Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარი განცდას, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს, კელის, ბრაიზას და კრამერის განცხადებებსაც უკავშირებს


სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი
სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.

"მსგავსი განცხადებები ჩვენ არაერთი მოგვისმენია ქართული ოპოზიციის მხრიდან, მოგვისმენია უკრაინელი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, პირველი პირების მხრიდან და მოგვისმენია არაერთი მოქმედი თუ ყოფილი დასავლელი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების მხრიდან.

სპეციალურად ამოვწერე რამდენიმე გვარი. მაგალითად, ასეთი იყო ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტოომას ილვესის განცხადება - ის პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. მსგავსი განცხადებები, მაგრამ მეტ-ნაკლები სიმკვეთრით, კარგად გასაგები გაკეთდა აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის, დევიდ კრამერის, მეთიუ ბრაიზას მიერ და არაერთი სხვა მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსის მიერ.

მესმის, რომ ისინი გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან, მაგრამ გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან. როდესაც “გორბის“ გამოკითხვაში გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა უნდა, შეიძლება სწორედ ამ ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდეს", - თქვა სოზარ სუბარმა.

მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხზე აშშ-ის ელჩმა მკაფიო და სწორი კომენტარი გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით.

"ქალბატონი კელი დეგნანის განცხადებას გავეცანი, მივესალმები, ძალიან კარგი განცხადება იყო. სხვათა შორის, ქალბატონი კელი დეგნანისგან არ არის ეს ამ ტიპის პირველი განცხადება. მან არაერთხელ მკაფიოდ გამოთქვა იგივე აზრი, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მშვიდობას საქართველოში და უსაფრთხოებას...

ასეთ ფონზე, როცა ხალხზე რუსული პროპაგანდაც ახდენს გავლენას, ამ ადამიანების განცხადებებიც ახდენს გავლენას, ქალბატონი კელი დეგნანის მკაფიო განცხადებები ძალიან მისასალმებელია", - აღნიშნა სუბარმა.

გუშინ, 13 ივნისს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თქვა:

"ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ საქართველოს კანდიდატობას ევროკავშირში, რადგან გვინდა ვიხილოთ ქვეყნის წარმატება მის ევროპულ მისწრაფებებში. როცა მესმის, რომ ამბობენ, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია ომის შესაჩერებლად", - განაცხადა ელჩმა ბათუმში, ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

გუშინვე ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით "გორბის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გახდა ცნობილი. რესპონდენტების მიმართ დასმულ შეკითხვებს შორის იყო შემდეგი კითხვაც: "თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?" გამოკითხულთა 83,6% -მა უპასუხა, რომ "არ უნდა" ჩაერთოს.
XS
SM
MD
LG