„გარკვეული ძალების“ მიერ საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობები ღია წერილში, 27 ივლისს, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმაც ახსენა და, ამასთან, არ უარყო ევროპისა თუ ამერიკის წინააღმდეგ, მისი გუნდიდან საჯაროდ წასული დეპუტატების ბრალდებები.
„ქართული ოცნების“ ამჟამინდელი თუ ყოფილი ლიდერების მიერ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხერხით აღწერილი სცენარის თანახმად, დასავლური „დიდი“ და „გარკვეული ძალები“ მიზანდასახულად ცდილობდნენ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამ ძალებმა:
„სცენარის“ მიხედვით: ქვეყნის „ომში ჩათრევას“ ხელს უწყობენ ევროპარლამენტარები, უკრაინის ხელისუფლება, საქართველოს ოპოზიცია, ომბუდსმენი, არასამთავრობო ორგანიზაციები. მათზე გაცილებით ძლიერი და გავლენიანია „დიდი ძალა“; ამ ძალამ "ბაკურიანის ცნობილ შეხვედრაზე" რევოლუციისთვის გაწვრთნა „რადიკალური ოპოზიცია“, ტელევიზიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომ ხელისუფლების სათავეში მოიყვანონ „ომის პარტია“, რასაც შედეგად ქვეყნის ომში ჩართვა უნდა მოჰყვეს.
რისთვის უღირს „დიდ ძალას“ ასეთი ძალისხმევა? რა სარგებელს მიიღებს საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნით?
„ოცნებიდან“ „სიმართლის სათქმელად“ წასული დეპუტატების 25 ივლისის ერთობლივ წერილში, რომლის ადრესატი აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანია, ორი არგუმენტია დასახელებული. ავტორები მიუთითებენ, რომ:
- „სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული შეღავათი იქნებოდა“;
- „მეორე ფრონტი დამატებით შეარყევდა რუსეთის იმიჯს, რაც ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ფრონტის დახმარების მოტივაციას შეუნარჩუნებდა“.
ასეა თუ არა ეს?
რადიო თავისუფლება ესაუბრა პოლიტიკის, ეკონომიკის, სამხედრო და უსაფრთხოების ექსპერტებს და მათ კონტრარგუმენტებს მოუყარა თავი, რატომ არის დასავლეთის მიერ „მეორე ფრონტის“ ვითომდა წახალისების იდეა აბსურდული, ალოგიკური და რა შეიძლება იმალებოდეს საქართველოს „ომში ჩათრევის“ ნარატივის მიღმა?
ექსპერტები რადიო თავისუფლებას განუმარტავენ, რომ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისთვის საჭირო რესურსი თავად არა აქვს და „ეს ყველაზე კარგად სწორედ დასავლელმა პარტნიორებმა იციან", რომლებიც „მრავალი წელია უშუალოდ არიან ჩართული საქართველოს სამხედრო ძალების გაძლიერების პროცესში“.
აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, სხვადასხვა დროს, რუსეთის „უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სახელმძღვანელოს“ „მზაკვრული ნარატივი“ და დეზინფორმაცია უწოდა „მეორე ფრონტის გახსნაზე“ საუბრებს. ომში ჩართვის ან „ჩათრევის“ ბრალდებებს აბსოლუტურად უსაფუძვლოს უწოდებენ საქართველოს ევროპელი პარტნიორებიც.
ასევე ნახეთ დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე"ასევე ნახეთ კობახიძის ინფორმაციით, ივანიშვილსა და დეგნანს შორის შეხვედრა მეგობრული არ ყოფილა
რას ნიშნავს "საქართველოს არ აქვს რესურსი"?
ექსპერტების განმარტებით, შეტევაზე გადასული ჯარი რიცხობრივად სამჯერ მაინც უნდა აღემატებოდეს თავდაცვით პოზიციაზე მყოფ მოწინააღმდეგეს - ასეთია სამხედრო წარმატების ფორმულა.
საქართველოს თავდაცვის ძალები დღეისათვის ოფიციალურად 37 ათას სამხედროს ითვლის და, ექსპერტული გათვლით, ეს შემადგენლობა აბსოლუტურად არასაკმარისი იქნება „სამი მიმართულებით საბრძოლველად“, რაც საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნის შემთხვევაში მოუწევს.
რატომ სამი მიმართულება?
ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს რუსეთი სომხეთიდან [გიუმრის ბაზიდან] არ დაარტყამს, - ასე განმარტავს ერთ-ერთი სამხედრო ექსპერტი.
ერთი-ერთი გათვლით, თუკი საქართველო „მეორე ფრონტს“ გახსნის, რუსეთი მოახერხებს, რომ მხოლოდ აფხაზეთის მიმართულებით 20 ათასი სამხედრო შეკრიბოს; რაც ნიშნავს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს „მარტო აფხაზეთის მიმართულებით 60 ათასი სამხედრო მაინც დასჭირდება [შეტევითი ომის წამოსაწყებად], რაც შეუძლებელია“.
ერთ-ერთი მოსაზრებით, რუსეთს უკრაინაში წარმოებული ომის გათვალისწინებითაც, „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალების საკმაოდ სწრაფად შემოყვანაც შეუძლია“:
- აფხაზეთის მიმართულებით - რკინიგზით, ზღვითა და ჰაერით (ორი აეროდრომის გამოყენებით);
- ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - (ჩრდილოკავკასიიდან) შვეულმფრენებით, ანდა აგვისტოს ომის შემდეგ „გარემონტებული და გაფართოებული“ როკის გვირაბით;
- ასევე რუსეთი შესაძლოა პირდაპირ ზღვითაც მოადგეს საქართველოს საზღვაო პორტებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთა ფოთის პორტში, ანდა მოახდინოს პორტების დანაღმვა-ბლოკირება, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა.
აქვე, ექსპერტები მიუთითებენ, რომ საქართველო, უკრაინასთან შედარებით, ბევრად პატარაა, შესაბამისად, აქვს ბევრად ნაკლები რესურსი, არ გააჩნია შეტევითი ომისთვის აუცილებელი იარაღი, გამოცდილება და „დასავლეთში ესეც ძალიან კარგად იციან“. ასევე იციან, რომ:
- ვერ მოხერხდება ქვეყნის სწრაფად შეიარაღება, რადგან უკრაინაში ომმა გამოაჩინა „საბჭოური წარმოების შეიარაღების შეგროვებისა და მიწოდების სიძნელეები“;
- ხანგრძლივი პროცესია „ნატოს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღების მიწოდება და სპეციალისტების შესაბამისი მომზადება“.
ექსპერტები ასკვნიან, რომ საქართველოში ჰიპოთეტური „ომი დამატებით ტვირთად დააწვება დასავლეთს“, რომლის მთელი ყურადღება ახლა უკრაინისკენ არის მიპყრობილი და ეს „სასარგებლო და შვების მომტანი“ არც უკრაინისთვის იქნება, რომელიც ახლა მაქსიმალურ ყურადღებას თავად საჭიროებს.
#2 - "მეორე ფრონტი" ეწინააღმდეგება დასავლეთის სამშვიდობო ინიციატივებს
ექსპერტებისთვის ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ ქვეყნის ომში ჩართვა მხოლოდ ხელისუფლების სურვილზე არ არის დამოკიდებული და ამას ხალხის ნება და განწყობაც ესაჭიროება:
- „საქართველოს ხელისუფლებამ ომის დაწყება დღესვე რომ გადაწყვიტოს, ამის სწრაფად გაკეთება შეუძლებელია“;
- ერთ წელიწადზე მეტი დასჭირდება ქვეყნის „საომარ კონდიციამდე მიყვანას“ და „საბრძოლო სულისკვეთების ამაღლებას“.
- „ერთია თავდაცვითი ომი, როდესაც მტერი გესხმის თავს (როცა პროპაგანდა აღარ არის საჭირო) და მეორეა, მშვიდობიდან საომარ მდგომარეობაზე გადასვლა“.
აგვისტოს ომის შემდეგ, ბოლო 14 წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მხარს უჭერდნენ კონფლიქტების მკაცრად მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და საქართველოს სწორედ ამ მიმართულებით ეხმარებოდნენ.
საქართველოს ცალმხრივად აღებული აქვს ძალის არგამოყენების ვალდებულება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მრავალი რაუნდის ფარგლებში მუდმივად იმავესკენ მოუწოდებდნენ რუსეთსაც - ამ პროცესში ჩართული საერთაშორისო პარტნიორები: ევროკავშირი, ეუთო, გაერო, შეერთებული შტატები.
კონფლიქტის სამშვიდობო მოგვარებაა პრიორიტეტული აშშ-ის 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში. ტექსტში ლაპარაკია ძალისხმევის გაძლიერებაზე „საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად“.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის“ გახსნა, ექსპერტების შეფასებით, ვერც შედეგს მოიტანს და „ძირსაც გამოუთხრის დასავლეთის სამშვიდობო ინიციატივებსა და სტაბილურობას რეგიონში“, და ეს კარგად იციან დასავლეთში.
ექსპერტებისთვის ნათელია, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველოში მხოლოდ ომი კი არა, „არც დესტაბილიზაცია აძლევთ ხელს“, რადგან უკრაინაში ომისა და ენერგეტიკული პრობლემების ფონზე, „საერთაშორისო პარტნიორებისთვის კიდევ უფრო ფასეული ხდება საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია“.
რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების სწრაფად შემცირების გზების ძიებაში, ამ ეტაპზე უკვე დაიგეგმა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის გაორმაგება, სამხრეთის გაზის დერეფნის საშუალებით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც გადის.
ასევე ნახეთ მნიშვნელოვანი ენერგომარშრუტი ევროკავშირისთვის - როგორ იყენებს შესაძლებლობებს ბაქო, თბილისი?თავისთავად მნიშვნელობას ინარჩუნებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის ნავთობს, საქართველოსა და თურქეთის გავლით მსოფლიოს ბაზრებზე ანაწილებს.
თურქეთის მედია იტყობინება, რომ სწორედ ამ მილსადენს განიხილავს ყაზახეთი ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად, რუსეთის გვერდის ავლით, თავისი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. ამ გეგმით, ბაქომდე ყაზახური ნავთობი ტანკერებით გადაიზიდება. განცხადებაში ასევე ნახსენებია ბათუმის პორტი, როგორც ევროპისკენ ნავთობის ტრანსპორტირების გზა.
ასევე ნახეთ ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“, ალტერნატიული გზების ძიებაში
ექსპერტებისთვის მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მილსადენები უსაფრთხოების გარანტიებსაც მოითხოვს და ასევე მშვიდობა და სტაბილურობაა მნიშვნელოვანი, ზოგადად, სატრანსპორტო გადაზიდვებისთვის, რომელთა მასშტაბი, ექსპერტების შეფასებით, გაზაფხულზე უკვე 5-7-ჯერ იყო გაზრდილი.
- სანქციების გამო ბიზნესი ახალ გზებს რუსეთის გვერდის ავლით ეძებს. იზრდება ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთების ნაკადი და დღის წესრიგში ინფრასტრუქტურის სწრაფად მოწესრიგების აუცილებლობაც დგება.
- „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ (BRI) გადარჩენის პროცესში, ჩინეთისთვის საინტერესო ხდება 65000 კილომეტრის სიგრძის საავტომობილო, სარკინიგზო გზებისა და პორტების ქსელი, ცნობილი როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), რომელიც ევროპას ყაზახეთის, კასპიის ზღვის, საქართველოსა და თურქეთის გავლით უკავშირდება.
- ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღების ცენტრშია სატრანსპორტო კავშირების განვითარება ევროკავშირთან, მათ შორის, საფიდერო და საბორნე მიმოსვლის გააქტიურება, „რომელმაც უნდა გაზარდოს ტვირთბრუნვა აზიიდან სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს გავლით ევროპაში და პირიქით“.
საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების ტრანსკავკასიური ასოციაციის მონაცემებით, 2022 წელს მოსალოდნელი ტვირთნაკადების მოცულობა ცენტრალური აზიისა და კავკასიის გავლით 3,2 მილიონ მეტრულ ტონას აღწევს, რაც შარშანდელთან შედარებით ექვსჯერ მეტია.
ასეთ პირობებში, ექსპერტების შეფასებით, საქართველოში „მეორე ფრონტის გაჩაღება“ დასავლური ძალების მიერ საკუთარი ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს და სწორედ ამიტომაც არის აბსურდი „ოცნების“ გარშემო მყოფი ძალების მიერ საპირისპიროს მტკიცება.
#4 - ომის არეალის გაფართოებისა და რუსეთის ზეგავლენის გაძლიერების რისკები
ყირიმის ანექსიისა და ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები შავ ზღვაზე და სამხრეთ კავკასიაში. დასავლეთის ქვეყნებისთვის ისედაც მიუღებელი ეს რეალობა, კიდევ უფრო დამძიმდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
ექსპერტები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს, გააძლიერებს რუსეთის პოზიციებს, „რაც არანაირად არ აძლევთ ხელს დასავლელ პარტნიორებს“.
შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სწორედ ყირიმის ანექსიის შედეგ, 2016 წელს შეიმუშავა და ექსპერტები შენიშნავენ, რომ საქართველო ამ პროგრამაში ჩართულია როგორც სადაზვერვო მონაცემების გაცვლის კუთხით, ასევე „საქართველოს მეშვეობით ხდება საჰაერო სივრცისა და ზღვის კონტროლი“.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) კვლევის თანახმად:
რუსეთის საქართველოში „გამაგრება“, რაც „მეორე ფრონტის“ გახსნას შეიძლება მოჰყვეს, სპეციალისტების შეფასებით, ძალიან არახელსაყრელი მოცემულობა იქნება ნატოს წევრი თურქეთისთვის, რადგან ეს ნიშნავს „მისი კავშირების წყვეტას აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიასთან“ და ანკარისთვის ძვირფასი „თურქული სამყაროს“ იდეის მარცხს.
ექსპერტები დასავლეთისთვის მიუღებლად მიიჩნევენ კიდევ ერთ საფრთხეს: საქართველოში დაწყებული ომით, შესაძლოა, უკონტროლო პროცესები დაიწყოს და დაძაბულობა რეგიონის სხვა ქვეყნებსაც გადაედოს.
#5 - "ყველაზე მყარი საყრდენის" დაკარგვის რისკი
საქართველო ერთადერთია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, რომლის კონსტიტუციაშიც ასახულია ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზანი და სადაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ექსპერტებისთვის ცხადია, რომ „მეორე ფრონტის“ გახსნის შემთხვევაში, დასავლელი პარტნიორები დგებიან „სამხრეთ კავკასიაში ყველაზე მტკიცე საყრდენის“ დაკარგვის რისკის წინაშე, რაც მთელი რეგიონის დაკარგვის ტოლფასია, აზერბაიჯანსა და სომხეთთან კავშირის დაკარგვის საფრთხის გამო.
ექსპერტები შენიშნავენ, რომ დასავლეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის განმტკიცებას საქართველოს საშუალებით ცდილობს და სწორედ ამ რიგშია ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი 15 სომეხი მებრძოლი, 2021 წლის ივნისში, საქართველოს გავლით დაბრუნდნენ სამშობლოში. სანაცვლოდ მაშინ, აზერბაიჯანს სომხეთმა ყარაბაღში დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა.
ასევე ნახეთ საქართველოსა და აშშ-ის ჩართულობით აზერბაიჯანმა სომხეთის 15 დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა - მთავრობაგაცვლას წინ უსწრებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ვიზიტი თბილისში, ბაქოსა და ერევანში. შეთანხმების წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობამ აშშ-ისგან მადლობაც მიიღო.
„მსგავსი ნაბიჯები რეგიონის მოსახლეობას დამსახურებული მშვიდობიანი მომავლის მიღწევაში დაეხმარება“, - დაწერა მაშინ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტვიტერზე.
აზერბაიჯანისგან მადლობა ასევე მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
ასევე ნახეთ საგარეო: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული
„ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ამარაგებთ უკრაინას იარაღით...“
„ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ამარაგებთ უკრაინას იარაღით და შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უპირატესობის განეიტრალება თქვენთვის პრინციპული ამოცანაა“, - მიმართავენ ელჩ დეგნანს „ოცნებიდან“ წასული დეპუტატები, 25 ივლისს გამოქვეყნებულ ერთობლივ წერილში, რომელიც ღია ბრალდებებს მოიცავს და რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ „მეორე ფრონტის“ საქართველოში გახსნა „დამატებით შეარყევდა რუსეთის იმიჯს, რაც ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ფრონტის დახმარების მოტივაციას შეუნარჩუნებდა“.
ასევე ნახეთ 5 ქალი დეპუტატი განცხადებას ავრცელებს: აშშ-ს ელჩზე შეტევა აძლიერებს ანტიდასავლურ კამპანიას ასევე ნახეთ "ჯაჭვი შეკრულია" - ყაველაშვილი ივანიშვილის წერილის შინაარსს ეხმიანება
ექსპერტებისთვის ნათელია, რომ ომის დაწყებიდან 5 თვის განმავლობაში რუსეთის იმიჯი უკრაინაში „ჰიტლერის მსგავსი ბინძური ომის წარმოებით“ ისეა დაზიანებული, რომ აღდგენა შეუძლებელია და დასავლელ პარტნიორებს უკრაინის დასახმარებლად დამატებითი მოტივაცია არ ესაჭიროებათ. საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა კი, დასავლეთის მხრიდან არა უკრაინის, არამედ საქართველოს დახმარების საჭიროებას გაზრდიდა.