Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ბიბილოვის მარცხი დე ფაქტო საარჩევნო კომისიამაც დაადასტურა


ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდება ოკუპირებულ ცხინვალში. 2022 წლის აპრილი.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოწოდება ოკუპირებულ ცხინვალში. 2022 წლის აპრილი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლიდერობს პარტია „ნიხას“-ის თავმჯდომარე ალან გაგლოევი.

ცხინვალის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დღეს, 11 აპრილს, გამოქვეყნებული მონაცემებით, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, გაგლოევს 36.9% აქვს, ხოლო ოკუპირებული რეგიონის მოქმედ, ე.წ. პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს - 33.5%.

გაგლოევმა ჯერ კიდევ გასულ ღამით განაცხადა, რომ პირველი ტურის გამარჯვებულია. ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ 3 კანდიდატი მონაწილეობდა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 10 აპრილს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს. წინასწარი ინფორმაციით, გაგლოევის და ბიბილოვის მონაწილეობით, მეორე ტური 24 აპრილს გაიმართება.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ემილია გაგიევას ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს საარჩევნო სიებში იყო 39 021 ამომრჩეველი. მათგან ხმა მისცა 28 976-მა, ანუ 74.26%-მა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს ევროკავშირმა, ნატომ, აშშ-მა და საქართველოს სხვა პარტნიორმა სახელმწიფოებმა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ცნობენ მხოლოდ ქვეყნები, რომლებსაც საქართველოს ეს ტერიტორია "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აქვთ აღიარებული. ეს ქვეყნებია: რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და ნაურუ.

XS
SM
MD
LG