საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს აკრიტიკებს ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯების გამო. ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ მმართველი ძალის პოზიციამ და განცხადებებმა საქართველოს იზოლაციის საფრთხე გააჩინა.
"ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა იყო ჩვენი ტრადიციული მოკავშირე ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართულია და ეხმარება უკრაინას და თავად უკრაინა, ცხადია. თვითონ შარლ მიშელი [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი], რომელიც გვევლინებოდა ჩვენ ინსტიტუციურ მხარდამჭერად, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს მხარეს დადგეს, რამეთუ მიუბრუნდებიან და ეტყვიან: "თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს", - თქვა ზურაბიშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად 2021 წლის 19 აპრილს მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმდა შეთანხმება და ხელმომწერებმა ვალდებულება იკისრეს, ერთი მხრივ, პარლამენტში შესვლაზე, მეორე მხრივ კი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გატარებაზე. ივლისში "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
ასევე ნახეთ ევროკავშირის ელჩი "მიშელის შეთანხმებაზე": სამწუხაროა, რომ ყველა ვალდებულება არ შესრულდაზურაბიშვილის თქმით, "ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა... ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს ერთგვარად ვიმუქრებით, სტატუსი თუ არ მოგვცეს, ფარდას ავხდითო. არ ვიცი როგორ ავხდით, ფარდა რომ ჩვენზე უკვე ახდილია, ეგ უნდა გვადარდებდეს, მგონი."
ასევე ნახეთ მდინარაძის თქმით, 10-ზე მეტ ევროპარლამენტარს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის შეურაცხყოფა უწოდა ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობას ეხება და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი როლის გამო საქართველოში დემოკრატიის გაუარესებაში, შესაძლო სანქციების შესახებ საუბრობს. ირაკლი ღარიბაშვილმა რეზოლუციის შეფასებისას ჟურნალისტებთან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თქვა, რომ "თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი".
პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა პრემიერ-მინისტრი მრავალჯერ გაცხადებული პოზიციის გამო, რომ საქართველო არასდროს შეუერთდება უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
"სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა, ასევე გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის და მოსახლეობის ნაწილისთვის მაინც. თან შევუერთდით და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებს და თან ვამბობთ, რომ არ ვართ. ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს, ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა თავიანთ მოსახლეობაზე. ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს, ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ვაფასებთ უარყოფითად, ვეუბნებით, რომ ეს უშედეგო იქნებაო. წარმოგვიდგენია ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს?! ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს".
ასევე ნახეთ საქართველო არ უერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - ირაკლი ღარიბაშვილისალომე ზურაბიშვილის თქმით, "ამ ყველაფერმა მოკლე პერიოდში, რამდენიმე თვეში მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს. ვინც ჩვენს დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე მეტად დავაზიანეთ და გავანაწყენეთ, მაგალითად, ჩვენი მეგობარი პოლონეთი. საფრთხე ჩნდება იზოლაციის. იზოლაციის, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილია და რაც ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი".
ასევე ნახეთ პრეზიდენტი 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს შეკრების გადადებისკენ მოუწოდებსასევე ნახეთ ზურაბიშვილი საზოგადოებას 16 ივნისს ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრებას სთავაზობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 3 მარტს, მას შემდეგ მოაწერა, რაც 28 თებერვალს, რუსეთის აგრესიის ფონზე, უკრაინამ გააკეთა ანალოგიური განაცხადი. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე მოთხოვნა 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.
ევროპარლამენტმა უკრაინის და მოლდოვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდამჭერი რეზოლუციები, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით, კრიტიკული რეზოლუცია მიიღო, რომელშიც მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების შესახებ არის საუბარი. რეზოლუცია ახსენებს "მთავარი არხის" დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასაც.
ევროკომისიამ მოსაზრება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის განაცხადზე 17 ივნისს უნდა მიაწოდოს ევროპის საბჭოს, რომელმაც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 23-24 ივნისს უნდა გამოაცხადოს.
ასევე ნახეთ ევროკომისიაში ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი, სავარაუდოდ, საქართველოს მიმართ აქვთ