Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის შეფასებით, მძიმე იქნება, თუკი პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია ჩავარდება


„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

16 ივნისს თბილისში, ევროპის მოედნიდან რიყემდე შეკრების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „პალიტრანიუსის“ ეთერში შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მისი აზრით, ძალიან მძიმე იქნება, თუკი პრეზიდენტის მიერ დაანონსებული აქცია ჩავარდება.

„ცოტა მოუმზადებელია ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, ზოგადად, აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ბევრ ნიუანსთან. ეს აქცია რომ ჩავარდეს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე... მათ შორის [იგულისხმება] ცოტა ხალხი რომ მივიდეს ან ცუდად რომ იყოს ორგანიზებული და ა.შ. ანუ არასწორი სურათი რომ შეიქმნას აქციაზე, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და ამის მიხედვით მივიღებთ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას. მე ერთპიროვნულად, რა თქმა უნდა, გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. არა მხოლოდ ერთპიროვნულობაზეა საუბარი, ანალიზი გვჭირდება ყველაფრის. აქცია როდესაც იგეგმება ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, ის უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც, ბუნებრივია, იქნება სათანადოდ გააზრებული“, - თქვა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე შეაფასა პრეზიდენტის პრეზიდენტის ბრიფინგის დანარჩენი ნაწილი.

„ბრიფინგს რაც შეეხება, სამწუხაროდ, იყო ძალიან სუსტი ანალიზი წარმოდგენილი. ეს სისუსტე ანალიზის შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მათ შორის კულისებში წარიმართება, მათ შორის შარშან, 19 აპრილის შეთანხმების გარშემო და მის შემდეგ; უკრაინაში ომის გარშემო; თუმცა ის სამწუხაროდ, ამ ინფორმაციას არ იღებდა. შეხვედრები გვქონდა, თუმცა მას არ ჰქონდა ის რეაქცია, რაც უნდა ჰქონოდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა ბევრი საჯარო ფაქტი მხედველობაში არ მიიღო. „ბევრი რამ არ იცის, რაც ხდება პოლიტიკაში“, - შენიშნა დეპუტატმა.

ირაკლი კობახიძემ დაამატა, რომ „სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის [ევროპარლამენტში] მიღების მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა. ეს იმდენად ღიმილის მომგვრელია...“ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „აქ [ევროპარლამენტში] მოქმედებდა გარკვეული ლობი. დეტალებში არ შევალ. ამაზე ლაპარაკი არ ივარგებს“.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხზე ბრიუსელში გადაწყვეტილების მიღებამდე მასშტაბური შეკრება შესთავაზა.

„ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება - რიგითი მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი ან პოლიტიკური პარტიის წევრები, ან ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ყველა მოვა, როგორც რიგითი მოქალაქე", - თქვა ზურაბიშვილმა.

3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით წარდგენის გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც 28 თებერვალს, მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინამ გააკეთა მოთხოვნა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს წარადგინა მოლდოვამაც.

9 ივნისს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

რეზოლუციაში შევიდა ასევე ევროპარლამენტის ჯგუფების - „ევროპის სახალხო პარტიის (EPP), „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ (ECR) - შესწორება, რომელიც მოიცავს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას.

ამ სამი ჯგუფის მიერ წარდგენილ შესწორებაში წერია, რომ ევროპარლამენტი „გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციულ როლზე, რომელსაც ერთპიროვნული ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, შეშფოთებას მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე გავლენის დონის გამო, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნასთან დაკავშირებით".

XS
SM
MD
LG