ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რასაც ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები" და ვერც უკანონო „რეფერენდუმი".
"შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ამას ვერ შეცვლის ვერც „არჩევნები" და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი", რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს. შესაბამისად, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს“.
აშშ მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ომი უკრაინაში და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება - მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა.
10 აპრილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. 76 საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა.
დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათ შორის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ამ პოსტს 2017 წლის აპრილიდან იკავებს. მის მთავარ კონკურენტად პარტია „ნიხასის" წევრს ალან გაგლოევს განიხილავენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.