Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიაში ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი, სავარაუდოდ, საქართველოს მიმართ აქვთ


ევროკომისიის შტაბ-ბინა ბრიუსელში
ევროკომისიის შტაბ-ბინა ბრიუსელში

ევროკომისიის რეკომენდაცია იქნება, რომ უკრაინას მისცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამას გამოცემა Politico წერს. მისი წყაროები არიან ევროკომისრების მიერ ბრიუსელში, 13 ივნისს გამართული დებატების შესახებ ინფორმირებული ჩინოვნიკები.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ევროკომისიაში დებატების დაწყებას წინ უძღოდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტი კიევში, სადაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ და სხვა ოფიციალურმა პირებმა ითხოვეს უკრაინისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება, რასაც, მათი განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნისთვის მორალური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ექნება. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ 2013-2014 წლებში, მაიდანის რევოლუციის დროს, უკრაინელებმა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სისხლი დაღვარეს.

Politico-ს წყაროთა თანახმად, ევროკომისიაში კარგად ესმით უკრაინელების მიერ გაღებული მსხვერპლი და ისიც, რომ რუსეთის პრეზიდენტს უნდა გაეგზავნოს ძლიერი სიგნალი იმის თაობაზე, რომ დაკარგა საკუთარი გავლენის სფეროში უკრაინის დაბრუნების ნებისმიერი შანსი.

ევროკომისია რეკომენდაციებს ამ კვირის ბოლოსთვის შეიმუშავებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი, მომავალ კვირაში მიიღებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები. როგორც Politico წერს, სულ მცირე სამი ქვეყანა ისევ ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ბოლო ხანს, არაერთმა ლიდერმა, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ უფრო სასარგებლო იქნებოდა უკრაინისთვის დროებითი სტატუსის მინიჭება. ამჟამად სწორედ საფრანგეთის პრეზიდენტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭოს თავმჯდომარე.

რაც შეეხება საქართველოს და მოლდოვას, Politico-ს წყაროთა თანახმად, ევროკომისია, საერთო ჯამში, მხარს უჭერს სტატუსის მინიჭებას მოლდოვისთვის, რომელსაც მტკიცედ პროევროპული მთავრობა ჰყავს და ნაკლებად დარწმუნებულია საქართველოზე, რომელიც ბოლო წლებში განიცდის პოლიტიკურ რყევებს და დემოკრატიიდან შესამჩნევ უკან დახევას.

13 ივნისს, ევროკომისიაში პირველი დებატების დასრულების შემდეგ, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში, რიკარდ იოზვიაკი იუწყებოდა, რომ, როგორც ჩანს, უკრაინა და მოლდოვა სტატუსს მიიღებენ გარკვეული პირობებით, საქართველოს მიმართ კი, ჯერ კიდევ არსებობს კითხვის ნიშნები.

ევროკომისია რეკომენდაციების მომზადებას 17 ივნისისთვის დაასრულებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო მიიღებს ბრიუსელში, 23-24 ივნისს დანიშნულ სამიტზე. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

"ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" და "მის სატელიტებს" ადანაშაულებს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. თავის მხრივ, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. ურთიერთბრალდებები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუცია საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ, რომელიც შეიცავს მოწოდებასაც ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ.

უკრაინაში ომის დაწყებამდე, "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს აპირებდა.

XS
SM
MD
LG