Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 10 აპრილს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცდებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს:

"მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და ქართველების მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციას. საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო ძალის მიერ ადგილზე განხორციელებული ეფექტური კონტროლის პირობებში ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება. ამასთან, არანაირი სამართლებრივი შედეგის მომცემი არ იქნება ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაანონსებული ე.წ. რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების შესახებ, რომელიც ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს წარმოადგენს“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართულ უკანონო ნაბიჯზე.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 76 საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.

დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ამ პოსტს 2017 წლის აპრილიდან იკავებს. მის მთავარ კონკურენტად პარტია „ნიხასის" წევრს, ალან გაგლოევს, განიხილავენ.

დე ფაქტო ცესკომ არჩევნებისთვის 30 ათასი ბიულეტენი დაბეჭდა. შედარებისთვის, მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში 110 ათასი ამომრჩეველია.

XS
SM
MD
LG