Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტში საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული


ფორო არქივიდან: აშშ-ისა და საქართველოს დროშები
ფორო არქივიდან: აშშ-ისა და საქართველოს დროშები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმოამდგენლობითი პალატის მიერ 2023 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტის დამტკიცების შესახებ იუწყება, რომელშიც საქართველო მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად არის მოხსენიებული. საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მდგრადობის გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებისა და სტრატეგიული ინტერესებისთვის შავი ზღვის რეგიონში.

"კანონპროექტის თანახმად, საქართველო მნიშვნელოვანი ეკონომიკური, ენერგო-ტრანზიტისა და ვაჭრობის საერთაშორისო ჰაბია და როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორის განუყოფელ ნაწილი, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოებისა და მომარაგების სტრატეგიული მარშრუტების დივერსიფიკაციის კუთხით. აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი რეგიონის უკანონო ოკუპაცია, დე-ფაქტო ანექსიის მცდელობები და ჰიბრიდული ომის ტაქტიკა საქართველოს ეროვნული და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის გამოწვევას წარმოადგენს", - აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცალკე გამოყოფს საქართველოსთან დაკავშირებით კანონპროექტში არსებულ პუნქტებს:

  • "განამტკიცოს მხარდაჭერა და გადადგას ნაბიჯები სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიმართულებით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით და აშშ-ისა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად";
  • "განაგრძოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში";
  • "გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდაციის გზით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად";
  • "განაგრძოს ძლიერი მხარდაჭერა და არსებითი მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად და საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად";
  • "განაგრძოს პრესის თავისუფლების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობა, რათა დაეხმაროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე";
  • "პრიორიტეტად დასახოს და გააღრმავოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) იმპლემენტაციის, საქართველოს აღჭურვილობის მოდერნიზაციის გეგმების გაზრდილი დაფინანსების გზით, რათა განმტკიცდეს საქართველოს შეკავების, ტერიტორიული თავდაცვისა და მდგრადობის შესაძლებლობები, ასევე, ნატო-სთან თავსებადობა";
  • "შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, შავი ზღვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მხარი დაუჭიროს არსებულ და ახალ თანამშრომლობის ფორმატებს, რათა გაზარდოს ნატო-ს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობა";
  • "გააძლიეროს კიბერსფეროში საქართველოს მხარდაჭერა, ტრენინგების, განათლების და ტექნიკური დახმარების გზით";
  • "განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა რუსეთის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისტულ კამპანიებთან გამკლავების მიზნით, რომელიც მიმართულია ზიანი მიაყენოს საქართველოს სუვერენიტეტს, მისი დემოკრატიული ინსტიტუტების სანდოობას და ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე მუშაობა აშშ კონგრესში აქტიურ ფაზაშია შესული. პროცედურის თანახმად, კანონპროექტის საკუთარ ვერსიას, ასევე, დაამტკიცებს აშშ-ის სენატი, რის შემდეგაც კონგრესის ორივე პალატის ვერსიები შეჯერდება ე.წ. კონფერენციაზე და პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ აქტი კანონის ძალას შეიძენს.

XS
SM
MD
LG