაბელი


ლევან მაჩაბელი
ლევან მაჩაბელი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ უშიშროების კომიტეტი საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება. ე.წ. "კაგებეს" ცნობით, სოფელ ქერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპირებულ სოფელ გოიათასთან დააკავეს ყოფილი ჯარისკაცი ლევან მაჩაბელი. უწყება საქართველოს მოქალაქის გადასვლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, პროვოკაციად აფასებს.

„ოფიციალური თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, რათა თავიდან აიცილონ დაძაბულობის ესკალაცია და შეიარაღებული კონფლიქტი სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე, საქართველოს ცალკეული მოქალაქეები და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციები, რომლებიც იკავებენ რადიკალურ ნაციონალისტურ და ექსტრემისტულ პოზიციებს, განაგრძობენ პროვოკაციებს ოსი სამართალდამცავების და სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ.

მიმდინარე წლის 26 მარტს „კაგებეს" სასაზღვრო სამსახურის მიერ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის, ცხინვალის რაიონის სოფელ გოიათასთან დააკავეს საქართველოს მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ლევან მაჩაბელი.

აღნიშნულ ფაქტზე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების პროცესში დადგინდა, რომ მაჩაბელი 2005 წლიდან 2009 წლამდე იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე და აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ დე ფაქტო „კაგებეში".

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ასევე იტყობინება, რომ ლევან მაჩაბელს სურვილი ჰქონდა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად წასულიყო, თუმცა მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარი უთხრეს და ამის შემდეგ მან გადაწყვიტა ზიანი მიეყენებინა ცხინვალში მყოფი რუსი ჯარისკაცებისთვის.

„როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემების გამო უარი უთხრეს, მაჩაბელმა გადაწყვიტა არალეგალურად შესულიყო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მოეწყო პროვოკაცია რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტინგენტის წინააღმდეგ. ამოღებულია მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ აღნიშნული პირის მიერ წინასწარ მომზადებულია ვიდეოები, რომლებშიც იგი მიმართავს საქართველოსა და უკრაინის ხელმძღვანელობას, ასევე ქართველ სამხედროებს, პირდაპირ აცხადებს, რომ „რუსებს დაარტყამს“ ქართული მხრიდან. სოფელ ქერედან მაჩაბელი დაუბრკოლებლად გაუშვა და მის დასაკავებლად არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - განმარტეს დე ფაქტო „კაგებეში" და დასძინეს, რომ მაჩაბლის მიმართ ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურის დაკავებას დე ფაქტო „კაგებე" პროპაგანდისტული მიზნებით იყენებს და მას დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებს.

ლევან მაჩაბელი არის ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის, ნინა მაჩაბლის ძმა. მან რადიო თავისუფლებას ძმის დაკავება დაუდასტურა, თუმცა დეტალები მისთვის უცნობია.

„ბოლოს რაც ვიცი, ხურვალეთში იყო, დათა პაპას ოჯახისთვის ფული უნდა გადაეცა. სავარაუდოდ, იქ სადღაც მინდორში დააკავეს. სხვა დეტალები ჩვენც არ ვიცით, ჩვენი ინფორმაციით, თავიდან ე.წ საზღვრის კვეთას ედავებოდნენ და შემდეგ ალბათ გაშიფრეს, რომ 2008-ში იბრძოდა. მოუგონეს ათასი რაღაც, რომ პროვოკაციისთვის იყო თითქოს გადასული. მარტო იყო, არც იარაღი ჰქონდა და რანაირად უნდა მოეწყო პროვოკაცია?! ჩვენც ეს ამბავი 2 დღის წინ გავიგეთ“, - ამბობს ნინა მაჩაბელი.

განახლება

მომხდარის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

როგორც სუსი აცხადებს, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას", - ვკითხულობთ სუსის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG