Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან ე.წ. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ცნობები ვრცელდება


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რეგიონის გარდა, საარჩევნო უბნები გახსნილია, ჩრდილოეთ ოსეთში - ვლადიკავკაზში, ოკუპირებულ აფხაზეთში და მოსკოვში.

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ოპოზიციის მიერ ვლადიკავკაზიდან გავრცელდა. მათი თქმით, იქ არის ყველაზე პრობლემური 2 უბანი, სადაც ამომრჩევლები ავტობუსებით მიჰყავთ. ისინი ხმას მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს აძლევენ და ამის დამადასტურებელი ბიულეტენის ფოტომასალა საარჩევნო უბნებიდან გამოაქვთ.

დარღვევების შესახებ იუწყება სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ შექმნილი გვერდი „ალანია-არჩევნები“. ეს გვერდი ამავე დროს აქვეყნებს ეგზიტპოლის 12 საათისთვის დაფიქსირებულ შედეგებსაც, რომლის მიხედვითაც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მარცხდება. პროცენტები ასე ნაწილდება: ანატოლი ბიბილოვი 25%, ალან გაგლოევი 58%, გარი მულდაროვი 5%, ალექსანდრ პლიევი 8%, დიმიტრი ტასოევი 4%. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიბილოვს არჩევნების ფალსიფიკაციის საშუალებას არ მისცემენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები დაგმო ამერიკის საელჩომ საქართველოში, ასევე - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ლატვიამ და ლიეტუვამ.

XS
SM
MD
LG