Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო პრეზიდენტი ბიბილოვი არჩევნებს ვერ იგებს პირველივე ტურში


ანატოლი ბიბილოვი საარჩევნო ყუთთან. 10 აპრილი, 2022 წ.
ანატოლი ბიბილოვი საარჩევნო ყუთთან. 10 აპრილი, 2022 წ.

თბილისი დროით 21 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. რადიო თავისუფლებას წყაროები სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან წინასწარ შედეგებს აწვდიან. გარდა ამისა, სოციალური ქსელებითაც ვრცელდება ინფორმაცია. ოკუპირებული რეგიონის პატარა სოფლებში ხმები უკვე დაითვალეს. ზოგადი სურათის მიხედვით, მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის და ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ბიბილოვის, ხმები ოპოზიციონერი კანდიდატების ხმებს ვერ აჭარბებს, ზოგან კი იგი საერთოდ აგებს. მაგალითად:

სოფელი ზაყორი

  • ბიბილოვი -31 ხმა;
  • გაგლოევი - 23 ხმა;
  • მულდაროვი - 5 ხმა;
  • პლიევი - 8 ხმა;
  • ტასოევი - 2 ხმა.

სოფელი ოტრევი

  • ბიბილოვი - 13 ხმა;
  • გაგლოევი - 17 ხმა;
  • მულდაროვი - 6 ხმა;
  • პლიევი - 7 ხმა;
  • ტასოევი - 2 ხმა.

სოფელი ჯერი

  • ბიბილოვი - 28 ხმა;
  • გაგლოევი - 27 ხმა;
  • მულდაროვი - 7 ხმა;
  • პლიევი - 15 ხმა;
  • ტასოევი - 2 ხმა.

სოფელი ტერეგუნი

  • ბიბილოვი - 75 ხმა;
  • გაგლოევი - 152 ხმა;
  • მულდაროვი - 12 ხმა;
  • პლიევი - 20 ხმა;
  • ტასოევი - 7 ხმა.

ოკუპირებულ ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნებს თბილისიდან აკვირდება კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი. ის მუდმივ კონტაქტზეა ცხინვალელ სამოქალაქო აქტივისტებთან. მისი აზრით, ბიბილოვმა წარმატებას პატარა სოფლებშიც კი ვერ მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხინვალს წააგებს. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკაში, წინასწარი შედეგების მიხედვით, გარანტირებულად მეორე ტურია, რადგან ხმების 50 პროცენტზე მეტს ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს.

ოპოზიციური გამოცემების ცნობით, ცხინვალში, ცენტრალურ მოედანზე, უკვე იკრიბებიან ოპოზიციის მომხრეები, რომლებიც ხმების დასაცავად გამოდიან. ხდება ძალოვნების მობილიზება. ოპოზიცია ბიბილოვს მოუწოდებს, ხალხის წინააღმდეგ ძალა არ გამოიყენოს და აღიაროს არჩევნების შედეგები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებული არჩევნები. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის ფედერაციის მორიგ უკანონო აქტს, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს. ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე ე.წ. არჩევნები დაგმო ამერიკის საელჩომ საქართველოში, ასევე - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ლატვიამ და ლიეტუვამ.

XS
SM
MD
LG