Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერი გამარჯვებას აღნიშნავს


ალან გაგლოევი (მარცხნივ) მხარდამჭერების აქციაზე ცხინვალში. 11 აპრილი, 2022 წ.
ალან გაგლოევი (მარცხნივ) მხარდამჭერების აქციაზე ცხინვალში. 11 აპრილი, 2022 წ.

ამ წუთებში ოკუპირებული ცხინვალის მთავარ მოედანზე ე.წ საპრეზიდენტო ოპოზიციონერი კანდიდატები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილი. მოქმედი ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის მთავარმა კონკურენტმა, პარტია „ნიხასის“ ხელმძღვანელმა ალან გაგლოევმა თავი პირველი ტურის გამარჯვებულად გამოაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო უბნების 80 პროცენტი დათვლილია და თვითონ ლიდერობს. ცხინვალის მოედანზე მასთან მივიდნენ სხვა ოპოზიციური კანდიდატები და მას წარმატება მიულოცეს. ალექსანდრ პლიევი, გარი მულდაროვი და დიმიტრი ტასოევი მას მეორე ტურში მხარდაჭერას შეჰპირდნენ. მათ განაცხადეს, რომ საარჩევნო შტაბებში მიღებული ოქმები ყველასთან ერთნაირია და ყველგან გაგლოევის წარმატება ფიქსირდება. რადიო თავისუფლებამ ოლქების მიხედვით არსებული წინასწარი შედეგები მოიპოვა.

ჯავის რაიონი ⠀

  • გაგლოევი - 1032;⠀
  • ბიბილოვი - 947.⠀


ცხინვალის რაიონი

  • გაგლოევი - 801;
  • ბიბილოვი - 1278.


ზნაურის რაიონი

  • გაგლოევი - 879;⠀
  • ბიბილოვი - 739.⠀


ახალგორის რაიონი

  • გაგლოევი - 854;⠀
  • ბიბილოვი - 462.


მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წინ მეორე ტურია. მანამდე ოპოზიცია ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბა და აცხადებდა, რომ ხმებს დაიცავდა. ბიბილოვმა აღიარა, რომ პირველ ტურში წარუმატებელია.

ვინ არის ალან გაგლოევი


ალან გაგლოევი - 1981 წელს არის დაბადებული. პროფესიით ფინანსისტია, მაგრამ ძირითადად დე ფაქტო რესპუბლიკის „კაგებეში“ მუშაობდა და მოგვიანებით ამ მიმართულებით რუსეთში გაიღრმავა ცოდნა. ამჟამად პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარეა. მან თავი გამოიჩინა ცხინვალის იზოლატორში მოკლული ინალ ჯაბიევის ოჯახის თანადგომით. მოგვიანებით ჯაბიევის ცოლმა, ოქსანა სოტიევამ, შექმნა ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმა“ , რომელიც გაგლოევის მხარდამჭერი გახდა. ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევს კრემლის მხარდაჭერა არ ჰქონდა. ცხინვალის მოედანზე შეკრებილებთან საუბრისას გაგლოევმა აღნიშნა, რომ რუსეთის საინფორმაციო არხები ბიბილოვის გამარჯვებაზე საუბრობენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები დაგმო ამერიკის საელჩომ საქართველოში, ასევე - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ლატვიამ და ლიეტუვამ.

XS
SM
MD
LG