სამხრეთ ოსეთის ცესკოს მონაცემებით, პროტოკოლების 95 პროცენტის დამუშავების შემდეგ პირველი ადგილი ალან გაგლოევმა დაიკავა, შედეგით 36,9 %. მეორეზე გავიდა ანატოლი ბიბილოვი - 33,5%, მეორე ტურში ეს ორი გადავა. ამომრჩეველთა სიაში 39 021 ადამიანი იყო შესული, მათგან არჩევნებზე მივიდა 74,26%.
დამკვირვებლების თქმით, არჩევნები ცესკოსა და მოქმედი ხელისუფლებისადმი სრული უნდობლობის ფონზე გაიმართა. ვერავითარ ნდობაზე ლაპარაკიც ვერ იქნებოდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ასახული იყო, თუ რა მანიპულაციებს ატარებდნენ ბიბილოვის საარჩევნო შტაბისა და ცესკოს წევრები.
ამიტომ არჩევნების დღეს ოპოზიციური პარტიის მომხრეები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და მანამ არ დაიშალნენ, სანამ ცესკომ დოკუმენტები არ დაამუშავა. აქვე ოპოზიციური პარტიების ოთხმა კანდიდატმა თავიანთ მომხრეებს მოუწოდა, მომავალ ტურში ხმა ალან გაგლოევს მისცენ.
„თუ არითმეტიკულად გამოვითვლით, ალან გაგლოევის გამარჯვება გადაწყვეტილი ამბავია. მაგრამ მაინც მგონია, რომ ასე სწორხაზოვნადაც არაა საქმე. ვფიქრობ, მეორე ტურის შედეგები დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებს ოპოზიცია თავისი ელექტორატის მობილიზებას. შესაძლოა, იფიქრონ, რომ უკვე გაიმარჯვეს, მხოლოდ ფორმალობა დარჩა და მოდუნდნენ. ასეთმა რაღაცებმა შესაძლოა ბოროტი ხუმრობის როლი შეასრულოს ოპოზიციისთვის. ასე რომ, ჯერ არაფერი დასრულებულა“, - ამბობს პოლიტოლოგი ვიაჩესლავ გობოზოვი.
ამის თაობაზე თავის მიმართვაში ისაუბრა პრეზიდენტმა ბიბილოვმაც.
„ძვირფასო ამომრჩევლებო, ბრძოლა არ დასრულებულა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვჭირდება მობილიზება, ბოლომდე ბრძოლა. ჩვენ ერთად ვართ, ჩვენ წინ მივდივართ, გამარჯვებისკენ“...
გობოზოვი ფიქრობს, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას პრეზიდენტი არ თვალთმაქცობდა. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ის საბრძოლველადაა განწყობილი, თუმცა ხელს არ უწყობს სტატისტიკა - ოთხი პრეზიდენტიდან მეორე ჯერზე მხოლოდ ერთი, ედუარდ კოკოითი აირჩიეს, მაგრამ მაშინ მან პირველივე ტურში გაიმარჯვა.
„ადმინისტრაციული რესურსის დიდი ნაწილი, რამაც პირველ ტურში დიდწილად განსაზღვრა მისი შედეგი, მეორე ტურში ვეღარ იმუშავებს. ჩინოვნიკი პრეზიდენტს მანამდე უჭერს მხარს, სანამ მის გამარჯვებაში არ დაეჭვდება. პრეზიდენტმა ისიც ვერ მოახერხა, რომ მეორე ტურში პირველი შედეგით გასულიყო, რაზეც ყველა ლაპარაკობდა და რისთვისაც ძალიან დიდი ძალისხმევა გასწიეს. არჩევნების შედეგებმა ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ჩინოვნიკებზე. არ გამოვრიცხავ, რომ ბევრმა მათგანმა უკვე დაიწყო ოპოზიციურ კანდიდატებთან ურთიერთობის დალაგება“.
ასევე ნახეთ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გაგლოევის გარშემო სხვა ოპოზიციური კანდიდატები ერთიანდებიან
სამხრეთ ოსეთის ექსპერტები ვერ შეთანხმებულან, თუ რა იქნება უმჯობესი თავად ბიბილოვისთვის, თუკი იმ საპროტესტო მუხტს გავითვალისწინებთ, რომელიც მოსახლეობაშია. მაგალითად, ბიბილოვი მეორე ტურში რომ არ გასულიყო, ახლა ოპოზიცია ურთიერთობის ერთმანეთში გარკვევით იქნებოდა დაკავებული. მას კი, როგორც ადმინისტრაციული რესურსების პატრონს, შეეძლო მათთვის რამე შეეთავაზებინა. რა თქმა უნდა, ღია თანამშრომლობა არ გამოვიდოდა, მაგრამ არჩევნების დღეს დახმარება, გარკვეული გარანტიების სანაცვლოდ, შესაძლოა ორივე მხარისთვის ხელსაყრელი ყოფილიყო. რატომაც არა?
ახლა კი პირიქით, ოპოზიცია ერთადაა და პრეზიდენტთან მას არაფერი აქვს სალაპარაკო.
კიდევ ერთი კითხვა, რაზე წავა პრეზიდენტი, თუ მას კუთხეში მიიმწყვდევენ? ბევრს ეს არჩევნები 2011 წლის არჩევნებს ახსენებს, როცა ერთი მხრივ იყო ხელისუფლება, რომელმაც კანონსა და მოსახლეობის არჩევანს გადააბიჯა, მეორე მხრივ კი - ორი ათეული ოპოზიციონერი კანდიდატი.
„მე ვხედავ, საზოგადოების განწყობა ისეთივეა, როგორიც 2011 წელს იყო. მაგრამ ხელისუფლებას ახლა აღარ აქვს ისეთივე რესურსი, როგორიც მაშინ ჰქონდა, რესურსი იმისა, რომ ხალხის არჩევანს გადააბიჯოს და შემდეგ სიტუაციაც „ჩააწყნაროს“. თუმცა, მეორე ტურამდე ჯერ ორი კვირაა, ვინ იცის, ამ დროში რას მოიფიქრებენ. მოდუნება არ შეიძლება“, - ამბობს როლანდ ქელეხსაევი, პრეზიდენტობის კანდიდატის დმიტრი ტასოევის ნდობით აღჭურვილი პირი.
ასევე ნახეთ დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი არჩევნებს ვერ იგებს პირველივე ტურშიპრეზიდენტმა კი გადაწყვიტა, გაურკვევლობა შემოიტანოს: „როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, მე მიხარია, რომ მეორე ტურში ალან გაგლოევთან ერთად გავდივარ, რადგან მეორე ტურში ორი იდეოლოგია გადის. თქვენ გესმით, რა იდეოლოგიაზეა საუბარი. ახლა უკვე ხალხმა უნდა აირჩიოს“, - განაცხადა მან თავისი ტელეგრამარხის მეშვეობით.
საზოგადოებამ ეს სიტყვები მიიღო, როგორც საფუძველი ახალი ინტრიგისა, რომელსაც მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანიაში გამოიყენებენ. თუმცა, კონკრეტულად რა იგულისხმა ბიბილოვმა, ეს მაინც ვერავინ გაიგო, მათ შორის ვერც გაგლოევმა, მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა კიდეც.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.