Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულხან-საბა, სარი და ღარიბაშვილი


გაისად 310 წელი შესრულდება სულხან-საბა ორბელიანის ევროპაში დიპლომატიური მოგზაურობის დაწყებიდან, მოგზაურობისა, რომელიც საქართველოს ევროპული ორიენტაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დადასტურებად მიიჩნევა.

სამი საუკუნის წინ სულხან-საბა ორბელიანმა მტრებისგან უკიდურესად დაუძლურებული საქართველოსთვის ევროპის პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება სცადა, რისთვისაც რამდენჯერმე შეხვდა რომის პაპ კლემენტე IX-სა და საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ს. მაშინ თავის პრობლემებში ჩაფლულმა ევროპამ საქართველოსათვის ვერ მოიცალა. საუკუნეების განმავლობაში ქართველი პატრიოტები სიმწრით იხსენებდნენ „ევროპაში დაბრუნების“ ამ გაშვებულ შანსს, წყევლა-კრულვას უთვლიდნენ ლუდოვიკო XIV-ს პოლიტიკური სიყრუისა და გულგრილობის გამო. მუხრან მაჭავარიანის ის ცნობილი ლექსიც ევროპისთვის ნათქვამი ერთგვარი საყვედურია, რომ შეეძლო საქართველოსთვის დახმარების გაწევა, მაგრამ არ გაუწია.

ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
- მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?! -
გულს ნუ გაიტეხ! მუხა კვლავაც შეიმოსება!

გული მრავალი თაობის ქართველმა, სულხან-საბას არაერთმა სულიერმა შთამომავალმა, არ გაიტეხა და დღეს, ევროპაში ყველაზე ცნობილი ქართული პოლიტიკური მისიიდან სამი საუკუნის თავზე, ისევ დადგა ჭეშმარიტების მომენტი - საქართველოს ისევ ეძლევა ევროპაში დაბრუნების შანსი, რომლის ხელიდან გაშვება ახალი პოლიტიკური სიყრუე და გულრილობა იქნებოდა.

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, გერონტი ქიქოძე ამბობდა, რომ საქართველომ თავისი შესაძლებლობების პიკს ევროპული სამყაროს წიაღში მიაღწია, ყველაზე დიდი დაცემა კი ევროპიდან მოწყვეტის შემდეგ განიცადა:

„ჯერ კიდევ XI-XII საუკუნეში ქართველმა ერმა ადამიანური კულტურის უაღრესად მაღალ დონეს მიაღწია: თავისი მისწრაფებით ჰუმანისტური იდეალებისადმი, თავისი სიყვარულით ფილოსოფიისა, მეცნიერებისა და ხელოვნებისადმი იგი, იმდროინდელი კულტუროსანი კაცობრიობის მოწინავე რიგებში ჩადგა, მაგრამ წინა აზიის კულტურის კატასტროფამ XIII-XIV საუკუნეში, ჯერ ჩინგისყაენის და შემდეგ თემურლენგის ურდოების შემოსევამ რამდენიმე საუკუნით შეწყვიტა ჩვენი ქვეყნის კულტურის ორგანული განვითარება, ხოლო შემდეგ ბიზანტიის დამხობამ და თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღებამ XV საუკუნეში გზა გადაგვიჭრა დასავლეთ ევროპისკენ, საითკენაც რენესანსის ეპოქაში ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრმა გადაინაცვლა... როცა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს საზღვრებს ძლიერი იმპერიალისტური ზრახვებით განმსჭვალული რუსეთი მოადგა, ილაჯგამოცლილ საქართველოს არც მატერიალური და არც მორალური ძალები არ გააჩნდა თავის დასაცავად, ის კლანჭებში ადვილად ჩასაგდებ ნადავლს წარმოადგენდა ორთავიანი არწივისთვის“.

საქართველოს დღევანდელი მთავრობა ცდილობს, ისე წარმოაჩინოს ვითარება, თითქოს აქვს ფუფუნება ხელიდან გაუშვას ევროპაში დაბრუნების თუ ინტეგრაციის უნიკალური შანსი. ამის საფრთხეს კი ქმნის ღარიბაშვილის მთავრობის უარი, გაითვალისწინოს ევროკავშირის რჩევები: გაათავისუფლოს მართლმსაჯულება პოლიტიკური წნეხისგან, შეწყვიტოს ოპონენტთა დევნა და ა.შ.

საქართველოს მთავრობა, ნაცვლად ამ აღებული ვალდებულებების შესრულებისა, ნაცვლად სიღრმისეული რეფორმების გატარებისა, ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ დასავლეთი მისგან მეორე ფრონტის გახსნასა და რუსეთთან ომში ჩაბმას მოითხოვს. ამგვარი განცხადებები კი ავტომატურად აყენებს საქართველოს რუსეთის გვერდით, რაზეც ირიბად მიანიშნა კიდეც საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, როცა განაცხადა:

„ზოგი ამბობს, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან საქართველოს ომში ჩასართავად, მეორე ფრონტის გასახსნელად. ეს არის 100% რუსული დეზინფორმაცია. აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ-მა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ამ ომის შესაჩერებლად. მის დაწყებამდე მუშაობდა პრევენციისთვის. ჩვენ საერთოდ არ გვინდა საქართველოს ჩართვა ამ ომში. რასაც ევროკავშირი და ნატო ემსახურება, არის მშვიდობა და კეთილდღეობა. ეს გვინდა საქართველოსთვის“.

დროში გამოცდილი აქსიომაა: საქართველოს, თავისი მასშტაბიდან და გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია იზოლირებულად არსებობა. მწერალმა ერლომ ახვლედიანმა ძალიან ზუსტად შეადარა საქართველო ვაზს - მცენარეს, რომელსაც საკუთრივ არ შეუძლია ფეხზე დგომა.

„მას გარე საყრდენი სჭირდება, ჭიგო, მაშინ ის მოგცემს ტკბილ ნაყოფს, ქარვისფერ მტევანს. ეს არ არის მისი სისუსტე, ეს მისი ბუნებაა, მას, რა თქმა უნდა, შეუძლია, უარი თქვას საყრდენზე, მაგრამ ეს ამპარტავნობა მას ძვირად დაუჯდება. მძიმე სანახავია მიწაზე გართხმული ვაზი თავისივე ნაყოფით. ვაზი ძლიერ ჰგავს საქართველოს“.

2000 წელს გამოქვეყნებულ წერილში („თუ“ და „ვაითუ“) ერლომ ახვლედიანი იმასაც ამბობს, რომ „ჭიგო-სარი“ სხვა არაფერია, თუ არა ორიენტაცია, რომლის არჩევისას უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ამოცანაა შევინარჩუნოთ ჩვენი სახეობა, ჯიში, შიდა ბუნება, რომელიც დგას სამ ბურჯზე - ენა, მამული, სარწმუნოება:

„ორიანტაცია უნდა ემსახუროს უცვლელთა შეუცვლელობას. ისევე, როგორც სარი, გარეთა საყრდენი არ ცვლის ვაზის ბუნებას“.

როგორ ემსახურებოდა „რუსული ჭიგო-სარი“ საქართველოსთვის უცვლელთა („ენა-მამული-სარწმუნეობის“) შეუცვლელობას, კარგად მოგვეხსენება ისტორიიდან: მოაშთეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა, აკრძალეს ქართულად სწავლა, გააუქმეს ეკლესიის ავტოკეფალია, მოსპეს ქართულად წირვის უფლება, დაანაწევრეს და მიიტაცეს მამული.

საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ევროპაში ინტეგრაციის გზიდან გადახვევა, ავტომატურად ნიშნავს რუსეთის ჭიგოზე შემოხვევას, რაც, ბუნებრივია, პირველ რიგში, საქართველოს ტრაგედია იქნება და არა - დასავლეთის.

„თავისუფალ მსოფლიოს არათუ ჩვენი დამოუკიდებლობა და ღირსება, საერთოდ ჩვენ არ დავაკლდებით თვალში. უჩვენოდაც მშვენივრად გაძლებს, როგორც აქამდე გაუძლია. მაგრამ ოკეანის ფსკერის შლამში ჩამარხული მარგალიტი რომ არ არსებობდეს, არც ყელზე შებმულ მარგალიტს დაედებოდა ფასი. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდა, ყველაფერი ერთმანეთზე რომ არის გადაბმული და არაფერი არ იკარგება ბუნებაში უკვალოდ, მით უფრო ხალხი, რომელიც ისე გაუმწარებია გეოგრაფიულსა და ისტორიულ უკუღმართობებს, ლამის მართლა ირწმუნოს, მარადიული ტყვეობისთვის რომ გაუმწესებია განგებას...“, - წერდა ოთარ ჭილაძე 1993 წლით დათარიღებულ უსათაურო წერილში.

საქართველო, დიდ მწერალს რომ დავესესხოთ, მართლაც ჰგავს „ფსკერის შლამში ჩამარხულ მარგალიტს“, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 30 წლის შემდეგ ეს მარგალიტი თავისუფალმა სამყარომაც შეამჩნია და ფსკერზე დასაკარგადაც აღარ ემეტება. სწორედ ამის იმედი ჰქონდა ოთარ ჭილაძეს, როცა, სოხუმის დაცემის მიუხედავად, ამბობდა:

„გულის ფრიალით ველოდებით ყოველ გათენებას. ჩვენი ადგილი და დანიშნულება ჯერ კიდევ დასადგენია, რაც არამარტო საინტერესოს ხდის ჩვენს ცხოვრებას, არამედ იმედითაც გვავსებს - ასედაც შეიძლება მოხდეს და ისედაც... რაც მთავარია, უკვე ვიწამეთ, სიპატარავითა და სისუსტითაც რომ შეიძლება რაღაცის მიღწევა, უფრო სწორად, უკვე მივაღწიეთ რაღაცას. მაგალითად, ჩვენი დიდი და ძლიერი მტერი ვაიძულეთ მოეხსნა ნიღაბი და ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტი სახით წარმდგარიყო კაცობრიობის წინაშე. დასაწყისისათვის არც ესაა ცოტა. ხვალ მეტს მივაღწევთ. მთავარია, გვჯეროდეს მომავლისა“.

საქართველოს ევროპული, თავისუფალი მომავლისა დღეს კიდევ უფრო ბევრს სჯერა, თუმცა, როგორც ჩანს, ვითარებას ართულებს საქართველოს მთავრობის ქცევა და არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ჯერ კიდევ 30 წლის წინ აიძულა საქართველომ „ნიღბის მოხსნა და ჭეშმარიტი სახის ჩვენება“, მიუხედავად იმისა, რომ რაშიზმი დღეს მთელ თავისუფალ სამყაროს უპირისპირდება, საქართველოს მთავრობა, სავარაუდოდ, მაინც რუსული ჭიგოსკენ იხრება. მაგრამ, იმავე ერლომ ახვლედიანს რომ დავესესხოთ, მთავრობა კი არა, საქართველოა ვაზი, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დროული გასხვლა-გაფურჩქვნა, ზედმეტი, უვარგისი ლერწმებისა და ფოთლების მოშორება. მთავარია, ისე არ მოხდეს, როგორც არაერთხელ მომხდარა საქართველოში და, რაც ასე ლაკონიურად ჩამოუყალიბებია თვითონ სულხან-საბას თავის დღიურში: „ქართველნი შუა გაყოფილან...“

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG